თემურ წიკლაური
თეიმურაზ (თემურ) წიკლაური (დ. 22 იანვარი, 1946, კოჯორი — გ. 1 თებერვალი, 2021, გორი) — ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ივერიას წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1980), საქართველოს სახალხო არტისტი (1990) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).
ციტატები
რედაქტირება- „ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაქვს „ივერიაზე“. „ფიროსმანი“ დავდგით. ჯემალმა, შენ იცი, ფიროსმანი შენ ხარო... გადავწყვიტე, 21 დღე არ მეჭამა, რომ მივახლოვებოდი ნიკალას სულის მდგომარეობას, როცა ის შიმშილობდა, როცა ის არავის უნდოდა, მასზე საშინელებას წერდნენ გაზეთში... ავიღე წიგნები ნიკალაზე, ლოცვები და დავიწყე შიმშილი. მივდიოდი კოჯორში ჩემს წყაროზე, იქიდან მომქონდა წყალი დასალევად. ეს სიჩუმე და მარტოობა შეუდარებელია ჩემს ცხოვრებაში. მერე, როცა 21 დღის მერე პირველად გავედი, ჯემალმა: აი, ფიროსმანი მოვიდაო.“
- „ოჯახიდან დღეში მანეთს მაძლევდნენ. კვირაში 7 მანეთი მეკუთვნოდა, მეტი არა. თავი უნდა გამეტანა როგორმე. კიდევ ვიმეორებ, მადლობა უფალს, რომ მიცავდა ყოველთვის. მეგობარმა მომაკითხა - არნოლდ ნანობაშვილმა: პლეხანოვზე დიდი უნივერმაღი იყო. იქ ანსამბლი ჰყავთ და მოდი, ვიმღეროთო. ხელფასს მოგვცემენ 66 მანეთსო. მივედით დირექტორთან, ასლან ხარბედიასთან. ფოთში რომ პირველი ფეხბურთელები იყვნენ, იმ პერიოდის ფეხბურთელი იყო. რომ გვნახა უწვერულვაშო ბავშვები, გაგვაფორმა. მე გალანტერეის საწყობში ვიყავი მუშად. ხელფასიც მომცა... ამას სტიპენდიაც ემატებოდა და 100 მანეთი კი გამომდიოდა. ეს ჩემთვის დიდი ფული იყო. უკვე გამიჩნდა შესაძლებლობა, საჩუქრებიც კი მეყიდა გოგონებისთვის. ყოველ დილით მივდიოდით საწყობში, ვეხმარებოდი საწყობის გამგეს, ცხრის ნახევარზე ინსტიტუტში გავრბოდით.“