კაცია-ადამიანი?! — ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძეზე და მის ოჯახზე.

წიგნის ყდა (განსხვავებული სათაურით)

ციტატები

რედაქტირება
  • „შიგ თითონ ეზო ისე უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული. დიდი საქმე იყო, პატრონამდინ ისე მიგეღწიათ, რომ ან არ გასვრილიყავით, ან კიდევ ერთი ამბრის სურნელება თან არ აგეყოლიათ“
  • „როცა ლუარსაბი იმ ზემოთ აღწერილ განცხრომაში ბრძანდებოდა, სიკვდილი იყო, რომ ვისმეს მოეშალა ამისი ქეიფი და ნებიერობა, ესე იგი ტახტზედ დარბაისლურად და პატიოსნად გადაგორ-გადმოგორება. სტუმარი ეჯავრებაო, ამაზე ამბობდა უგუნური ხალხი, მაგრამ განა სიძუნწით მოსდიოდა ეს ამბავი? აბა თქვენგან არ მიკვირს! სიძუნწე და ქართველი ორივე ერთად მოთავსდება? ყინული და ცეცხლი ერთი-ერთმანეთს არ დალევენ? თუ ეჯავრებოდა სტუმარი, იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა. ადგომა კიდევ არაფერი, ეს ესე არ ეზარებოდა ლუარსაბსა: ტანთ ჩაცმა იყო ამის სიკვდილი. მთელს ზაფხულს ისე გაატარებდა, რომ პერანგის და მის ამხანაგის მეტს არას მიიკარებდა ტანზედ, თუ თავის ნებაზედ მიაგდებდით, თუ არა, მეტი რა ჩარა იყო. ზამთარში კიდევ პერანგზედ ქურქს წამოისხამდა, თუ ვინმე დიდი კაცი არ ეწვეოდა, ვსთქვათ თუნდა დიანბეგი. მაშინ, რა დროს ამბავსაც მე ვწერ, დიანბეგი დიდი ბობოლა იყო; ეხლაა, რომ, რაც ეს ოხერი სწავლა შემოვიდა, დიანბეგს დიდკაცად არ აგდებენ, თორემ უწინ — უჰ! უჰ! რა დიდი ვინმე ბრძანდებოდა. ასეთი დიდი, რომ კინაღამ აზნაურის სტუმრობაზედ ნათქვამი ანდაზა დიანბეგზედ არ გადაკეთდა: კინაღამ „დიანბეგის სტუმრობა, ნუ გგონია ხუმრობად“ არ შეიცვალა. რომ დიანბეგის სტუმრობა ხუმრობა არ არის — ეს ყოველ გლეხკაცმა ძალიან კარგად იცის დღესაც და ადრევ კი თავადიშვილმაც იცოდა.“
  • „ლუარსაბის ტანისა კი რა მოგახსენოთ და გული კი, რო გენახათ, ღორის ჯაგარსავით მოდებული ჰქონდა, ასე რომ მრავალ საეჭვო სულიერებს შეეძლოთ შიშიანობის დროს აქ თავი შეეფარათ, მაგრამ... მაგრამ რა? განა ლუარსაბი ბედნიერი არ იყო? იმდენი დღეგრძელობა ამის დამწერს ჰქონდეს, რამდენი იმის ტოლი თავადიშვილი იმის ყოფა-ცხოვრებას შეჰნატროდა. მარტო იმის ტანის ბალანი სამყოფი იყო, რომ უბედურ კაცში შური აენთო, რომ სხვა არა იყოს-რა. თორემ რა უჭირდა ლუარსაბსა? ფერი აკლდა, თუ ხორცი? რა, სხვა უხეირო კაცსავით, ფიქრი და ზრუნვა ძილს დაუფრთხობდა, მადას წაართმევდა? ფერი კარგი ჰქონდა, ხორცი უკეთესი, სმა-ჭამა და ძილი ხომ რაღა. მეტი რა უნდა ქართველ კაცს, რომელიც ბედს და უბედობას ბალნით არჩევს, და რომლისათვისაც ბედს თუ ხვედრს დაუნიშნავს, რომ თავისი დღენი ქუდით უნდა ბუზს ერეკებოდეს.“
  • „მკითხველო, ხომ არ მოგეწყინა? რასაკვირველია, მოგეწყინა: აქ არ არის არც სიყვარულის ეშმაკობა, არც კაცის-კვლა, არც უიმედო ქალის ოხვრა, არც წყალში გადავარდნა, ერთის სიტყვით — რაც აშვენებს გასართველად დაწერილს მოთხრობასა — ის აქ არაფერი არ არის. მაშ მოგეწყინება, ამას რაღა თქმა უნდა. მაგრამ ეს უნდა იცოდე შენ, მკითხველო, რომ მე ამისა ქვემორე ხელის მომწერელი მკითხველის გასართველად არ ვწერ ამ უხეირო მოთხრობასა. მე მინდა ამ მოთხრობამ ჩააფიქროს მკითხველი და, თუ მოიწყენს, ამის გამო მოიწყინოს; იმიტომ რომ ფიქრი და მოწყენა გაუყრელნი და-ძმანი არიან. მე მინდა, რომ მკითხველმა იმიტომ კი არ მოიწყინოს, რომ გასართველი არ არი, არამედ იმიტომ, რომ ჩამაფიქრებელია. თუ ამოდენა იხერხა და შესძლო ამ უხეირო წერილმა, მე ამის მეტი არა მინდა-რა და არც მდომებია, ჩემო მოწყენილო მკითხველო! თუ ვერ იხერხა, რა ვუყო? ამით ვინუგეშებ, რომ „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია”. ამ დალოცვილს ანდაზას რამდენი უხეირო კაცი ხეირიანად გამოჰყავს და გამოუყვანია. მეც იმათში...“
  • „ -მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით — რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია — ესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია. მაგრამ ეხლა ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?

— დიაღ, — მეტყვი შენ, — მისვამს და მიჭამია, არც ერთი დღე მშიერი არა ვყოფილვარ.“

  • „დიდი და პატარაობა სად არ არის? — სთქვა ლუარსაბმა, — აი, თუნდ თითებზედ დაიხედე: ერთი დიდია, მეორე პატარა. რისთვის? ამისთვის, რომ ღმერთს აგრე გაუჩენია, დიდი და პატარაობა ყველგან უნდა იყოს. აბა, დაიხედე!“
  • „სწავლა, ღვთის მადლით, არაფრისა არა ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ეგრე მსუქანიც აღარ იქნებოდა. ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება _ ხორცის დღეობა მაშინ არის, როცა სული ჰყვავის — ხორცი დნება. ამიტომაც ჭლექები ჭკვიანები არიანო, ამბობენ ხოლმე. ჩვენი ლუარსაბი, მგონი, თითონაც ბევრს არ იცემდა თავში, — რატომ სწავლა არა მაქვსო, — სწორედ ამის გამო.“
  • „გაიარა რაოდენმამე ჟამმა და წუთის-სოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამ ბევრი რამ გამოსცვალა დედამიწის ზურგზედ. ამათ შვილი არ მიეცათ. დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რაღაც წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა. დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი. წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა. ორი სიამოვნებაღა დარჩა ამ ტრიალ ქვეყანაზედ: ერთი — მადა; მეორე ისა, რომ ლამაზისეული ფეხთ უჯდა ხოლმე, როცა ძილს დააპირებდა ბატონი, ფეხის გულებზედ და კანჭებზედ ხელს უსვამდა და ისე აძინებდა. ესღა იყო ამისათვის ნუგეშად, თორემ ის პატიოსანი ფაშვი ჩამოებღერტა, ის ხაშხაში ლოყები ჩაუყვითლდა, ის დიდრონი ძროხის ოდენა თვალები უგემურად მიელივა, ის სამკეცი ფაფუკი ღაბაბი გუდა ლეღვსავით გაუხდა, ამასთანაც ის თავისებური განსხვავებითი მუდამი ღიმილი სახიდამ დაეკარგა, — ერთის სიტყვით, წახდა კაკალი კაცი. მწუხარებამ ესე იცის. ბოლოს, ფერისცვალობის დღეს, რაღაც ეშმაკად, ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მოართვა. ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა.“
  • „წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედამიწის ზურგზედა. რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა? ან კიდევ ქვაზედ წაიწერონ, რომ „ჩყ... წლამდინ თავადი ლუარსაბი თათქარიძე და მისი კნეინა დარეჯანი ცოცხალნი ყოფილან და მერე დახოცილან?“ სხვა ხომ არაფერი გვეტყვის, რომ ესენი ამ ქვეყანაში ყოფილან და უცხოვრიათ. „წამკითხველო, შენდობა გვიბძანეთო“, ამბობს იმათი ქვის ზედწარწერილი. ნახევარი საუკუნე ამისთვის იცხოვრეს ამ ქვეყანაზედ, რომ ბოლოს მაინც კიდევ „შენდობა“ ითხოვონ და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე? უფროსთაგანს ქართვლის საფლავის ქვას რომ აწერია „შენდობა გვიბძანეთო“, ეხლა მესმის, რისთვისაც აწერია. მაგ შესანდობარს და შესაბრალისს ჩვეულებას თავისი აზრი და საფუძველი ჰქონია, მაგრამ არ გითარგმნი კი, მკითხველო! თუ კაი გული გაქვს და გამჭრე გონება შენც თითონ ჩემზედ უკეთესად მიხვდები, თუ არა და, თქმა საჭირო არ არის. ტყუილად გულს გატკენ, გაგარისხებ და ის რისხვა ისე აგიბამს თვალსა, რომ სხვას შენზედ მეტადაც რომ გული სტკიოდეს, ამას ვეღარ დაინახავ და იმის გულის სატკენ სიტყვას მუხანათობაში ჩამოართმევ.“
  • „— ამ წინაზედ რომ კუდიანი ვარსკვლავი ამოვიდა, ხომ გახსოვთ?

— დიაღ, — მიუგეს ერთ-ხმით ცოლ-ქმარმა.
— იმ დღეს თურმე გველეშაპი გამოსდგომოდა მზესა, — ისიც ხომ გაიგეთ?
— დიაღ, დიაღ, გავიგეთ! — წამოიძახეს ერთად შეშინებულმა ცოლმა და ქმარმა.
— იმ კუდიან ვარსკვლავზედ და გველეშაპზედ სომხების ტერტერებს თავიანთი კარაბადინი გაუშლიათ და უთქვამთ, რომ — აქ უფრო ხმა დაიდაბლა — თავადიშვილებს ყმები ჩამოერთმევათო.
— ვაი შენს ლუარსაბსა! — წამოიძახა ფერწასულმა ლუარსაბმა. — ეგ რა სთქვი, რა? აკი მოგახსენეთ, ბატონებო, რომ წარღვნა უნდა მოვიდეს-მეთქი. აი, ღვთის წყრომა! სულ ჩვენისავე ცოდვებისაგან მოგვევლინა. მამა-ჩემი ზაალ ნუ წამიწყდება, რომ წავალ, ზაქარიას ცოლსაც, ლევანსაც, ნიკოლოზსაც წიხლ-ქვეშ გავიგდებ, რომ ეს ამბავი სულ იმათი უნარია. კიდევ ატარონ ქირაზედ ურმები!
— რაზედ გაცხარდი, შენ გეთაყვანე! — მიატანა ლუარსაბსა ცოლმა, — სომხების კარაბადინს როგორ უჯერებ! შარშანწინ კი არა სთქვეს, რომ დედამიწა ხარის რქაზედა სდგას. იმ ხარს ერთი რქა მოსტეხია და ქვეყანა უნდა გადაბრუნდესო, მაგრამ ტყუილი კი გამოდგა. გარეჯელ მკითხავს ეთქო, რომ არც რქა მოსტეხია და არც არაფერიო.
— მართლა, ეგ კი აღარ მომაგონდა, — სთქვა ეხლა კი დამშვიდებულმა ლუარსაბმა, — ჭორი იქნება. აბა, გეთაყვა, მეფის ერეკლეს ნაბოძებს სომხის კარაბადინის სიტყვით ვინ წამართმევს? თუნდ ეგ არ იყოს, რიღას თავადიშვილი ვიქნებით, თუ ყმაც არ გვეყოლება: კარაბადინი კი არა, სოლომონ ბრძნის წიგნიც რომ იყოს, არ დავიჯერებ. ან რა დასაჯერია?“

  • — დარეჯან, აბა, თუ ჭკვიანი დედაკაცი ხარ, გამოიცან, ა იმ ფიცარზედ რამდენი ბუზი ზის?

— აბა სადა?
— აი, ჭერის ფიცარზედ.
თურმე, ნუ იტყვით, ამ სასაცილო ლუარსაბსა, დაჩუმებულნი რომ იყვნენ, იმ დროს ის ბუზები უთვლია! დარეჯანმა რა იცოდა. — რამდენია? — სთქვა დარეჯანმა, — მაიცა, ჯერ დავთვალო.
— ეგრე ხომ მეც გამოვიცნობ. აბა ისე გამოიცან, კაცობა ის იქნება.
— ისე გამოვიცნო? მაშ კარგი, ოცდაათი იქნება.
— ოლოლო შენ, ვერ გამოიცან.
— მაშ რამდენია?
— რამდენია? გითხრა? არა, არ გეტყვი.
— სთქვი, თუ იცი, რაღა.
— თუ კაცი ვარ, ორმოცი უნდა იყოს. ოლოლო შენ, მე გამოვიცან.
— დიაღ, გამოიცან... დაგითვლია, როგორც იმ დღესა ჰქენი, ეგრე ხომ მეც გამოვიცნობ.
— შენც არ მამიკვდე, ის კარგი მამა არ წამიწყდეს, რომ არ დამითვლია.
— მაშ საიდამ იცი, რომ ორმოცია.
— საიდამ? იქიდამ, რომ გონება მაქვს.
— განა მე კი არა მაქვს გონება?
— შენც გაქვს, მაგრამ კაცის გონებასთან დედაკაცის გონება როგორ მოვა? მე ვარაუდით მივხვდი, რომ ორმოცია.
— რომ არ იყოს ორმოცი?
— ჯარიმა გადამახდევინე
— მაშ დავთვალოთ.

  • — ხუთ თუმანზე ძმა როგორ გავყიდო? — უპასუხა.

— შვიდი იყოს.
— ან შვიდად.
— რვა იყოს
— ვერც რვა თუმნად.
— აშ რამდენი გინდა?
— ათი მაინც იყოს.
— ცხრაზედ რას იტყვი?
— არა, ათი.
— ეჰ, ჯანი გავარდეს: ათი იყოს.
ამოიღო ათი თუმანი და მისცა. დავითმა ჯიბეში ჩაიდო.

  • — მართლა გაიჩუჩუნა? — წამოიძახა სიხარულისაგან გონებამიხდილმა ლუარსაბმა.

— რას ამბობ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!.. დარბაისელი დედაკაცი სიხარულისაგან კინაღამ არ შევხტი, მაგრამ მომაგონდა, რომ მუცელი წამიხდება-მეთქი, და შენ მაინც კიდევ არა გჯერა.
— უი, შენ კი ჩაგეკონე მაგ გემრიელ სულშია! ბარაქალა, რომ არ შეხტი, თორემ მუცელი წაგიხდებოდა. იმ სიხარულში ეგ როგორღა მოგაგონდა! მე კი — მე და ჩემმა ღმერთმა — შევხტებოდი, მერე ისე შევხტებოდი, რომ დავცემულიყავი, კიტრსავით გავსკდებოდი. დაუდგეს თვალი დავითსა! ფერხული, აბა, ეხლა დაუაროს, აი! მაშ დღეს მე და შენ ერთი კაი ქეიფი გავწიოთ, ერთი კაი წითელი ღვინო ავახდევინოთ, რომ შვილის სადღეგრძელო დავლიოთ. ურაა! — დაიყვირა ლუარსაბმა და, რადგანაც გულდაღმა იწვა, თავისებურად, ტახტზედ, ერთი ფეხიც აიშვირა მაღლა და მანამ “ურა” არ გაათავა, ფეხი არ ჩამოუღია.

  • „— ვენაცვალე კახეთსა! — ამბობდა მთვრალი ლუარსაბი ენადაბმით, — ვენაცვალე! ეგ რომ არა ყოფილიყო, არც კახური იქნებოდა. მაშინ მე რაღა კაცი ვიქნებოდი? ჩემს გათქმულ სახელსა მაშინ ვინღა მოიგონებდა? დღეს თუ ლუარსაბის სახელი იხსენება სადმე, ღვინის მადლობელი უნდა ვიყო. თუ კაცი ვარ მე დღეს, აი, ამ შავის ყურძნის წვენითა ვარ კაცი! ჩემოდენას საქართველოში ორიც არ დალევს, დიდი მსმელი ვარ. მე რომ სიმღერა ვიცოდე, მთელის კახეთის ღვინო არ მომერევა. ეს არის რომ არ ვიცი და! სიმღერა ღვინოს ანელებინებს და! თორემ სხვაფრივ რა მიჭირს: ფაშვი კაი მსმელისა მაქვს, აქ თუნდა ოთხი ჩაფი ღვინო ჩაეტევა. ხომ გახსოვს ის იმერელი? აი, რომ მოვიდა, დადიანის „პოვერნია“ ვარო? „პოვერნია“ კი არა, — შენც არ მამიკვდე — ის ძალად გამოგზავნეს იმერლებმა: აბა წადიო, კახეთში ერთი დევი კაცი არისო, ლუარსაბ თათქარიძე, ოღონდ ის კი დაგვითვრეო და ნახევარ იმერეთს შენ მოგცემთო. ეხლა იმან მე რომ დამინახა, მაშინვე მიხვდა, რა კაციცა ვარ, იმიტომ „პოვერნიობა“ დაირქვა, სახელი არ წამიხდესო. კვეხნაში კი ნუ ჩამომართმევ და ჩემი სახელი სათათრემდინ არის გავარდნილი, იმერეთშიაც მისულა ჩემი ქება. მაგრამ აი, ამ შენმა უხეირო ლუარსაბმა ასე გაგიხადე ის ფხიკიანი იმერელი, რომ, რომ... სულ ჩემი მზე ვაფიცებინე. თითონვე თავის პირით მითხრა: ბაყბაყ-დევი ხარო. თითიც მომიკაკვა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა: სანაძლევო მოიგეო, ნახევარი იმერეთი შენი უნდა იყოსო. რომ მეჩივლა, რასაკვირველია, იმ ნახევარს გამოვიტანდი, მაგრამ ჩვენი მამა-პაპის მამულებიც მაშინ ისე ოხრადა გვრჩებოდა და იმერეთი რაღად მინდოდა? ეხლა ოხრად აღარ დაგვრჩება: ვენაცვალე შენს სტომაქსა! ეხლა შიგ პატარა თათქარიძე ზის და, მგონია, წითელ ღვინოში ჭყუპალაობს. უჰ, შენი კი ჭირიმე! მოდი ერთი ეგ ნაზი ტუჩები ამოგწუწნო! ეხლა ეგეც ხომ შვილი გვეყოლა, აბა ეხლა მაგის ქორწილზედ ვიფიქროთ. იცი, რა, დარეჯან? შენ ხომ ბრძენი დედაკაცი ხარ და არც მე ვარ — ღვთის მადლით — სულელი, თოთხმეტის წლისა შესრულდება თუ არა — აბა, იანგარიშე, როდის შესრულდება, მგონი ბევრი ხანი არ გასწევს, მალე შესრულდება, — შესრულდება თუ არა, ჯვარიც დავწეროთ, რაღას უნდა მოვუცადოთ? ეხლა მაგის ქორწილში ლეკურს არ ჩამოუვლი? მე კი — ღვთის წყალობა შენა გაქვს — ასეთს ბუქნას დავუვლი, რომ იქაურობას სულ მტვერი ავადინო... ეხლა იმ იმერელს რომ ვაჯობე, იცი, რა ვუთხარი? წადი-მეთქი, სადაც შენი სთქვა, იქ ჩვენიცა სთქვი-მეთქი, და იმერლებსაც უთხარი, რომ, რაც თქვენ კრიკინას წვენი გამოუვა, ერთ „ყლაპად“ არ მეყოფა-თქო, და „ყლუპი“ კი კიდევ თქვენზედ დარჩება-თქო. აი, ამისთანა კაცები ვართ კახეთში-მეთქი. მაშ!.. თუ ღმერთი გწამს — კარგად არ მითქვამს?“
  • „— ჰო, გეთაყვანე! მოდი, იცი, რა ვქნათ? მითამ ეხლა ქორწილია: აბა ერთი... ერთი შენებური დიდოური... მე „განდიდურს“ დაგძახებ. თუ გიყვარდე, აი! მითამ ქორწილია. თუნდა ლეკური იყოს, ჰა! მე „პაწპაწინა ნიგვზის ტოტს“ დაგძახებ. ჰა და პაწპაწინა ნიგვზის ტოტი! პაწპაწინა ნიგვზის ტოტი! ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი დარეჯანასა!.. ურაა!.. აი, გიდი!.. ქუდი ჭერში!.. კახური კა... ცის... ჭი... რი... იი... მეე... ჩა... აა... რაკ... რაა... კებს... კუ... უუ... ლა... სა... იმ იმერელსაც... კაი... საქმე... დავმარ... დავითსაც... თვალიმც... გამოს... ძრო... მია... ურაა!..“
  • „შენ იცი, ჩემი რა ხარ? სულის წიწმატი, გულის ტარხუნა, გონების, აბა რა ვთქვა? — თუნდა მარილი იყოს. კარგად არ ვთქვი, ის კარგი და სახელოვანი მამა ნუ წაგიწყდება? კარგი მოწყობა არ იყო?“
  • „აბა, უყურე წუთის-სოფლის მუხანათობას! ეგ რა კიდევ, თამარ დედოფალი შავ მიწაში უნდა იყოს და შენი რძალი ელისაბედი კი მზეს უყურებდეს!“
  • „განა შვილი იმისათვის მინდა, რომ მართლა შვილი მყვანდეს? — ამბობდა თავის-თავად, — შენც არ მამიკვდე! დავითის გამოჯავრებით მინდა, ის არ მინდა ჩემს მამულებზედ გავახარო. იმისი ჯავრი არ მინდა შევირჩინო, თორემ ეს ჯაბრი რომ არ იყოს, ძალიანაც არ ვინაღვლიდი, რომ შვილი არა მყავს. ცოტანი არიან უშვილონი განა? მეც იმათში ვიქნებოდი. დავითი არ მინდა გავახარო, დავითი!”
  • „მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების განზრახვა, დღესა თუ ხვალე, შენში გაიღვიძებს. ამ იმედს ნუ წაგვართმევ. ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს — რამოდენადაც შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე — თუ გინდა — მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გენიშნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, — სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცა? რაცა მქონდა ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე. თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან. მაშინ მხოლოდ დავღონდები, რომ შენშიაც მოვტყუვდი; რომ შენ ის არა ჰყოფილხარ, რაც მეგონე. მაშინ გულ-ხელ-

დაკრებილს ესღა დამრჩება სათქმელად: მე მიყივლია და გათენდება თუ არა — ეგ ღმერთმა იცის! წყრომა კი რომ არა ყოფილიყო, ეგ გათენება, ჩვენც კარგად გვეცოდინებოდა, როდისაც იქნებოდა!.. სხვაფრივ მშვიდობით ბძანდებოდეთ და შენდობით იხსენიებდეთ მონასა თქვენსა...“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება