როს მშრომელ გლეხთა ვაებით,
საბრალოდ აცრემლებული
ზეცას შეჰკვნესდი მგოსანო,
ერისთვის თავდადებული
როს ერის კეთილდღეობით,
საამოდ აღტაცებული
სიმთ აჟღერებდი ტკბილ-ხმაზედ,
ვით ზეცით მოვლინებული
როს დაჰგალობდი სამშობლოს,
ის იყო შენი ტრფიალი
მისთვის გაჰქონდა შენს ჩანგსა,
გულის წარმტაცი წკრიალი..
მაშინ, მგოსანო, ქართველი -
თურმე ციურ ძეგლს გიგებდა
და წარსულ შრომას, ვაებას,
აწმყოთი აგვირგვინებდა
შენმა სიტყვებმა ჩვენს გულში,
უკვე გაიდგა ფესვია
მოიმკე, წმინდა მხცოვანო,
რაც სიყრმით დაგითესია
ნამგლად იხმარე ერისგან,
გრძნობით ჰაერში ძახილი:
,,ვაშა, რაფიელ, გამრავლდეს,
მამულში შენებრი შვილი“
1895წ. სოსელო