ისე ცოტა მიწა გვაქვს,
საყვავილედ არ გვყოფნის
ისე ცოტა ზეცა გვაქვს,
საფრენადაც არ გვყოფნის
ისე ცოტა ვაზი გვაქვს,
დასაწურად არ გვყოფნის
ისე ცოტა წყალი გვაქვს,
დასალევად არ გვყოფნის
არა! ჩვენო მიწაო,
დედასავით მართალო
არა! ჩვენო ზეცაო,
რწმენასავით მაღალო
არა! ჩვენო ვენახო,
გლეხის ხელით ნაკურთხო
არა! ჩვენო მთისწყაროვ,
გმირთა ცრემლით დაწნულო
განა მართლა ცოტა გვაქვს,
ან მიწა და ან ზეცა!
ჩვენს მისახედ-მოსახედს
თვალითაც ვერ დაკეცავ
უცბად რომ გაგვივაკდეს
ყველა მთა და მაღლობი
ზღვარი რომ წაეშალოს,
დაყოფილს და დაღობილს
ერთპირად რომ გვაქცია,
არის ერთა სურვილი
ვერ მოგვდრეკდა სატანა,
ვერ მოგვკლავდა სიკვდილი
ცოტა ნიჭიც რომ მოგვცა
ერთმანეთის გატანის
დასკდებოდა გულები,
ორგულის და სატანის
ჩვენო მიწათ-მიწაო,
უწმინდესო, მართალო
ჩვენო ზეცათ-ზეცაო,
ბროლის ხელით ნათალო
ჩვენო ვაზის ვენახო,
ხელით გამონაწურო
ჩვენო მიწის ცხრაწყაროვ,
მთების ფერდით ნაცურო
თუ რამ წყენა მიგვიძღვის,
დაგვიბრუნე ალერსად
ცოტა ლაქა მზესაც აქვს
და ჩრდილი მთვარესაც
ინტერნაციონალი გვაქვს
სამშობლო და ენა
კათედრად გვაქვს - ღირსება,
დიდ დარბაზად - რწმენა
თუმც არასდროს ვყოფილვართ,
ჩვენი თავის პატრონი
სხვათა რჯულს და სამართალს,
არასოდეს ვნატრობდით
თუმც გვიშრობდენ ცხრაწყაროს,
რომ გვეხნა, გვეთესა
მაგრამ მოწყურებული
არ ვყოფილვართ ერთ დღესაც
გვიძირკვავდნენ ვენახებს,
გლეხის გულის თანასწორს
მაგრამ ღვინონაკლული,
არ ვყოფილვართ არასდროს
ტყეს გვიჩეხდნენ უსიერს,
ოდით ჟამით- ჟამამდი
მაინც გვქონდა ფილტვები
დატენილი ჟანგბადით
რადგან გული კაცისა,
ას კაცს გულად ეყოფა
მიტომ სურდათ მოსრესა,
მიტომ სურდათ ხელყოფა
რადგან მზე გვაქს იმდენი,
არ გვეტევა სახლებში
ჩაღვრილი გვაქვს ქვევრებში,
გამჯდარი გვაქვს ძარღვებში
ჩვენო მიწათ-მიწაო,
ერთიანო, მართალო
ჩვენო ზეცათ-ზეცაო,
წინაპრებით გამთბარო
ჩვენო ვაზის ვენახო,
დროის გზებზე ნატარო
ჩვენო მიწის ცხრაწყაროვ
მდინარეთა მთა-ბარო
თუ გვიბრძანებს სამშობლო,
მომავალი დარეკავს
დაუმხობელს დავამხობთ,
წაულეკავს წავლეკავთ
თუ დაგვჭირდა, ძაფივით
ნემსის ყუნწში გავძვრებით
ფეხს აიდგამს ოჯახნი,
სულს ჩაიდგამს გლეხები
რადგან შენის დედობით
სავსენი ვართ ყველანი
ერთა - მრავალშვილობას,
შევმატოდეთ ყველანი