მოციქულთა საქმეები

[1]წყარო
[2]შენიშვნა
[3]შენიშვნა 2

თავი 1 რედაქტირება

  • 1. პირველი წიგნი, თეოფილე, მე შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ,
  • 2. იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით მოძღვრავდა მოციქულებს, რომლებიც მან ამოირჩია,
  • 3. რომელთაც წარუდგა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ, მრავალი სარწმუნო ნიშნით. ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე.
  • 4. და შეკრიბა ისინი და უბრძანა: არ გასცილებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს, რაზეც უთხრა: „ჩემგან მოისმინეთ;
  • 5. ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით.“
  • 6. ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“
  • 7. უთხრა მათ: „თქვენთვის საჭირო არ არის, იცოდეთ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.
  • 8. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.“
  • 9. ეს თქვა და, სანამ ისინი უყურებდნენ მას, ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალს.
  • 10. როცა ისინი ხედავდნენ მის ცად ამაღლებას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით.
  • 11. უთხრეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ.“
  • 12. მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზაზე.
  • 13. შესვლისთანავე ავიდნენ ზედათვალში, სადაც იმყოფებოდნენ პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა.
  • 14. ისინი ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან, და მის ძმებთან ერთად.
  • 15. იმ დღეებში წამოდგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის და თქვა (იქნებოდა იმ ადგილას სულ ასოცამდე კაცი):
  • 16. „კაცნო ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც წინასწარ თქვა სულიწმიდამ დავითის პირით იუდაზე, რომელიც წაუძღვა იესოს შემპყრობლებს,
  • 17. ვინაიდან იგი ჩარიცხული იყო ჩვენთან და წილად ხვდა ეს სამსახური.“
  • 18. მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად და, როცა დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა.
  • 19. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისათვის. ამგვარად, მათს საკუთარ ენაზე ეწოდა იმ მიწას ხაკელდამა, ანუ სისხლის ყანა.
  • 20. „ვინაიდან ფსალმუნთა წიგნში სწერია: 'გატიალდეს მისი სახლ-კარი, ნუ იქნება მასში მკვიდრი'; და 'მისი განსაგებელი სხვამ მიიღოს'.
  • 21. ამგვარად, ჯერ არს, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,
  • 22. იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი მათგანი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე.“
  • 23. და დააყენეს ორნი: იოსები, ბარშაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს, და მათია [4].
  • 24. ილოცეს და თქვეს: „უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც შენ ამოირჩიე,
  • 25. რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც გამოაკლდა იუდა, რათა თავის ადგილზე წასულიყო.“
  • 26. და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიას, და მიეთვალა თერთმეტ მოციქულს.

თავი 2 რედაქტირება

  • 1. ორმოცდამეათე დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას.
  • 2. და იქმნა მოულოდნელად ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.
  • 3. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს.
  • 4. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
  • 5. ხოლო იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდეველნი, ღვთის მოშიში კაცები, ყველა ხალხთაგან, რომელნიც კი ცისქვეშეთში არიან.
  • 6. როცა ეს ხმაური მოხდა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ მის საკუთარ ენაზე.
  • 7. ყველანი გაოგნებული იყვნენ და უკვირდათ, ამბობდნენ: „განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
  • 8. როგორ გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?
  • 9. პართნი და მიდიელნი, ყელამელნი, და მკვიდრნი შუამდინარეთისა, იუდეისა, კაბადოკიისა, და რომიდან ამოსულნი
  • 10. ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქებისა, და რომიდან ამოსულნი,
  • 11. იუდეველნი და რჯულშეცვლილნი, კრეტელნი და არაბები, ვუსმენთ მათ, ჩვენ-ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიად საქმეებზე.“
  • 12. გაოგნდა ყველა და საგონებელში ჩაცვივდნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ, ეს რას უნდა ნიშნავდეს?“
  • 13. სხვები კი დაცინვით ამბობდნენ: ტკბილით არიან გამტყვრალნი.
  • 14. ხოლო თერთმეტთან ერთად მდგომი პეტრე წამოდგა, ხმა აღიმაღლა და უთხრა მათ: „იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრნო! იყოს ეს თქვენთვის ცნობილი და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს.
  • 15. ისინი არ არიან მთვრალები, როგორც თქვენ გგონიათ, ვინაიდან ახლა დღის მესამე საათია.
  • 16. მაგრამ ესაა ნათქვამი იოელ წინასწარმეტყველის მიერ:
  • 17. 'იქნება უკანასკნელ დღეებში, — ამბობს ღმერთი, — რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.
  • 18. ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეეში ჩემი სულისაგან და აწინასწარმეტყველდებიან.
  • 19. ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს.
  • 20. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული.
  • 21. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.'
  • 22. კაცნო ისრაელიანნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი, დამტკიცებული ღვთისაგან თქვენთვის ძალით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მისი ხელით თქვენს შორის, როგორც თვითონვე იცით,
  • 23. იგი, ღვთის განჩინებული ზრახვით და წინასწარცნობით გადაცემული, ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით.
  • 24. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, შეხსნა რა სიკვდილის ბორკილები, ვინაიდან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა.
  • 25. ვინაიდან დავითი ამბობს მასზე: 'ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.
  • 26. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და გამხიარულდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს.
  • 27. ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას ხრწნილების სახილველად.
  • 28. შენ შემაცნობინე ცხოვრების გზა, სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე.'
  • 29. კაცნო ძმანო, აშკარად უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდელამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი.
  • 30. რაკი წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ფიცით შეჰფიცა მას ღმერთმა, რომ მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა მის ტახტზე,
  • 31. მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ არის ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება.
  • 32. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ.
  • 33. ამგვარად ღვთის მარჯვენით ამაღლებულმა, მამისაგან მიიღო სულიწმიდით აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ.
  • 34. დავითი ხომ არ ამაღლებულა ზეცად, თვითონვე ამბობს: 'უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
  • 35. ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.'
  • 36. ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.“
  • 37. ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, კაცნო ძმანო?“
  • 38. ხოლო პეტრემ: მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
  • 39. ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ღმერთი ჩვენი.“
  • 40. და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო.
  • 41. ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა სამი ათასამდე სული.
  • 42. და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, თანამოზიარობაში, პურის გატეხასა და ლოცვებში.
  • 43. ყოველი სული შიშით იყო მოცული და მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.
  • 44. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
  • 45. ქონებას და სარჩო- საბადს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, საჭიროებისამებრ.
  • 46. დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდელს მხიარულობით და გულუბრალოებით.
  • 47. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის თვალში მადლს ჰპოვებდნენ. უფალი კი ყოველ დღე უმატებდა დახსნილებს მათ რიცხვს.

თავი 3 რედაქტირება

  • 1. პეტრე და იოანე ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე.
  • 2. იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე საპყარი. ყოველდღე მოჰყავდათ იგი და სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა.
  • 3. როცა დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე, და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება.
  • 4. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“
  • 5. იგი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს გამორჩებოდა.
  • 6. უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე!“
  • 7. მარჯვენაზე მოჰკიდა ხელი და წამოაყენა, და მას უცბად გაუმაგრდა ფეხები და კოჭები.
  • 8. წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს.
  • 9. და ხედავდა მთელი ხალხი მას, მოარულსა და ღვთის მაქებარს.
  • 10. იცნეს იგი, რომ ეს იყო ტაძრის მშვენიერ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვრად მჯდომი. ისინი შიშით აღვსილნი და გაოგნებულნი იყვნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
  • 11. და რაკი იგი ჩაბღაუჭებული იყო პეტრესა და იოანეს, მთელი ხალხი განცვიფრებული მიაწყდა მათ სოლომონის სტოაში, როგორც იწოდება.
  • 12. დაინახა პეტრემ და უპასუხა ხალხს: „კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალით და სიწმიდით დავაწყებინეთ მას სიარული?
  • 13. აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა იგი აპირებდა მის გათავისუფლებას.
  • 14. თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის.
  • 15. სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
  • 16. მისი სახელის რწმენით, მისმა სახელმა გაამაგრა ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ.
  • 17. ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.
  • 18. ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.
  • 19. აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები.
  • 20. რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან თქვენთვის წინასწარ განწესებული ქრისტე იესო,
  • 21. რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.
  • 22. ვინაიდან მოსემ თქვა: 'წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ თქვენი უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან. გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით.
  • 23. და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, მოიკვეთება ხალხიდან.'
  • 24. ყველა წინასწარმეტყველნი, სამუელიდან და მას აქეთ, რამდენს ლაპარაკობდნენ და ასევე წინასწარ იუწყებოდნენ ამ დღეებზე.
  • 25. თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: 'შენს თესლში იკურთხება მიწის ყოველი ტომი!'
  • 26. ღმერთმა, აღადგინა რა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოგაქციოთ ყოველი თქვენი ბოროტი საქმიდან.“

თავი 4 რედაქტირება

  • 1. როცა ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგენენ მათ მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველნი,
  • 2. გაბრაზებულნი, ხალხს რომ ასწავლიდნენ და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.
  • 3. და დაადეს ხელები მათ და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, ვინაიდან უკვე საღამოვდებოდა.
  • 4. ბევრმა კი, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა, მათმა რიცხვმა ხუთი ათასამდე მიაღწია.
  • 5. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები,
  • 6. და ანა მღვდელმთავარი და კაიფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრის მოდგმიდან.
  • 7. შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: „რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?“
  • 8. მაშინ პეტრე აღივსო სულიწმიდით და უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო,
  • 9. თუ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ამ უძლური კაცისათვის გაწეულ სიკეთეზე, თუ როგორ განიკურნა იგი,
  • 10. ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელი თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით.
  • 11. ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა, და რომელიც ქვაკუთხედად იქცა.
  • 12. სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.“
  • 13. როცა ხედავდნენ პეტრესა და იოანეს ესოდენ სიმტკიცეს და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნურნი და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. თანაც იცოდნენ, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ.
  • 14. ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, საწინააღმდეგოს ვერაფერს ეუბნებოდნენ:
  • 15. უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში იწყეს მსჯელობა.
  • 16. ამბობდნენ: „რა ვუყოთ ამ ხალხს? მათ ხელით რომ მოხდა ეს ცხადი სასწაული, ცნობილია იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის და ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ.
  • 17. მაგრამ, უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, რომ კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.“
  • 18. დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით.
  • 19. მაგრამ პეტრემ და იოანემ მიუგეს და უთხრეს: „განსაჯეთ, მართებულია განა ღვთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს?
  • 20. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.“
  • 21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად, ხალხის გამო, რადგან ყველა ადიდებდა ღმერთს მომხდარისათვის.
  • 22. ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელზეც მოხდა განკურნების სასწაული.
  • 23. ხოლო ისინი, ვინც გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რას ეუბნებოდნენ მათ მღვდელმთავარნი და უხუცესნი.
  • 24. მათ კი, რომ მოუსმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს: „ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია;
  • 25. ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის ბაგე ალაპარაკე სულიწმიდით: 'რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას?
  • 26. აღდგნენ მეფენი ქვეყნისა და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისის ცხებულის წინააღმდეგ.'
  • 27. ვინაიდან ნამდვილად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად,
  • 28. რომ მოემოქმედათ ის, რისი მოხდენაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ზრახვამ.
  • 29. ახლა კი, დაინახე, უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა, მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა,
  • 30. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.“
  • 31. როცა ლოცულობდნენ, შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი, და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას.
  • 32. მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული და სული ჰქონდა, და არავინ თავის ქონებას არ უწოდებდა თავისას, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
  • 33. დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე.
  • 34. არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, ვინაიდან ყველა, ვინც მინდვრების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა
  • 35. და დებდა მოციქულთა ფერხთით და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა.
  • 36. ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა შეარქვეს ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა,
  • 37. გაყიდა თავისი მინდორი, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.

თავი 5 რედაქტირება

  • 1. ერთმა კაცმა კი, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან, ერთად გაყიდა მინდორი
  • 2. და გადამალა საფასურიდან, — ეს მისმა ცოლმაც იცოდა, — ხოლო რაღაც ნაწილი მოიტანა და დადო მოციქულთა ფერხთით.
  • 3. უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა მიწის საფასურიდან?
  • 4. განა რაც გქონდა, შენი არ იყო, და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“
  • 5. ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ვინც ეს მოისმინა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა.
  • 6. წამოდგნენ ჭაბუკები, შესუდრეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.
  • 7. სამიოდე საათმა განვლო და შევიდა მისი ცოლიც, რომელმაც არ იცოდა რა მოხდა.
  • 8. ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?“ თქვა: „დიახ, ამდენად.“
  • 9. პეტრემ უთხრა მას: „რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფერხნი, და შენც გაგიტანენ.“
  • 10. დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს მოისმინა.
  • 11. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს მოისმინა.
  • 12. მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ერთსულოვნად ყველანი სოლომონის სტოაში.
  • 13. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა, შეერთებოდა მათ, მაგრამ აქებდა მათ ხალხი.
  • 14. სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი.
  • 15. ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკეცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს.
  • 16. ბევრნი მოდიოდნენ იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
  • 17. აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.
  • 18. დაადეს ხელი მოციქულებს და საერთო საპატიმროში ჩასხეს.
  • 19. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
  • 20. „წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.“
  • 21. ეს რომ მოისმინეს, განთიადისას შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანთა უხუცესების საბჭო და გაგზავნეს საპატიმროში მათ მოსაყვანად.
  • 22. მხლებელნი რომ მოვიდნენ, ვერ ნახეს ისინი საპყრობილეში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს.
  • 23. უთხრეს: „საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი. რომ გავაღეთ, შინ ვერავინ ვნახეთ.“
  • 24. ეს სიტყვები რომ ესმათ ტაძრის მცველთა უფროსსა და მღვდელმთავრებს, საგონებელს მიეცნენ, რა უნდა მომხდარიყო.
  • 25. ვიღაც მივიდა და მოახსენა მათ: „აგერ ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ასწავლიან ხალხს.“
  • 26. მაშინ წავიდა მცველთა უფროსი მხლებლებთან ერთად და მოიყვანა ისინი იძულების გარეშე, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
  • 27. მოიყვანეს სინედრიონის წინაშე და დააყენეს და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა
  • 28. და უთხრა: „სასტიკად აგიკრძალეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით. აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს ჩვენ.“
  • 29. მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.
  • 30. ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ მოჰკალით ძელზე დაკიდებით.
  • 31. იგი ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება.
  • 32. და მოწმენი ვართ ამ სიტყვებისა ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც ღმერთმა მისცა თავის მორჩილთ.“
  • 33. ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მოინდომეს მათი დახოცვა.
  • 34. წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივდებული, და ბრძანა, მოციქულები მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ.
  • 35. უთხრა მათ: „კაცნო ისრაელიანნო, დაფიქრდით ამ ხალხზე, რასაც უპირებთ მათ.
  • 36. ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი გაჰყვა მას. მაგრამ ის მოკლეს და, ყველა, ვინც მორჩილებდა მას, გაიფანტა და არარად იქცა.
  • 37. ამის შემდეგ, აღწერის დროს, აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი გაიყოლია. ისიც დაიღუპა, და ყველა, ვინც მას მორჩილებდა, გაიფანტა.
  • 38. ახლა გეუბნებით თქვენ: ჩამოშორდით ამ ხალხს და მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება,
  • 39. ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ.“
  • 40. დაუჯერეს ეს და დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს.
  • 41. ხოლო ისინი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.
  • 42. ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს.

თავი 6 რედაქტირება

  • 1. ამ დღეებში, როცა მომრავლდნენ მოწაფეები, ატყდა გაბერძნებულთა დრტვინვა ებრაელების წინააღმდეგ, ვინაიდან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება.
  • 2. მაშინ თორმეტმა მოიწვია მოწაფეთა სიმრავლე და უთხრა მათ: „არ შეგვშვენის ღვთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება.
  • 3. ამოირჩიეთ ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი, ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე.
  • 4. ჩვენ კი ვიყოთ ლოცვასა და სიტყვის მსახურებაში.“
  • 5. მთელ სიმრავლეს მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხონი, ნიკარონი, ტიმონი, პარმენასი და გაიუდევებული ანტიოქიელი ნიკოლოზი.
  • 6. წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ.
  • 7. და ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას.
  • 8. სტეფანე კი, მადლით და ძალით აღსავსე დიდი სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.
  • 9. ადგნენ ზოგიერთები ეგრეთ წოდებულ ლიბერტინელთა, კვირინელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და კამათი დაუწყეს სტეფანეს,
  • 10. და ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.
  • 11. მაშინ მოისყიდეს კაცები და ათქმევინეს: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსეს და ღვთის საგმობ სიტყვებს.“
  • 12. ააღელვეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები. მიუხდნენ მას, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს.
  • 13. წარმოუდგინეს ცრუ მოწმენი, რომლებიც ამბობდნენ: ეს კაცი დღენიადაგ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო.
  • 14. ვინაიდან ჩვენ მოვისმინეთ, როგორ ამბობდა, რომ ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცაო.
  • 15. უყურებდნენ მას ყველანი, სინედრიონში მსხდომნი, და ხედავდნენ მის სახეს, როგორც ანგელოზის სახეს.

თავი 7 რედაქტირება

  • 1. უთხრა მღვდელმთავარმა: „მართალია, რასაც ამბობენ?“
  • 2. მან თქვა: „კაცნო ძმანო და ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დასახლდებოდა, და უთხრა მას:
  • 3. 'გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.'
  • 4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დასახლდა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
  • 5. მასში ფეხის მოსაკიდებელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მისცემდა სამფლობელოდ მას და მის თესლს მის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
  • 6. ასე ელაპარაკა ღმერთი, რომ მისი თესლი მდგმურად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ მას და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.
  • 7. 'იმ ხალხს კი, ვისაც დაემონებიან, მე განვიკითხავ,' — თქვა ღმერთმა, — 'და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან და მომემსახურებიან ამ ადგილას.'
  • 8. და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. მან შვა ისაკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს; ხოლო ისაკმა — იაკობი, იაკობმა — თორმეტი მამამთავარი.
  • 9. მამამთავრებს შეშურდათ იოსებისა და გაყიდეს იგი ეგვიპტეში, მაგრამ ღმერთი იყო მასთან
  • 10. და იხსნა იგი ყველა მისი გასაჭირიდან და უბოძა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტის მეფის წინაშე, რომელმაც დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის განმგებლად.
  • 11. მოვიდა შიმშილი და დიდი გასაჭირი მთელ ეგვიპტესა და ქანაანში, და ჩვენი მამები ვერ შოულობდნენ საზრდოს.
  • 12. ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, გაგზავნა პირველად ჩვენი მამები.
  • 13. მეორედ ჩასვლისას გაუმჟღავნა იოსებმა თავი თავის ძმებს და ფარაონმა შეიტყო იოსების გვარტომობა.
  • 14. გაგზავნა იოსებმა და მოიწვია თავისი მამა იაკობი და მთელი თავისი სანათესაო, სამოცდათხუთმეტი სული.
  • 15. და ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში და გარდაიცვალა იგი, ჩვენი მამებიც.
  • 16. გადმოასვენეს ისინი შექემს და ჩაასვენეს სამარხში, რომელიც აბრაამმა იყიდა ვერცხლის ფასად შექემში ემორის ძეთაგან.
  • 17. და როცა ახლოვდებოდა აღთქმის შესრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, ეს ხალხი მატულობდა ეგვიპტეში და მრავლდებოდა,
  • 18. ვიდრე ეგვიპტეზე აღდგებოდა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
  • 19. ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, აიძულებდა ჩვენს მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.
  • 20. ამ დროს დაიბადა მოსე და იყო სათნო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა.
  • 21. როცა გადააგდეს, აიყვანა იგი ფარაონის ასულმა და შვილად გაზარდა.
  • 22. და განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით.
  • 23. როცა ორმოცი წელი შეუსრულდა, გულით მოისურვა თავისი ძმების, ისრაელიანების, მონახულება.
  • 24. როცა დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა და იმ დაჩაგრულის შური იძია და განგმირა ეგვიპტელი.
  • 25. ეგონა, მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ.
  • 26. მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ისინი ჩხუბობდნენ , მათი შერიგება მოინდომა და უთხრა: 'კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?'
  • 27. მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: 'ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
  • 28. ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?'
  • 29. ამ სიტყვებზე გაიქცა მოსე და გახდა მდგმური მიდიამის ქვეყანში, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.
  • 30. როცა შეუსრულდა ორმოცი წელი, ეჩვენა მას სინაის მთის უდაბნოში უფლის ანგელოზი, ალმოდებული მაყვლოვანიდან.
  • 31. მოსემ დაინახა და განცვიფრდა ამ ხილვაზე. როცა დასაკვირვებლად მიუახლოვდა, იყო უფლის ხმა:
  • 32. 'მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა.' შეძრწუნდა მოსე და ვერ გაბედა დაკვირვება.
  • 33. უთხრა მას უფალმა: 'გაიძრე ფეხსამოსი ფეხზე, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა.
  • 34. მე ვხედავ ჩემი ხალხის გაჭირვებას ეგვიპტეში და მესმის მისი კვნესა, და ჩამოვედი მათ გამოსახსნელად. ახლა წადი, მე მიგავლენ ეგვიპტეში.'
  • 35. ეს ის მოსეა, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ' ვინ დაგნიშნა მთავრად და მსაჯულადო?' ღმერთმა მთავრად და მხსნელად ეს მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას მაყვლოვანში ეჩვენა.
  • 36. მან გამოიყვანა ისინი და ახდენდა სასწაულებს და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წელი.
  • 37. ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელიანებს: 'წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ ღმერთი თქვენი ძმებიდან. მას უსმინეთ!'
  • 38. ეს არის, ვინც იყო კრებულში უდაბნოდ ანგელოზთან ერთად, რომელიც მას ელაპარაკებოდა სინაის მთაზე, და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;
  • 39. ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთი გულებით ეგვიპტისკენ მიიქცნენ.
  • 40. უთხრეს აარონს: 'გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, ვინაიდან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა.'
  • 41. და გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.
  • 42. ზურგი შეაქცია მათ ღმერთმა და ციური მხედრობის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნში სწერია: 'თუ მოგიტანიათ ჩემთვის საკლავი და მსხვერპლი უდაბნოში ორმოც წელიწადს, სახლო ისრაელისა?
  • 43. დაატარებდით მოლექის კარავს და თქვენი ღმერთის რემფას ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რომ თაყვანი გეცათ მათთვის, და მეც გადაგასახლებთ ბაბილონს იქით.'
  • 44. მოწმობის კარავი ჰქონდათ ჩვენს მამებს უდაბნოში, როგოც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის თანახმად, რომელიც იხილა.
  • 45. მიიღეს იგი ჩვენმა მამებმა და იესოსთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ღმერთმა განდევნა ჩვენი მამების წინაშე. ასე იყო დავითის დღეებამდე.
  • 46. მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და სთხოვა ნებას, რომ იაკობის ღვთისთვის სავანე ეპოვა.
  • 47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
  • 48. მაგრამ მაღალი არ არის ხელით ქმნილში დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:
  • 49. 'ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა — ჩემს ფერხთა კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, — როგორ სახლს ამიგებთ მე, ან რომელი ადგილია ჩემი დასავანებელი ადგილი?
  • 50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?'
  • 51. ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც.
  • 52. რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით,
  • 53. თქვენ, რომლებმაც მიიღეთ რჯული ანგელოზების განკარგულებით და არ დაიცავით იგი.“
  • 54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.
  • 55. ახედა მან ცას, აღსავსემ სულიწმიდით, და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგარი იესო.
  • 56. და თქვა: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგარს.“
  • 57. მაგრამ მათ ხმამაღალი ყვირილი მორთეს, ყურები დაიცვეს და ერთსულოვნად დაეძგერნენ მას.
  • 58. და გაათრიეს ქალაქგარეთ და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა.
  • 59. რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.“
  • 60. მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას.“ ეს თქვა და მიიძინა.

თავი 8 რედაქტირება

  • 1. სავლემ მოიწონა მისი მოკვლა. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველა, მოციქულთა გარდა, გაიფანტა იუდეასა და სამარიის მხარეებში.
  • 2. დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს იგი.
  • 3. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები, და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.
  • 4. ამასობაში გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.
  • 5. ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრისტეს.
  • 6. ხალხი ერთსულოვნად ყურს უგდებდა, რასაც ფილიპე ლაპარაკობდა, უსმენდა და ხედავდა, რა ნიშნებს ახდენდა იგი.
  • 7. ვინაიდან მრავალთაგან, რომლებიც უწმიდური სულებით იყვნენ შეპყრობილნი, ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ. მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.
  • 8. დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში.
  • 9. იმავე ქალაქში იყო ერთ კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრევე ჯადოქრობას ეწეოდა და აოცებდა სამარიელ ხალხს, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა.
  • 10. ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ის ღვთიური ძალაა, დიდად რომ იწოდება.“
  • 11. ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოგნებდა მათ ჯადოქრობით.
  • 12. როცა ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფევლსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც.
  • 13. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და, მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, გაოგნებული იყო.
  • 14. გაიგეს იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,
  • 15. რომლებიც ჩავიდნენ იქ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა.
  • 16. ვინაიდან მანამდე არცერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ მონათლულები იყვნენ უფალ იესოს სახელით.
  • 17. მაშინ დაასხეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა.
  • 18. როცა დაინახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელების დასხმით ეძლეოდათ სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ.
  • 19. თქვა: „მეც მომეცით ხელმწიფება, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა.“
  • 20. პეტრემ უთხრა მას: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპავად, ვინაიდან ღვთის ნიჭს ფულით მოპოვება განიზრახე.
  • 21. არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არ არის წრფელი ღვთის წინაშე.
  • 22. მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა,
  • 23. ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს.“
  • 24. მიუგო სიმონმა და უთხრა: „შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი ეწიოს თქვენი ნათქვამიდან.“
  • 25. ხოლო როცა მათ დაამოწმეს და ილაპარაკეს უფლის სიტყვა, გამობრუნდნენ იერუსალიმისკენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
  • 26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: „ადექი და წადი სამხრეთისაკენ, იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის. უკაცრიელია იგი.“
  • 27. ადგა და წავიდა, და აჰა, ერთ ეთიოპელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკეს, დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანის საცემად მოსულიყო იერუსალიმში,
  • 28. უკან ბრუნდებოდა და, თავის ეტლში მჯდომი, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.
  • 29. უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი და ახლოს დაუდექი მაგ ეტლს.“
  • 30. მიირბინა ფილიპემ და, როცა მოისმინა, რომ იგი ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, უთხრა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“
  • 31. მან უთხრა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.
  • 32. წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, ეს იყო: „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს ბაგე.
  • 33. დამცირებაში წაერთვა სამართალი და ვინ მოიკითხავდა მის წარმოშობას? რადგან ცოცხალთა ქვეყანას მოწყდა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი.“
  • 34. მიუგო საჭურისმა ფილიპეს და უთხრა: „გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი, თავის თავზე, თუ სხვა ვინმეზე?“
  • 35. გახსნა ფილიპემ ბაგეები, დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ.
  • 36. როცა გზა განაგრძეს, მიადგენენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?“
  • 37. უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.“ მიუგო და უთხრა მან: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.“
  • 38. და უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ და ორივენი წავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა იგი.
  • 39. როცა წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა ფილიპე წარიტაცა და ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა. წავიდა თავის გზაზე გახარებული.
  • 40. ფილიპე კი აღმოჩნდა აშდოდში, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.

თავი 9 რედაქტირება

  • 1. სავლე კი, რომელიც ჯერ კიდევ სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან მივიდა
  • 2. და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგობს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მოეყვანა იერუსალიმში.
  • 3. გზად მიმავალს, როცა დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად მოეფინა ნათელი ციდან
  • 4. და დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“
  • 5. თქვა: ვინ ხარ შენ, უფალო?“ მან კი: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.“
  • 6. შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რა გსურს, უფალო, რომ გავაკეთო?“ და უთხრა მას უფალმა: „ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან, რაც უნდა გააკეთო.“
  • 7. კაცები კი, რომლებიც მასთან ერთად მიდიოდნენ, უსიტყვოდ იდგნენ, ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.
  • 8. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ხელი მოჰკიდეს მას და შეიყვანეს დამასკოში.
  • 9. სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა.
  • 10. იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო.“
  • 11. უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია სწორი და იუდას სახლში იკითხე ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი.
  • 12. და იხილა მან ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი აეხილა.“
  • 13. მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.
  • 14. და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“
  • 15. უთხრა მას უფალმა: „წადი, ვინაიდან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.
  • 16. მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისთვის.“
  • 17. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე, სადაც მიდიოდი, რომ თვალი აგეხილოს და აღივსოს სულიწმიდით.“
  • 18. და მაშინვე, თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის თვალებს, აეხილა, ადგა და მოინათლა.
  • 19. და მიიღო საჭმელი და მომარაგდა. და დარჩა იგი დამასკოში მყოფ მოწაფეებთან რამდენიმე დღე.
  • 20. და სასწრაფოდ დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის არის ძე ღვთისა.
  • 21. გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის კაცია, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთ და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?“
  • 22. სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და განაცვიფრებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
  • 23. განვლო მრავალმა დღემ და იუდეველები შეითქვნენ მის მოსაკლავად.
  • 24. ცნობილი გახდა სავლესთვის მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღედაღამ სდარაჯობდნენ კარიბჭესთან, რომ მოეკლათ იგი.
  • 25. აიყვანეს მოწაფეებმა ღამით და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.
  • 26. მივიდა იერუსალიმში და ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.
  • 27. ბარნაბამ წაიყვანა იგი, მიიყვანა მოციქულებთან და მოუთხრო მათ, თუ როგორ იხილა გზაში უფალი, რომელიც ელაპარაკა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.
  • 28. დარჩა იგი მათთან. გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ქადაგებდა უფლის სახელით.
  • 29. ლაპარაკობდა და ეპაექრებოდა კიდეც გაბერძნებულთ, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.
  • 30. როცა შეიტყვეს ეს ძმებმა, წაიყვანეს იგი კესარიას და გაგზავნეს ტარსუსში.
  • 31. ამგვარად ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
  • 32. ერთხელ, ყველა ადგილის შემოვლისას, პეტრე მივიდა წმიდებთანაც, რომლებიც ლიდაში ცხოვრობდნენ.
  • 33. ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე.
  • 34. და უთხრა მას პეტრემ: „ენეას, გკურნავს შენ იესო ქრისტე. ადექ და გაისწორე ლოგინი.“ და მაშინვე წამოდგა.
  • 35. ხედავდა მას ყველა, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, და მოიქცნენ ისინი უფლისაკენ.
  • 36. იყო იაფოში ერთ მოწაფე დედაკაცი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.
  • 37. იმ დღეებში იყო, რომ ავად გახდა იგი და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედათვალში.
  • 38. ახლოს იყო ლიდა იაფოსთან და, მოწაფეებმა შეიტყვეს პეტრე იქ არისო, და ორი კაცი გაუგზავნეს სათხოვნელად, რომ არ დაეყოვნებინა მათთან მისვლა.
  • 39. ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როცა მივიდა, აიყვანეს ზედათვალში, და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უმზადებდა, სანამ მათთან იყო.
  • 40. გაუშვა გარეთ ყველანი პეტრემ, მუხლი მოიყარა და ილოცა, მიუტრიალდა ცხედარს და თქვა: „ტაბითა, ადექი!“ მან აახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
  • 41. ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი.
  • 42. ცნობილი გახდა ეს მთელ იოფაში და მრავალმა იწამა უფალი.
  • 43. მან მრავალი ხანი დაჰყო იაფოში ვინმე სიმონთან, მეტყავესთან.

თავი 10 რედაქტირება

  • 1. იყო ერთი კაცი ისრაელში სახელად კორნელიოსი, იტალიურად წოდებული კოჰორტის ასისთავი.
  • 2. კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო და მთელს თავის სახლთან ერთად, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე.
  • 3. იხილა მან ჩვენებაში ცხადად, ასე, დღის მეცხრე საათზე, ღვთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიოს!“
  • 4. შეხედა მას შეშინებულმა და თქვა: „რა არის, უფალო?“ მან უთხრა: „შენი ლოცვანი და მოწყალებანი ამაღლდა ღვთის წინაშე მოსახსენებლად.
  • 5. ახლა მიავლინე კაცები იაფოში და დაუძახე ვინმე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება.
  • 6. იგი სტუმრად არის ვინმე სიმონ მეტყავესთან, როლის სახლი ზღვის პირასა დგას.“
  • 7. როცა წავიდა მასთან მოსაუბრე ანგელოზი, მან დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ კეთილმსახურ მეომარს, რომელიც თან ახლდა,
  • 8. უამბო მათ ყოველივე და გაგზავნა იაფოში.
  • 9. მეორე დღეს, როცა გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, იქნებოდა ასე ექვსი საათი, რომ პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად.
  • 10. მოშივდა და ჭამა მოუნდა. ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, გარინდებამ მოიცვა იგი
  • 11. და იხილა გახსნილი ცა და გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ეშვებოდა მიწაზე.
  • 12. მასში იყო მიწის ყოველნაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი.
  • 13. და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.“
  • 14. პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმიდური.“
  • 15. მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: „რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად“.
  • 16. ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცად ამაღლდა.
  • 17. როცა გულში ფიქრობდა პეტრე, თუ რა იყო ეს ჩვენება, რომელიც მან იხილა, აჰა, კორნეოლიოსის გამოგზავნილი კაცები კითხულობდნენ სიმონის სახლს და ჭიშკართან იდგნენ.
  • 18. დაუძახეს და ჰკითხეს: „აქაა სტუმრად სიმონი, პეტრედ წოდებული?“
  • 19. ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: „აგერ, სამი კაცი გეძებს შენ.
  • 20. ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ. ნუ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი.“
  • 21. ჩავიდა პეტრე იმ კაცებთან და უთხრა: „მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?“
  • 22. მათ თქვეს: „ასისთავ კორნელიოსს, მართალს და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები.“
  • 23. მაშინ მიიწვია ისინი და უმასპინძლა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იაფოელი ძმაც თან ახლდა.
  • 24. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. კორნელიოსი ელოდა მათ, შემოეკრიბა თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები.
  • 25. როცა შედიოდა პეტრე, კორნელიოსი შეეგება მას, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
  • 26. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც კაცი ვარ.“
  • 27. და მასთან საუბრით შევიდა და მრავალი შეკრებილი ჰპოვა იქ,
  • 28. უთხრა მათ: „თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან. მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა შებილწული ან უწმიდური.
  • 29. ამიტომ, როცა მომიხმეს, უყოყმანოდ მოვედი. ამიტომ გეკითხებით: რა საქმეზე მომიხმეთ?“
  • 30. კორნელიოსმა თქვა: „ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით.
  • 31. თქვა: 'კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე.
  • 32. ახლა გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება: მეტყავე სიმონის სახლში დგას ზღვის პირას.'
  • 33. მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისგან გვაქვს ნაბრძანები.“
  • 34. გახსნა პეტრემ ბაგე და თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
  • 35. არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.
  • 36. მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით, ის არის ყოველთა უფალი.
  • 37. თქვენ იცით, რა მოხდა მთელს იუდეაში, გალილეიდან დაწყებული, იმ ნათლისღების შემდეგ, რომელსაც ქადაგებდა იოანე.
  • 38. როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან.
  • 39. ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე დაკიდებით.
  • 40. იგი ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და გამოაცხადებინა თავი,
  • 41. არა მთელი ხალისთვის, არამედ ღვთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეთათვის, ჩვენთვის, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.
  • 42. გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ, რომ ის არის ღვთისაგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.
  • 43. მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.
  • 44. ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.
  • 45. მორწმუნენი წინადაცვეთილთან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,
  • 46. რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ:
  • 47. „ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?“
  • 48. უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს.

თავი 12 რედაქტირება

  • 1. იმ ხანებში ხელი აღმართა მეფე ჰეროდემ ეკლესიის ზოგიერთ წევრზე საბოროტოდ,
  • 2. და მახვილით მოაკლევინა იაკობი, იოანეს ძმა.
  • 3. როცა დაინახა, რომ ამით ასიამოვნა იუდეველებს, დააპატიმრა პეტრეც. უფუარობის დღეები იყო.
  • 4. შეიპყრო იგი და ჩასვა საპყრობილეში და უბრძანა მისი დარაჯობა ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს. განზრახული ჰქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.
  • 5. დამწყვდეული იყო პეტრე საპყრობილეში, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
  • 6. როცა დააპირა მისი გამოყვანა ჰეროდემ, იმ ღამეს პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ბორკილით შეკრულს. კართან მდგარი მცველები კი დარაჯობდნენ საპყრობილეს.
  • 7. და, აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და ნათელი გაბრწყინდა შენობაში. ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი ჩქარა!“ და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.
  • 8. უთხრა მას ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და ჩაიცვი სანდლები.“ ასეც გააკეთა. ეუბნება მას: „მოისხი შენი მოსასხამი და გამომყევი.“
  • 9. გავიდა და გაყვა მას. არ იცოდა, რომ, რასაც ანგელოზი იქმოდა, ცხადი იყო, არამედ ფიქრობდა, რომ ჩვენებას ხედავდა.
  • 10. გასცდნენ პირველ და მეორე საგუშაგოს და მიუახლოვდნენ ქალაქში შესასვლელ დარკინულ კარიბჭეს, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. გავიდნენ და გაიარეს ერთი ქუჩა და ანგელოზი იმწამს განშორდა მას.
  • 11. გონს რომ მოეგო, თქვა პეტრემ: „ახლა ჭეშმარიტად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყველაფრისაგან, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა.“
  • 12. გონს მოსული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
  • 13. ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდე, კარის გასაღებად გამოვიდა.
  • 14. იცნო პეტრეს ხმა და ისე გაუხარდა, რომ ჭიშკარიც არ გაუღია, შინ შევარდა და შეატყობინა, რომ პეტრე იდგა ჭიშკართან.
  • 15. მათ უთხრეს მას: „შეიშალე?“ ის კი ამტკიცებდა თავისას. ხოლო მათ თქვეს: ეს მისი ანგელოზი იქნებაო.
  • 16. პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ.
  • 17. ანიშნა მათ ხელით, რომ გაჩუმებულიყვნენ და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილიდან, და თქვა:„შეატყობინეთ ეს იაკობსა და ძმებს.“ მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.
  • 18. როცა გათენდა ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა იმის გამო, თუ რა იქნა პეტრე.
  • 19. ჰეროდე კი ეძებდა მას და ვერ იპოვნა. დაჰკითხა მცველები და ბრძანა მათი წაყვანა დასახოცად. მერე იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.
  • 20. ჰეროდე გულმოსული იყო ტვირელებსა და ციდონელებზე. ისინი კი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ითხოვდნენ მშვიდობას, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდ საზრდოობდა.
  • 21. დაწესებულ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო შესამოსელი, დაჯდა ტახტზე და მიმართა მათ.
  • 22. ხალხი კი ღაღადებდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა.!“
  • 23. უეცრად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა სული განუტევა.
  • 24. უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.
  • 25. ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი სამსახური და გამობრუნდნენ იერუსალიმიდან. თან წაიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული.

თავი 13 რედაქტირება

  • 1. იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ნიგერი ერქვა, ლუკიოს კვირინელი და მანიანი — ტეტრარქის — ჰეროდეს — ძუძუმტე, და სავლე.
  • 2. როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“
  • 3. მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
  • 4. ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გასცურეს კვიპროსზე.
  • 5. სალამისში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში. იოანეც თან ჰყავდათ მსახურად.
  • 6. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, ნახეს ერთი კაცი, მოგვი, ცრუწინასწარმეტყველი, იუდეველი, სახელად ბარიესუსი,
  • 7. რომელიც იყო პროკონსულ სერგის-პავლესთან, გონიერ კაცთან. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა.
  • 8. წინაღუდგა მათ ელიმას მოგვი, ვინაიდან ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან გადაეცდინა პროკონსული.
  • 9. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულიწმიდით, მიაპყრო მას მზერა
  • 10. და უთხრა: „ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ყოველგვარი სიბოროტით აღვსილო, ეშმაკის ძეო და ყოველივე მართლის მტერო, მოეშვები თუ არა უფლის სწორი გზების გამრუდებას?
  • 11. აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი: შენ დაბრმავდები და ერთხანს ვეღარ დაინახავ მზეს.“ და მყისვე დაეცა მას ჯანღი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
  • 12. მაშინ დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა, და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
  • 13. პაფოსიდან გამგზავრებული, პავლე და მასთან მყოფნი, პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
  • 14. ისინი კი პერგეს გავლით მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, სინაგოგაში შევიდნენ შაბათ დღეს და დასხდნენ.
  • 15. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის შემდეგ სინაგოგის უფროსებმა მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „კაცნო ძმანო, თუ რამე მანუგეშებელი სიტყვა გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი თქვით.“
  • 16. ადგა პავლე, ხელით ანიშნა და თქვა: „კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
  • 17. ამ ერის, ისრაელის, ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები და აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის ქვეყანაში მდგმურობისას, და მაღალი მკლავით გამოიყვანა იქიდან.
  • 18. და ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში.
  • 19. მოსპო შვიდი ხალხი ქანაანის ქვეყანაში და მათ დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
  • 20. ამის შემდეგ, ასე, ოთხას ორმოცდაათ წელიწადს აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე.
  • 21. მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.
  • 22. მისი გადაყენების შემდეგ, მეფედ დაუყენა მათ დავითი, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: 'ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.'
  • 23. მისი შთამომავლობისაგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო.
  • 24. მისი მოსვლის წინ იოანე უქადაგებდა მთელ ისრაელის ხალხს მონანიების ნათლისღებას.
  • 25. როცა ამთავრებდა თავის სარბიელს, იოანე ამბობდა: 'ვინ გგონივართ მე? მე არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის ფეხზე სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ.'
  • 26. კაცნო ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და თქვენს შორის ღვთისმოშიშნო! თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა.
  • 27. ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ იცნეს იგი, დასაჯეს და ამით აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ყოველ შაბათს იკითხება.
  • 28. და რაკი ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
  • 29. როცა აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, ჩამოხსნენ ძელიდან და დაასვენეს სამარხში.
  • 30. ხოლო ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი.
  • 31. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც ახლა მისი მოწამენი არიან ხალხის წინაშე.
  • 32. და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, რომელიც მამებს მისცა, ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო.
  • 33. როგორც მეორე ფსალმუნში სწერია: 'ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.'
  • 34. ხოლო რაკი მან აღადგინა მკვდრეთით, რათა ის აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მე მოგცემთ თქვენ დავითის სარწმუნო სიწმიდეებს,
  • 35. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.'
  • 36. მაგრამ დავითმა, რომელიც მსახურობდა თავის თაობაში, ღვთის ნებით განისვენა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
  • 37. ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება.
  • 38. ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო ძმანო, რომ მისით ცოდვების მიტევება გეუწყებათ.
  • 39. ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
  • 40. გაფრთხილდით, რომ არ გეწიოთ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული:
  • 41. 'იხილეთ, მოძულენო, და განცვიფრდით და გაუჩინარდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაუჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის.'“
  • 42. როცა იუდეველთა სინაგოგიდან გამოდიოდნენ, ხალხი ევედრებოდა მათ, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.
  • 43. კრებული რომ დაიშალა, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი რჯულშეცვლილი მისდევდა პავლეს და ბარნაბას. ისინი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
  • 44. მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
  • 45. როცა იუდეველებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ,და შეურაცხმყოფელად უარყოფდნენ იმას, რასაც პავლე ლაპარაკობდა.
  • 46. მხნეობა მოიკრიბეს ბარნაბამ და პავლემ გაბედეს და თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ.
  • 47. ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: 'მე დაგაყენე წარმართა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე.'“
  • 48. ეს რომ ესმოდათ, წარმართები ხარობდნენ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისათვის იყო განწესებული.
  • 49. მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა უფლის სიტყვა.
  • 50. ხოლო იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის მთავარნი, დაიწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გააძევეს ისინი თავიანთი საზღვრებიდან.
  • 51. მათ კი დაიბერტყეს ფეხის მტვერი და მივიდნენ იკონიაში.
  • 52. ხოლო მოწაფეები აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.

თავი 14 რედაქტირება

  • 1. იგივე მოხდა იკონიაში: ისინი შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და იმგვარად ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა.
  • 2. ხოლო ურწმუნო იუდეველები აღიზიანებდნენ და აბოროტებდნენ წარმართთა სულებს ძმების წინააღმდეგ.
  • 3. თუმცა ისინი საკმაო ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად მათი ხელით იძლეოდა ნიშნებსა და ახდენდა სასწაულებს.
  • 4. გაიყო ქალაქის ერი: ერთნი იუდეველებს მიემხრნენ, სხვანი კი — მოციქულებს.
  • 5. როცა იუდეველები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად ცდილობდნენ, რომ შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი,
  • 6. მათ შეიტყეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში — ლუსტრასა და დერბეში, მათ შემოგარენში,
  • 7. და იქ ახარებდნენ.
  • 8. ერთი კაცი, ფეხებით უძლური, იჯდა ლუსტრაში, დედის მუცლიდანვე კოჭლი იყო და არასოდეს გაევლო.
  • 9. იგი ისმენდა პავლეს საუბარს. პავლემ შეხედა მას და დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა.
  • 10. უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით: წამოდექი ფეხზე და გაიმართე!“ ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული.
  • 11. ხალხმა რომ დაინახა, თუ რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აღიმაღლა და ლუკაონურად თქვა: ღმერთები ადამიანებს დაემსგავსნენ და ჩვენთად ჩამოვიდნენო,
  • 12. და უწოდეს ბარნაბას ზევსი და პავლეს — ჰერმესი, ვინაიდან პავლე უფროსობდა სიტყვაში.
  • 13. ხოლო ქურუმმა ზევსის ტაძრისა, რომელიც იმ ქალაქის წინ იყო, ჭიშკართან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები და აპირებდა ხალხთან ერთად მსხვერპლის შეწირვას.
  • 14. ეს რომ გაიგონეს, მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ, შეჰყვირეს და თქვეს:
  • 15. „კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებისაგან მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, და რაც მათ წიაღშია;
  • 16. რომელმაც წარსულ თაობებში მიუშვა ყველა ერი, რომ თავისი გზებით ევლოთ,
  • 17. თუმცა უმოწმებლად არ დაუტოვებია თავისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს.“
  • 18. ამას რომ ლაპარაკობდნენ, ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.
  • 19. მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, დაარწმუნეს ხალხი და ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ.
  • 20. როცა მოწაფეები გარსნშემოეხვივნენ, წამოდგა და წავიდა ქალაქში. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.
  • 21. სახარებას უქადაგებდნენ ამ ქალაქს, მრავალი დაიმოწაფეს და დაბრუნდნენ ლუსტრას, იკონიას და ანტიოქიას.
  • 22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს და შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა.
  • 23. ხელი დაასხეს მათ თითოეულ ეკლესიაში უხუცესებს და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.
  • 24. და გაიარეს პისიდია და მივიდნენ პამფილიაში.
  • 25. და იქადაგეს პერგეში სიტყვა და ჩავიდნენ ატალიაში.
  • 26. იქიდან გასცურეს ანტიოქიაში, საიდანაც მიენდნენ ღვთის მადლს საქმისათვის, რომელიც შეასრულეს.
  • 27. მოვიდნენ და შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.
  • 28. დაყვეს არამცირედი ხანი მოწაფეებთან.

თავი 15 რედაქტირება

  • 1. ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებითო.
  • 2. როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთ სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან.
  • 3. გააცილა ეკლესიამ და ფინიკიასა და სამარიაში გავლისას ისინი უამბობდნენ წარმართთა მოქცევაზე, და ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ.
  • 4. იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიიღეს ისინი ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათი ხელით,
  • 5. წამოდგნენ ზოგიერთნი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მცნებად დადება, რომ დაიცვან მოსეს რჯული.
  • 6. შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად.
  • 7. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: „კაცნო ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.
  • 8. და გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.
  • 9. განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როცა რწმენით, განწმიდა მათი გულები.
  • 10. ახლა რატომ გამოსცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს, ვერც ჩვენ?
  • 11. მაგრამ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.“
  • 12. ბევრი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ, თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის.
  • 13. მათი დადუმების შემდეგ მიუგო იაკობმა და თქვა: „კაცნო ძმანო, მომისმინეთ:
  • 14. სიმონმა მოგვითხრო, როგორც მოხედა ღმერთმა პირველად წარმართებს, რომ წარმათთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის.
  • 15. ამასვე ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია:
  • 16. 'ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ კარავს, დანგრეულს აღვადგენ და კვლავ ავაშენებ,
  • 17. რათა ეძიოს ადამიანთა ნატამალმა უფალი და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი.
  • 18. საუკუნითგან ღვთისთვის ცნობილია ყოველივე მისი საქმე.'
  • 19. ამიტომ მე ვფიქრობ, არ დავაბრკოლოთ ისინი, ვინც წარმართთაგან ღვთისკენ არიან მიქცეულნი,
  • 20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ერიდონ კერპებით შებილწულს, მრუშობას, დამღრჩვალს და სისხლს.
  • 21. ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.“
  • 22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ ეკლესიასთან ერთად საჭიროდ მიიჩნიეს, ამოერჩიათ თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში მისავლენად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად: იუდა, რომელსაც ბარშაბა ეწოდა, და სილა — კაცები, რომლებიც წინამძღვრობდნენ ძმებს შორის.
  • 23. დაწერეს თავიანთი ხელით: „მოციქულები და უხუცესები, ძმები — ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულ ძმებს: გიხაროდეთ!
  • 24. რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აღგაშფოთეს თავიანთი სიტყვებით და სული შეგირყიეს, რადგან გითხრეს, უნდა წინადაიცვითოთ და რჯული დაიცვათო, რაც ჩვენ არ დაგვივალებია,
  • 25. ერთსულოვნად საჭიროდ მივიჩნიეთ კაცების არჩევა თქვენთან მოსავლენად ჩვენს საყვარელ ბარნაბას და პავლესთან ერთად,
  • 26. ადამიანებთან, რომელთაც თავი გადადეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.
  • 27. ჩვენ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით.
  • 28. საჭიროდ სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.
  • 29. ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, დამღრჩვალსა და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს ,კარგს იზამთ, იყავით ჯანმრთელად!“
  • 30. წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს კრებული და გადასცეს წერილი.
  • 31. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.
  • 32. იუდამ და სილამ, რომლებიც აგრეთვე წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს.
  • 33. დაყვეს იქ რამდენიმე ხანი და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან.
  • 34. ხოლო სილამ საჭიროდ მიიჩნია იქვე დარჩენა.
  • 35. პავლე და ბარნაბა შეყოვდნენ ანტიოქიაში, ასწავლიდნენ და ახარებდნენ ბევრ სხვასთან ერთად უფლის სიტყვას.
  • 36. რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა ბარნაბას პავლემ: „წავედით კიდევ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა. ვნახოთ, როგორ არიან.“
  • 37. ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა იოანე, რომელსაც მარკოზი ერქვა.
  • 38. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ უნდა წაეყვანათ ის, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე.
  • 39. ჩამოვარდა უთანხმოება და ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გაცურეს კვიპროსამდე.
  • 40. ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.
  • 41. მიმოდიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.

თავი 16 რედაქტირება

  • 1. ჩავიდა დერბეს და ლუსტრას. და, აჰა, იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი,
  • 2. რომელზეც მოწმობდნენ ლუსტრელი და იკონიელი ძმები.
  • 3. პავლემ მოისურვა მასთან ერთად წასვლა. წაიყვანა და წინადაცვითა იუდეველთა გულისთვის, რომლებიც იმ ადგილებში იყვნენ, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
  • 4. ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულთა და უხუცესთა მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.
  • 5. ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენით და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
  • 6. გაიარეს მათ ფრიგია და გალატელთა ქვეყანა, და სულიწმიდისგან აკრძალული ჰქონდათ სიტყვის ქადაგება აზიაში.
  • 7. მივიდნენ მისიამდე და აპირებდნენ ბითვინიაში გამგზავრებას, მაგრამ იესოს სულმა არ გაუშვა ისინი.
  • 8. მისიას გასცდნენ და ტროაში ჩავიდნენ.
  • 9. ღამით პავლეს ჩვენება ჰქონდა: წარუდგა ვიღაც მაკედონიელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე.“
  • 10. ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე ვცადეთ მაკედონიაში გამგზავრება. ვფიქრობდით, რომ ღმერთმა მოგვიწოდა, გვეხარებინა მათთვის.
  • 11. გავცურეთ ტროადან და პირდაპირ გავეშურეთ სამოთრაკეში, ხოლო მეორე დღეს — ნეაპოლისში.
  • 12. იქიდან ფილიპეში, რომელიც მაკედონიის მთავარი ნაწილის ქალაქია, კოლონია. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე.
  • 13. შაბათ დღეს გავედით კარიბჭის გარეთ, მდინარის პირას, სადაც სალოცავი გვეგულებოდა. დავსხედით და ველაპარაკებოდით იქ შეკრებილ დედაკაცებს.
  • 14. ერთი დედაკაცი, სახელად ლიდია, ქალაქ თიატირიდან, ძოწეულით მოვაჭრე, ღვთისმოშიში, ისმენდა. უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკევის მოსასმენად.
  • 15. როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლი, გვთხოვა და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.“ და დაგვიყოლია.
  • 16. როდესაც სალოცავში მივდიოდით, შეგხვდა ერთი მხევალი, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
  • 17. იგი პავლეს და ჩვენ აგვედევნა, ყვიროდა და ამბობდა: ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ თქვენი ხსნის გზებსო.
  • 18. ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. პავლე ძალიან შეწუხდა, მიუბრუნდა სულს და უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან.“ და იმწამსვე გამოვიდა.
  • 19. დაინახეს მისმა ბატონებმა, რომ გაქრა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მიიყვანეს მოედანზე მთავრებთან.
  • 20. მთავრებს რომ წარუდგინეს, უთხრეს: „ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს.
  • 21. და გვასწავლიან ზნე- ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, ვინაიდან რომაელები ვართ.“
  • 22. და აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ. ხოლო მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
  • 23. მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.
  • 24. ასეთი ბრძანება რომ მიიღო, მანაც შეყარა ისინი შიდა საპყრობილეში და ფეხებზე ხუნდები დაადო.
  • 25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
  • 26. უეცრად მოხდა დიდი მიწისძვრა, ისე რომ, საპყრობილის საძირკველი შეირყა. მყისვე გაიღო ყველა კარი და ყველას დასცვივდა ბორკილები.
  • 27. გამოეღვიძა საპყრობილის ზედამხედველს და დაინახა, რომ საპყრობილის კარი ღია იყო. იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ.
  • 28. პავლემ გამოსძახა ხმამაღლა და უთხრა: „შენ თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, ვინაიდან ჩვენ ყველანი აქა ვართ.“
  • 29. მან კი სანთელი მოთხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე.
  • 30. გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?“
  • 31. ხოლო მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც.“
  • 32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მას და ყველას, მის სახლში მყოფს.
  • 33. და წაიყვანა ისინი იმ ღამეს, იმ საათშივე, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.
  • 34. მიიყვანა ისინი თავის სახლში, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, რომ იწამა ღმერთი.
  • 35. რომ გათენდა, მთავრებმა გაგზავნეს მსახურნი და უთხრეს: „გაუშვი ის კაცები.“
  • 36. შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: „მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და მშვიდობით წადით.“
  • 37. მაგრამ პავლემ უთხრა მათ: „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, განუკითხავად გვცემეს სახალხოდ და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ.“
  • 38. მოახსენეს მსახურებმა მთავრებს ეს სიტყვები. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო.
  • 39. და მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილიდან და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ.
  • 40. გამოვიდნენ საპყრობილიდან და მივიდნენ ლიდიასთან, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და წავიდნენ.

თავი 17 რედაქტირება

  • 1. გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.
  • 2. თავისი ჩვეულებისამებრ, პავლე შევიდა მათთან და სამი შაბათის განმავლობაში ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან.
  • 3. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და რომ ეს ქრისტე იესოა, რომელსაც მე გახარებთ თქვენ.
  • 4. ზოგიერთმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, ასევე ბევრი დიდგვაროვანი დედაკაცი.
  • 5. იუდეველები შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე.
  • 6. ისინი რომ ვერ იპოვეს, იასონი და ზოგიერთი ძმა წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ: „მსოფლიოს ამრევებმა აქაც მოაღწიეს,
  • 7. იასონმა შეიფარა ისინი. ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.“
  • 8. ააშფოთეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომელთაც ესმოდათ ეს.
  • 9. მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან და გაუშვეს ისინი.
  • 10. ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბეროაში, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.
  • 11. ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო.
  • 12. ბევრმა მათგანმა ირწმუნა, წარჩინებულ ბერძენ ქალთაგან და კაცთაგან არამცირედმა.
  • 13. როდესაც შეიტყვეს თესალონიკელმა იუდეველებმა, რომ ბეროაშიც ქადაგებდა პავლე ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ, ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი.
  • 14. მაშინ ძმებმა მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
  • 15. გამცილებლებმა პავლე ათენამდე მიიყვანეს, და მიიღეს დავალება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ, რაც შეიძლება, მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ.
  • 16. ვიდრე პავლე მათ ათენში ელოდა, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ.
  • 17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
  • 18. ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი გაუმართა მას. ერთნი ამბობდნენ: რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს. მეორენი ამბობდნენ: ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
  • 19. შეიპყრეს იგი და მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: „შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის, შენგან ნაქადაგები, ეს ახალი მოძღვრება?
  • 20. ვინაიდან რაღაცას უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?“
  • 21. ყველა ათენელს და იქ მცხოვრებ უცხოელს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე ახლის ლაპარაკი ან მოსმენა.
  • 22. დადგა პავლე არეოპაგის შუაში და თქვა: „კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ,
  • 23. ვინაიდან, როცა გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: 'უცნობ ღმერთს'. მე გიქადაგებთ მას, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
  • 24. ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს,
  • 25. არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
  • 26. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველივე ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები,
  • 27. რათა ეძიონ ღმერთი. ვინძლო იგრძნონ იგი და იპოვონ, შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისგან.
  • 28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: ჩვენ მისი მოდგმა ვართ.
  • 29. და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ანდა ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოხატულს.
  • 30. მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ.
  • 31. ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესად მსოფლიოს განიკითხავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელით, ყველას მისცა რწმენა, როცა იგი მკვდრეთით აღადგინა.“
  • 32. ხოლო მკვდართა აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ: ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.
  • 33. ასე გამოვიდა პავლე მათგან.
  • 34. ზოგიერთნი მიემხრნენ და ირწმუნეს — მათ შორის დიონისიოს არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და სხვებმაც მათთან ერთად.

თავი 18 რედაქტირება

  • 1. ამის შემდეგ პავლემ დატოვა ათენი და მივიდა კორინთოში.
  • 2. და ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, იტალიიდან ახალდაბრუნებულნი, ვინაიდან კლავდიუსმა ბრძანა ყველა იუდეველი რომიდან გამოეძევებინათ, და მივიდა მათთან.
  • 3. და რაკი ერთი ხელობისანი იყვნენ, დარჩა მათთან და შრომობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.
  • 4. ყოველ შაბათს საუბრობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს.
  • 5. როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან მოვიდნენ, მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ ქრისტეა იესო.
  • 6. მაგრამ როცა შეეწინააღმდეგნენ და გმობა დაუწყეს, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ. ამიერიდან წარმართებთან მივდივარ.“
  • 7. და წავიდა იქიდან და შევიდა ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტოსის, სახლში სინაგოგის გვერდით.
  • 8. კვიპროსმა კი, სინაგოგის მთავარმა, მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; და მრავალმა კორინთელთაგან, როცა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.
  • 9. უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.
  • 10. ვინაიდან მე ვარ შენთან და ვერავინ გავნებს, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.“
  • 11. დარჩა იქ ერთ წელიწადსა და ექვს თვეს, და ასწავლიდა მათ შორის ღვთის სიტყვას.
  • 12. როცა გალიონი აქაიას მთავარი იყო, იუდეველები ერთსულოვნად დაესხნენ თავს პავლეს და მიიყვანეს სამსჯავროში,
  • 13. და თქვეს: „ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ სცენ თაყვანი ღმერთს.“
  • 14. როცა პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: „იუდეველებო, რომ ყოფილიყო რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის,
  • 15. ხოლო, როდესაც სარჩელი ეხება თქვენს მოძღვრებას, სახლებსა და რჯულს, თქვენ თვითონ მიხედეთ, მე არ მსურს ვიყო ამის მსაჯული.“
  • 16. და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
  • 17. მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენესი და სცემეს სამსჯავროს წინ. მაგრამ გალიონს ესენი არ ადარდებდა.
  • 18. პავლემ საკმაო ხანი რომ დაჰყო, გამოეთხოვა ძმებს და გასცურა სირიისაკენ, პრისკილასთან და აკვილასთან ერთად. მან კენქრეში გაიპარსა თავი, ვინაიდან აღთქმა ჰქონდა მიცემული
  • 19. ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ეკამათა იუდეველებს.
  • 20. როცა მას სთხოვეს, რომ მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, არ დათანხმდა,
  • 21. არამედ გამოეთხოვა მათ და თქვა: „მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო. თქვენთან ისევ დავბრუნდები, თუ ღმერთმა ინება.“ და გასცურა ეფესოდან.
  • 22. და ჩავიდა კესარიაში, მოიკითხა ეკლესიადა მერე ანტიოქიაში ჩავიდა.
  • 23. დაჰყო რამდენიმე ხანი და წავიდა და რიგ-რიგობით მოიარა გალატელთა ქვეყანა და ფრიგია, და განამტკიცებდა მოწაფეებს.
  • 24. ერთი იუდეველი კაცი, სახელად აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი, ენამჭევრი კაცი და ძლიერი წერილებში, მივიდა ეფესოს.
  • 25. განსწავლული იყო უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, ოღონდ მარტო იოანეს ნათლისცემა იცოდა.
  • 26. მან გაცხადებულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. მოუსმინეს აკვილამ და პირსკილამ და თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
  • 27. ხოლო როდესაც განიზრახა აქაიაში წასვლა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს, ემასპინძლათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მადლით მორწმუნეებს.
  • 28. ვინაიდან იგი ბეჯითად ამხილებდა იუდეველებს, ადასტურებდა წერილების მიხედვით, რომ ქრისტეა იესო.

თავი 19 რედაქტირება

  • 1. კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარეები, ჩავიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი.
  • 2. უთხრა მათ: „თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?“ მათ მიუგეს: „არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.“
  • 3. უთხრა: „რიღათი მოინათლეთ?“ მათ თქვეს: „იოანეს ნათლისცემით.“
  • 4. თქვა პავლემ: „იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე.“
  • 5. მათაც გაიგეს და მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.
  • 6. როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და აწინასწარმეტყველდნენ.
  • 7. სულ იყო თორმეტიოდე კაცი.
  • 8. შევიდა სინაგოგაში და სამ თვეს გაცხადებულად საუბრობდა და ირწმუნებოდა ღვთის სასუფეველის შესახებ.
  • 9. მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაჯიუტდნენ და არ ირწმუნეს, და საჯაროდ ლანძღავდნენ უფლის გზას, მაშინ მან მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში.
  • 10. ასე გასტანა ორ წელიწადს, ისე რომ აზიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას — როგორც იუდეველები, ისე ბერძნები.
  • 11. ხოლო ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.
  • 12. ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ ხელსახოცებსა და წელსაკრავებს ადებდნენ და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებებს, და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.
  • 13. შეეცადა ზოგიერთი მოხეტიალე შემლოცველი იუდეველიც უფალ იესოს სახელის ხსენებას ავი სულით შეპყრობილზე და ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
  • 14. ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას, შვიდი ვაჟი.
  • 15. მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?“
  • 16. და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა მათ, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ სახლიდან.
  • 17. ეს ცნობილი გახდა ყველა იუდეველისა და ბერძენისათვის, რომლებიც ეფესოში ცხოვრობდნენ, და თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი.
  • 18. მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
  • 19. ბევრმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი აღმოჩნდა.
  • 20. ასე იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის ძალისამებრ სიტყვა.
  • 21. როდესაც ეს აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო მაკედონიასა და აქაიას გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: „იქ ყოფნის შემდეგ რომიც უნდა მოვინახულო.“
  • 22. გაგზავნა მაკედონიაში ორი თავისი მსახური — ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.
  • 23. იმ ხანებში დიდი არეულობა მოხდა უფლის გზის გამო.
  • 24. იყო ერთი ვერცხლის მჭედელი, სახელად დემეტრე, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და არამცირედ საქმეს უჩენდა ხელოსნებს.
  • 25. შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: „კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.
  • 26. ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში ამ პავლემ თავისი დარწმუნებით ამდენი ხალხი შეაცდინა. ასე ამბობს: ადამიანთა ხელითქმნილნი არ არიანო ღმერთები.
  • 27. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდ ქალღმერთის, არტემისის ტაძარსაც აღარაფერი მნიშვნელობა ექნება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი აზია და მსოფლიო.“
  • 28. ეს რომ მოისმინეს რისხვით აღივსნენ, მორთეს ყვირილი და ამბობდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“
  • 29. მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს გაიოსი და არისტარქოს მაკედონელნი, პავლეს თანამგზავრები, და ერთსულოვნად გაეშურნენ თეატრონისაკენ.
  • 30. პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს.
  • 31. ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, რომელებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს არ გამოჩენილიყო თეატრონში.
  • 32. ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი — სხვას, ვინაიდან კრებული ჭრელი იყო და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი.
  • 33. ხალხიდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელიც იუდეველებმა წარადგინეს. ალექსანდრემ ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლებინა ხალხის წინაშე.
  • 34. როცა შეიტყვეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველას ერთი ხმა აღმოხდა და თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“
  • 35. ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: „ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ეფესელთა ქალაქი მცველია დიდი არტიმისისა და ცითმოვლენილისა?
  • 36. და რაკი ეს უცილობელია, თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ.
  • 37. მოიყვანეთ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები.
  • 38. თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს აქვთ ვინმეზე საჩივარი, აგერ გვაქვს სამსჯავროს შეკრებები და გვყავს პროკონსულები, და უჩივლონ ერთმანეთს.
  • 39. ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე გადაწყდება.
  • 40. ვინაიდან ჩვენ საფრთხე გვემუქრება, რომ დღევანდელი შფოთისთვის ბრალს დაგვდებენ, რაკი არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შეგვეძლოს.“ ეს თქვა და კრება დაითხოვა.

თავი 20 რედაქტირება

  • 1. ამბოხების ჩაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, დაარიგა, დაემშვიდობა, გავიდა და მაკედონიისკენ გასწია.
  • 2. ის მხარეები რომ მოიარა და მრავალი სიტყვით დაარიგა, ელადაში მივიდა.
  • 3. იქ სამი თვე დაჰყო, ხოლო სირიაში გადაცურვა რომ დააპირა, იუდეველებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ამიტომ გადაწყვიტა მაკედონიის გზით დაბრუნებულიყო.
  • 4. თან ახლდნენ მას აზიამდე ბერეაელი სოპატრე, პიროსის ძე, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიოსი და ტიმოთე, აზიელთაგან — ტიქიკოსი და ტროფიმე.
  • 5. ისინი წინ წავიდნენ, რათა დაგვლოდებოდნენ ტროადაში, სადაც შვიდი დღე დავყავით.
  • 7. შვიდეულის პირველ დღესვე, როცა მოწაფეები შეიკრიბნენ პურის გასატეხად, პავლე, რომელიც მეორე დღეს გამგზავრებას აპირებდა, ესაუბრებოდა მათ და შუაღამემდე გააგრძელა სიტყვა.
  • 8. ზედათვალში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილები, ბევრი სანთელი იყო.
  • 9. ერთი ჭაბუკი სახელად ევტიხი, რომელიც სარკმლის რაფაზე ჩამომჯდარიყო, რაკი პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ძილქუშმა მოიცვა და მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.
  • 10. ჩამოვიდა პავლე, გადაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანვეა.“
  • 11. ავიდა ზევით და პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, და წავიდა.
  • 12. ის ყრა კი ცოცხალი მოიყვანეს და არამცირედი ნუგეში ეცათ.
  • 13. ჩვენ წინ გავწიეთ ხომალდით და მივცურეთ ასონში, რათა პავლე წამოგვეყვანა იქიდან. ასე გვიბრძანა, რადგანაც თავად ფეხით აპირებდა ასვლას.
  • 14. როცა ჩვენ შეგვხვდა ასონში, წამოვიყვანეთ იგი და მივედით მიტილენეში.
  • 15. იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს დავდექით ხიოსის პირდაპირ, მეორე დღეს მივადექით სამოსს, დავყავით ტროგილიუმში და მომდევნო დღეს მივედით მილეტში.
  • 16. პავლემ გადაწყვიტა ეფესოსთვის გვერდი აექცია, რომ არ დაყოვნებულიყო აზიაში, ვინაიდან ჩქარობდა, უნდოდა ორმოცდაათობის დღეს იერუსალიმში ყოფილიყო.
  • 17. მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და დაიბარა ეკლესიის უხუცესები.
  • 18. როცა მოვიდნენ მასთან, უთხრა: „თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, როცა აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი.
  • 19. ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელებით, რომელნიც შემემთხვა იუდეველთა შეთქმულებებით.
  • 20. არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ გამეცხადებინა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში.
  • 21. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
  • 22. და აჰა, ახლა სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და რა შემემთხვევა, არ ვიცი.
  • 23. მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში და მეუბნება, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის.
  • 24. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემს სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალ იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება.
  • 25. აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს.
  • 26. ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველას სისხლისაგან.
  • 27. ვინაიდან არ დამიტოვებია გაუცხადებელი ღვთის ყოველი ნება.
  • 28. გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
  • 29. ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, როლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
  • 30. და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ.
  • 31. ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.
  • 32. ახლა კი ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრებელი ყველა განწმედილთან ერთად.
  • 33. არავისი არც ვერცხლი მინატრია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.
  • 34. თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს.
  • 35. ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.“
  • 36. ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.
  • 37. მაშინ დიდი ტირილი იყო ყველასთან, ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და კოცნიდნენ.
  • 38. უფრო მეტად იმ სიტყვაზე წუხდნენ, რომ თქვა, ვეღარ იხილავთო ჩემ სახეს. და მიაცილეს იგი ხომალდამდე.

თავი 21 რედაქტირება

  • 1. როცა მათ დავშორდით, გადავცურეთ პირდაპირ და მივედით კოსში, ხოლო მეორე დღეს – როდოსს, და იქიდან – პატრაში.
  • 2. ვნახეთ ხომალდი, რომელიც ფინიკიაში მიდიოდა, ავედით და გავცურეთ.
  • 3. კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისაკენ გავცურეთ და ჩავედით ტვიროსში, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი.
  • 4. მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
  • 5. ამ დღეებმა რომ ჩაირა, გამოვედით და გავწიეთ. ყველა ცოლ-შვილითურთ ქალაქგარეთ გამოგვაცილა და ზღვის ნაპირზე მუხლმოყრილებმა ვილოცეთ.
  • 6. ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ავედით ხომალდზე, ისინი კი სახლებში დაბრუნდნენ.
  • 7. დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაისში ჩავედით, მოვიკითხეთ ძმები და ერთი დღე დავყავით მათთან.
  • 8. მეორე დღეს გამოვედით და მივედით კესარიას, და შევედით ერთ-ერთ შვიდთაგანის – ფილიპე მახარებლის – სახლში და დავრჩით მასთან.
  • 9. მას ჰყავდა ოთხი ქალიშვილი – გაქადაგებული ქალწულები.
  • 10. მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი.
  • 11. მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა: კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იერუსალიმში იუდეველები და წარმართებს მისცემენ ხელში.“
  • 12. ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენ და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში.
  • 13. მაშინ მოგვიგო პავლემ და გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, არამედ იერუსალიმში სასიკვდილოდაც მზადა ვარ უფალ იესოს სახელისათვის.“
  • 14. რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება დავწყნარდით და ვუთხარით: „უფლის ნება იყოს!“
  • 15. იმ დღეების შემდეგ გავემზადეთ და ავედით იერუსალიმს.
  • 16. თან გამოგვყვა აგრეთვე ზოგიერთი მოწაფე კესარიიდან და მოგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია.
  • 17. იერუსალიმში მისულნი სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
  • 18. მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან და ყველა უხუცესიც მოვიდა.
  • 19. მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მოახდინა წარმართებს შორის მისი მსახურებით.
  • 20. ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის! და ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.
  • 21. შენზე გაიგეს, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთ შვილებს და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონო.
  • 22. აბა, რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებენ.
  • 23. ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული.
  • 24. წაიყვანე ესენი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯები, რათა თავი გაიპარსონ, და გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას.
  • 25. ხოლო წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივწერეთ, მოერიდონ ნაკერპავებს, სისხლს, დამხრჩვალს და მრუშობას.“
  • 26. მაშინ პავლემ წაიყვანა ის კაცები, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმიდა, მომდევნო დღეს შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, რომ დასრულდა განწმედის დღეები, როცა თითოეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.
  • 27. როცა იწურებოდა შვიდი დღე, აზიელმა იუდეველებმა, ტაძარში რომ დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას.
  • 28. ყვიროდნენ: „კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან უქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ. ახლა ბერძნებიც კი შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.“
  • 29. მასთან ერთად ქალაქში უნახავთ ტროფიმე ეფესელი და ჰგონებიათ, პავლემ შეიყვანაო ტაძარში.
  • 30. მთელი ქალაქი შეიძრა და შეგროვდა ხალხი. პავლე შეიპყრეს, გამოათრიეს ტაძრიდან და კარები მყისვე ჩაიკეტა.
  • 31. როცა მოკვლა დაუპირეს, რაზმის ათასისთავს მიუვიდა ამბავი, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.
  • 32. მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და გაეშურა მათკენ. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას.
  • 33. მაშინ ასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა ორი ჯაჭვით შეეკრათ, და კითხულობდა: ვინ არის და რა ჩაიდინაო?
  • 34. ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – მეორეს. ხოლო მან, რაკი ვერ შეძლო არეულობის გამო სინამდვილის გაგება, მისი ბანაკში წაყვანა ბრძანა.
  • 35. როცა კიბეებთან მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ხალხის სიმრავლის გამო,
  • 36. ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: „სიკვდილი მაგას!“
  • 37. ბანაკში რომ შეჰყავდათ, პავლემ უთხრა ათასისთავს: „შეიძლება ერთი რამ გითხრა?“ მან თქვა: „ბერძნული იცი?
  • 38. შენ არ ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ შფოთი რომ ატეხა და ოთხი ათასი ყელისგამომღადვრელი უდაბნოში გაიყვანა?“
  • 39. თქვა პავლემ: „მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, არცთუ უცნობი კილიკიის ქალაქის მოქალაქე. გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო.“
  • 40. ნება რომ მისცა, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა და თქვა.

თავი 22 რედაქტირება

  • 1. „კაცნო, ძმანო და მამანო! მოისმინეთ ჩემი თავის მართლება თქვენს წინაშე.“
  • 2. როცა გაიგონეს, რომ ებრაულად ლაპარაკობდა მათ, კიდევ უფრო გაყუჩდნენ. მან თქვა:
  • 3. „მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი.
  • 4. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში გადავცემდი როგორც კაცებს, ასევე ქალებს.
  • 5. ამაში მღვდელმთავარიც დამემოწმება და მთელი უხუცესობა. მათგან ბარათებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისათვის და მივდიოდი, რომ იქაურობაც წამეყვანა დასასჯელად იერუსალიმში.
  • 6. მოხდა ისე, რომ როცა მივდიოდი და ვუახლოვდებოდი დამასკოს, შუადღისას უეცრად ძლიერმა ნათელმა მომიცვა ციდან.
  • 7. დავეცი მიწაზე და მომესმა ხმა, რომელიც მეუბნებოდა: 'სავლე, სავლე, რად მდევნი მე?'
  • 8. მე მივუგე: 'ვინა ხარ, უფალო?' მან მითხრა: 'მე ვარ, იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ სდევნი.'
  • 9. ჩემთან მყოფებმა იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ.
  • 10. ვთქვი: 'რა ვქნა, უფალო?' უფალმა მითხრა: 'ადექი და წადი დამასკოს და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული.'
  • 11. რაკი იმ ნათლის დიდების გამო ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთან მყოფებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მომიყვანეს დამასკოში.
  • 12. ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით, რომელსაც ემოწმებოდა იქ მცხოვრები ყველა იუდეველი,
  • 13. მოვიდა ჩემთან, დამადგა და მითხრა: 'ძმაო სავლე, აგეხილოს თვალი.!' და მე იმ ჟამსავე დავინახე იგი.
  • 14. ხოლო მან მითხრა: 'ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ განგაწესა შენ, რომ შეიცნო მისი ნება, დაინახო მართალი კაცი და ისმინო ხმა მისი ბაგიდან.
  • 15. რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმისა, რაც ნახე და მოისმინე.
  • 16. ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.'
  • 17. როცა იერუსალიმში დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, მოვხვდი ხილვაში.
  • 18. დავინახე იგი და მან მითხრა: 'იჩქარე და გადი სწრაფად იერუსალიმიდან, ვინაიდან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემზე.'
  • 19. და მე ვთქვი: 'უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს.
  • 20. როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, და ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს.'
  • 21. და მითხრა: 'წადი, შორს მიგავლენ წარმართებთან.'"
  • 22. ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, და აღიმაღლეს ხმა და თქვეს: „აღიგავოს ასეთი კაცი მიწისაგან, ვინაიდან არ არის სიცოცხლის ღირსი!“
  • 23. როცა ისინი ყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ,
  • 24. ათასისთავმა ბრძანა ბანაკში შეეყვანათ იგი და უთხრა, შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რისთვის ყვიროდნენ ასე მის წინააღმდეგ.
  • 25. როცა გაჭიმეს ღვედებით, პავლემ უთხრა იქვე მდგომ ასისთავს: „რა უფლება გაქვთ, რომ გაუსამართლებლად გაშოლტოთ რომაელი კაცი?“
  • 26. ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ათასისთავთან და მოახსენა და უთხრა: „რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი!“
  • 27. მივიდა ათასისთავი და უთხრა მას: „მითხარი, რომაელი ხარ?“ მიუგო: „ჰო.“
  • 28. მიუგო ათასისთავმა: „მე დიდი თანხით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა.“ ხოლო პავლემ თქვა: „მე კი – დაბადებით.“
  • 29. მყისვე მოეშვნენ, ვინც მას დაკითხვას უპირებდნენ. ხოლო ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ იგი რომაელი ყოფილა, მან კი შეაბორკინა იგი.
  • 30. მეორე დღეს მოინდომა დანამდვილებით შეეტყო, რას აბრალებდნენ მას იუდეველები. შეხსნა მას ბორკილები და ბრძანა მღვდელმთავართა და მთელი სინედრიონის შეკრება. მოიყვანა პავლე და დააყენა მათ წინაშე.

თავი 23 რედაქტირება

  • 1. პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „კაცნო ძმანო, დღემდე წრფელი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.“
  • 2. მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა მისი სახეში ცემა.
  • 3. მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი გცემს შენ, შეფეთქილო კედელო! რჯულით განსაკითხად ზიხარ და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას.“
  • 4. იქ მდგომებმა თქვეს: „ღვთის მღვდელმთავარს აგინებს?“
  • 5. თქვა პავლემ: „მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია: 'შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი.'“
  • 6. პავლემ იცოდა, რომ ერთი ნაწილი სადუკევლებისა იყო, სხვა კი ფარისევლებისა, და დაიძახა სინედრიონში: „კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე, და მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები.“
  • 7. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა, და გაიყო კრებული.
  • 8. ვინაიდან სადუკეველნი ამბობენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სულიო, ფარისევლები კი ერთსაც აღიარებენ და მეორესაც.
  • 9. ატყდა დიდი ხმაური, წამოდგა ზოგიერთი მწიგნობარი ფარისეველთა მხრიდან, დაობდნენ და ამბობდნენ: „ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ. ან სული ელაპარაკებოდა მას, ან ანგელოზი. ღმერთს ნუ ებრძვით!“
  • 10. რაკი დიდი შფოთი ატყდა, ათასისთავს შეეშინდა, რომ მათ არ გაეგლიჯათ პავლე, და ჯარისკაცებს უბრძანა შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ბანაკში წაეყვანათ.
  • 11. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „გამხნევდი, ვინაიდან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს დამოწმება.“
  • 12. რომ გათენდა, იუდეველებმა შეკრება მოაწყვეს და შეფიცეს ერთმანეთს, თქვეს, არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ.
  • 13. ორმოცზე მეტნი იყვნენ ისინი, ვინც შეითქვნენ.
  • 14. მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: „ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, ვიდრე პავლეს არ მოვკლავთ.
  • 15. ახლა თქვენ და სინედრიონმა შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოიყვანოს იგი თქვენთან, ვითომ უფრო წვრილად გინდათ გამოიკვლიოთ მისი საქმე. ჩვენ კი, ვიდრე ის თქვენთან მოვა, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად.“
  • 16. შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ბანაკში და აუწყა პავლეს.
  • 17. პავლემ გამოიძახა ერთი ასისთავთაგანი და უთხრა: „ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, რაღაც აქვს სათქმელი მისთვის.“
  • 18. მანაც წაიყვანა იგი, მიიყვანა ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, სათქმელი აქვს შენთვის.“
  • 19. ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: „რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?“
  • 20. მან უთხრა: „იუდეველები შეთანხმდნენ, გთხოვონ შენ, რომ ხვალ გამოიყვანო პავლე სინედრიონში, თითქოს მათ სურდეთ უფრო წვრილად გამოიკვლიონ მისი საქმე.
  • 21. შენ ნუ დაუჯერებ მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ მათგან ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე პავლეს არ მოკლავენ. ახლა ისინი გამზადებულები არიან და შენს ბრძანებას ელიან.“
  • 22. მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის გაუმხილო, რაც მე შემატყობინეო.
  • 23. გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: „მოამზადეთ ორასი ჯარისკაცი კესარიაში წასასვლელად, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი ღამის მესამე საათისათვის,
  • 24. მოამარაგეთ პირუტყვები, რომ შესვან პავლე და მშვიდობით მიიყვანონ განმგებელ ფელიქსთან.“
  • 25. მისწერა ამგვარი წერილი:
  • 26. „კლავდიუს ლუსია – უაღმატებულეს განმგებელს, ფელიქსს: იხარებდე!
  • 27. ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და განზრახული ჰქონდათ მოეკლათ იგი. მე მივედი ჯარისკაცებით და გამოვარიდე მათ, როცა გავიგე, რომ რომაელია.
  • 28. მინდოდა გამეგო, რაში სდებდნენ ბრალს, და მივუყვანე მათ სინედრიონში.
  • 29. გავიგე, რომ თავიანთი რჯულის საქმეში დაუდვიათ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ჰქონია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინოს.
  • 30. როცა ცნობილი შეიქმნა ჩემთვის რომ შეთქმულება იყო ამ კაცის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალდებულსაც ვუბრძანე, მასზე ილაპარაკონ შენს წინაშე. იცოცხლე!“
  • 31. ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრისში.
  • 32. მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და ბანაკში დაბრუნდნენ.
  • 33. მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ და განმგებელს გადასცეს წერილი, პავლეც წარუდგინეს მას.
  • 34. წაიკითხა წერილი და ჰკითხა, თუ რომელი მხრიდან იყო. როცა შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა: „მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ.“ და ბრძანა ჰეროდესეულ პრეტორიუმში დაეკავებინათ.

თავი 24 რედაქტირება

  • 1. ხუთი დღის შემდეგ მივიდა მღვდელმთავარი ანანია უხუცესებთან და ვინმე რიტორ ტერტილოსთან ერთად, რომლებმაც განმგებელთან უჩივლეს პავლეს.
  • 2. როცა გამოიძახეს, ტერტილოსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა:
  • 3. „ყველგან და ყოველთვის მთელი მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენის წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს, და შენს მზრუნველობას ვუმადლით ცვლილებებს ამ ხალხისათვის, უაღმატებულესო ფელიქს.
  • 4. მაგრამ, ზედმეტად რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ, მოისმინო მოკლედ ნათქვამი შენთვის რჩეული მოთმინებით.
  • 5. ეს კაცი ვცანით ჭირად და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღოლად,
  • 6. რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა, და შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა,
  • 7. მაგრამ ათასისთავი ლუსია მოვიდა და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან.
  • 8. და უბრძანა მის ბრალმდებლებს შენთან მოსულიყვნენ, რათა შენ თავად შეგძლებოდა მისგან გაგეგო, რას ვდებთ ბრალად.“
  • 9. იუდეველებმაც დაადასტურეს და თქვეს: ასეაო.
  • 10. მიუგო პავლემ, როცა განმგებელმა ანიშნა, ილაპარაკეო: „ვიცი, რომ მრავალი წელია, ამ ხალხის მსაჯული ვარ, და ამიტომ გულდაჯერებით დავიცავ ჩემს საქმეს.
  • 11. შენ შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანისსაცემად.
  • 12. არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, ან სინაგოგაში, ან ქალაქში.
  • 13. შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა ბრალს მდებენ.
  • 14. ამას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ეგენი მწვალებლობას უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებაშია დაწერილი.
  • 15. მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.
  • 16. ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.
  • 17. მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ხალხისათვის მოწყალებისა და შესაწირავის მოსატანად.
  • 18. ამგვარად მნახეს ტაძარში, განწმედილი, ბრბოსა და შფოთის გარეშე.
  • 19. აზიელ იუდეველთაგან იყვნენ ისინი, რომელნიც უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუ რამე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.
  • 20. ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა ბრალი ნახეს ჩემში, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი,
  • 21. გარდა იმ ერთი სიტყვისა, რომელიც მე წამოვიძახე, მათ შორის მდგარმა: მკვდრეთით აღდგომისათვის განვიკითხები-მეთქი დღეს თქვენგან.“
  • 22. ეს რომ მოისმინა ფელიქსმა, რაკი კარგად იცნობდა ამ გზას, ვადა გადაუდო მათ და უთხრა: როცა ათასისთავი ლუსია მოვა, მაშინ განვიხილავ თქვენს საქმესო.
  • 23. ასისთავს უბრძანა, დაეცვა იგი, მაგრამ ისე, რომ არ შეეწუხებინათ და მისიანთაგან არავისთვის აეკრძალათ მისი მომსახურება.
  • 24. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ფელიქსი და თან ახლდა თავისი მეუღლე დრუსილა, იუდეველი. მოუხმო პავლეს და უსმენდა მას ქრისტე იესოს სარწმუნოების შესახებ.
  • 25. როცა ის ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე, ფელიქსი შეშინდა და მიუგო: „ახლა წადი და, როცა მოვიცლი, დაგიძახებ.“
  • 26. ამასთანავე იმედი ჰქონდა, რომ პავლესგან ფულს მიიღებდა, რომ გაეშვა იგი. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
  • 27. ორი წელი რომ გავიდა, ფელიქსს შემცვლელი მოუვიდა, პორკიოს ფესტოსი. ფელიქსს იუდეველების მომადლიერება უნდოდა და პავლე შებორკილი დატოვა.

თავი 25 რედაქტირება

  • 1. სამთავროში რომ მივიდა ფესტოსი, სამი დღის შემდეგ კესარიიდან იერუსალიმში ავიდა.
  • 2. აცნობეს მას მღვდელმთავარმა და იუდეველთა მთავრებმა თავიანთი სარჩელი პავლეს წინააღმდეგ და ევედრებოდნენ,
  • 3. სთხოვდნენ წყალობას, რათა გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.
  • 4. მაგრამ ფესტოსმა მიუგო, რომ პავლე კესარიაშია დაპატიმრებული და რომ მალე თვითონაც იქ მიემგზავრება.
  • 5. უთხრა მან: „ახლა რომელ თქვენგანსაც შეუძლია, წამომყვეს და, თუ რაიმე აქვს ამ კაცს დანაშაული, ბრალი დასდოს.“
  • 6. მათ შორის ათი თუ რვა დღე დაჰყო და ჩამოვიდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა.
  • 7. როცა ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, ბევრი და მძიმე ბრალდება წაუყენეს, რომელთა დამტკიცება ვერ შესძლეს.
  • 8. პავლემ კი თავის გასამართლებლად თქვა: „არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ.“
  • 9. ფესტოსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და მიუგო პავლეს და უთხრა: „გინდა იერუსალიმში ასვლა, რომ იქ განიკითხო ამის გამო ჩემს წინაშე?“
  • 10. უთხრა პავლემ: „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება.
  • 11. თუ მართალი არა ვარ და სიკვდილის ღირსი რაიმე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ყველაფერი ტყუილია, რაშიც ესენი ბრალს მდებენ, არავის შეუძლია, მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ.“
  • 12. მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და მიუგო: „კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და კეისართანვე წახვალ.“
  • 13. რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე ჩავიდნენ კესარიაში ფესტოსის მოსაკითხავად.
  • 14. და რაკი მრავალი დღე დაჰყვეს იქ, ფესტოსმა უთხრა მეფეს პავლეზე: „ერთი კაცია, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად,
  • 15. ვისზეც, იერუსალიმში ყოფნისას, შემომჩივლეს მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა. მის დასჯას მოითხოვდნენ ისინი.
  • 16. მათ მივუგე, რომ რომაელებს არ სჩვევიათ სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა.
  • 17. როცა ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე დავჯექი მსაჯულის ადგილზე და ვბრძანე იმ კაცის მოყვანა.
  • 18. ბრალმდებლებმა, რომლებიც გარს შემოეხვივნენ, ვერცერთი ბრალდება ვერ წაუყენეს, რომელსაც მე ვვარაუდობდი.
  • 19. მაგრამ ისინი რაღაცას ედავებოდნენ მას სარწმუნოებაზე და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომლის შესახებაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო.
  • 20. ამ საქმის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ სურდა იერუსალიმში წასულიყო და იქ განკითხულიყო ამისათვის?
  • 21. მაგრამ, რადგან პავლემ მოითხოვა, რომ კეისრის განსახილველად დაეტოვებინათ, მეც ვბრძანე დაცვის ქვეშ ჰყოლოდათ, ვიდრე კეისარს გავუგზავნიდი.“
  • 22. აგრიპამ კი უთხრა ფესტოსს: მეც მინდა იმ კაცის მოსმენა. მან თქვა: „ხვალვე მოუსმენ მას.“
  • 23. მეორე დღეს, როცა გამოვიდნენ აგრიპა და ბერნიკე დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტოსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე.
  • 24. და თქვა ფესტოსმა: „მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც. ყვიროდნენ, მან მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო.
  • 25. მაგრამ მე ვცანი, რომ მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია და, რაკი თვითონ მოითხოვა კეისრის სამსჯავრო, გადავწყვიტე მისი გაგზავნა.
  • 26. დამაჯერებელი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს. ამიტომ მოვიყვანე ეგ თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა დაკითხვის შემდეგ მისაწერი მქონდეს.
  • 27. ვინაიდან უაზროდ მეჩვენება, პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული.“

თავი 26 რედაქტირება

  • 1. აგრიპამ უთხრა პავლეს: „ნება გეძლევა ილაპარაკო საკუთარ თავზე.“ მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა:
  • 2. „ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე იუდეველნი ბრალს მდებენ.
  • 3. მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადაო საკითხის მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო.
  • 4. ყველა იუდეველმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიდან, რომელიც იმთავითვე ჩემს ხალხში, იერუსალიმში გავატარე.
  • 5. ისინი კარგა ხანია, მიცნობენ, თუკი დამოწმება სურთ, რომ მე, როგორც ფარისეველი, ვცხოვრობდი ჩვენი სარწმუნოების უზუსტესი მოძღვრების მიხედვით.
  • 6. და ახლა ვდგავარ განსაკითხავად აღთქმის იმედის გამო, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს,
  • 7. რომლის მიღწევის იმედი აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისათვის მდებენ ბრალს იუდეველები, მეფევ!
  • 8. დაუჯერებელი რატომ გგონია, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?
  • 9. თავად, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახლის წინააღმდეგ,
  • 10. და ასეც ვაკეთებდი იერუსალიმში: ბევრი წმიდა ჩავყარე საპყრობილეებში მღვდელმთავართა ხელმწიფებით აღჭურვილმა, და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი,
  • 11. ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ და, მათზე მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც კი ვდევნიდი.
  • 12. ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და დავალებით.
  • 13. შუადღისას, მეფევ, გზაზე ვიხილე ნათელი ციდან, მზის უბრწყინვალესი ნათელი, რომელიც მოგვეფინა მე და ჩემს თანამგზავრებს.
  • 14. ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულ ენაზე მეუბნებოდა: 'სავლე, სავლე, რად მდევნი მე? გაგიძნელდება საგმირისათვის წიხლის ცემა.'
  • 15. მე ვთქვი: 'ვინ ხარ შენ, უფალო?' უფალმა თქვა: 'მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.
  • 16. მაგრამ წამოდექი და დადექი ფეხზე, ვინაიდან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგაყენო მსახურად და იმის მოწამედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ,
  • 17. რათა გიხსნა ამ ხალხისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც მიგავლენ
  • 18. მათი თვალების ასახელად და ბნელიდან ნათლისაკენ, და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.'
  • 19. ამიტომ, მეფე აგრიპავ, არ ვეურჩე ციურ ჩვენებას,
  • 20. არამედ პირველად დამასკოს მკვიდრთ და მერე იერუსალიმელებს და იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისაკენ მოქცევას, და მონანიების ღირს საქმეებს ვაკეთებდი.
  • 21. ამისათვის შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს.
  • 22. მაგრამ, ღვთის შეწევნით, მე დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ მცირესა და დიდს, არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო,
  • 23. რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და მკვდართაგან პირველი აღმდგარიყო, რომ ნათელი ეუწყებინა ამ ხალხისა და წარმართებისათვის.“
  • 24. ასე რომ იცავდა თავს, ფესტოსმა ხმამაღლა თქვა: „სულელობ, პავლე! ბევრ სწავლას სისულელემდე მიჰყავხარ.“
  • 25. პავლემ კი: „მე არ ვსულელობ, უაღმატებულესო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებასა და კეთილგონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ.
  • 26. ვინაიდან ეს ამბავი იცის მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპრაკობ. მე არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა.
  • 27. წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპავ? ვიცი, რომ გწამს.“
  • 28. აგრიპამ პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.“
  • 29. პავლემ კი: „ღმერთს ვევედრები, რომ მალე თუ გვიან არა მარტო შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მე მისმენს, ისეთი გახდეს, როგორც მე ვარ, გარდა ამ ბორკილებისა.“
  • 30. ასე რომ თქვა, მეფე და განმგებელი, ბერნიკა და მასთან მსხდომნი წამოიშალნენ,
  • 31. განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო.
  • 32. ხოლო აგრიპამ ფესტოსს უთხრა: „შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა.“

თავი 27 რედაქტირება

  • 1. როცა გადაწყდა ჩვენი გადაცურვა იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი გადასცეს კეისრის ასისთავს, სახელად იულიოსს.
  • 2. ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქოს მაკედონოსი.
  • 3. მეორე დღეს ჩავედით ციდონს. იულიოსმა კაცთომყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რათა მათგან შემწეობა მიეღო.
  • 4. იქიდან გავემგზავრეთ და კვირპოსისკენ გავცურეთ პირქარის გამო.
  • 5. განვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და მივედით ლუკიას მირაში.
  • 6. იქ ნახა ასისთავმა ალექსანდრიის ხომალდი, რომელიც იტალიისაკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა.
  • 7. მრავალ დღეს ნელა მივცურავდით ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო და ძლივს გავუსწორდით კნიდოსს და მივცურეთ კრეტესთან, სალმონის მხარეს.
  • 8. წვალებით რომ ჩავუარეთ მას, მივადექით ერთ ადგილს, რომელსაც კეთილი ნავსაყუდელი ეწოდა, რომლის ახლოს არის ქალაქი ლასეა.
  • 9. რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ
  • 10. და უთხრა: „კაცნო, მე ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა იქნება საზიანო და დიდად ზარალიანი არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისათვისაც.“
  • 11. მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის უფროსს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
  • 12. რადგან ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, უმრავლესობა რჩევას იძლეოდა გამგზავრებულიყვნენ იქიდან, რომ როგორმე ჩასულიყვნენ გამოსაზამთრებლად ფინიკიაში, კრეტეს ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული.
  • 13. როცა დაუბერა სამხრეთის ქარმა, იფიქრეს, საწადელს ვეწიეთო, და აუშვეს ღუზა, და გაცურეს კრეტას გასწვრივ.
  • 14. მაგრამ სულ მალე ამოვარდა ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა
  • 15. და გაიტაცა ხომალდი, რომელიც ვეღარ დაუდგა ქარს, და ჩვენც, ტალღებს მინებებულნი, მივქროდით.
  • 16. ჩავუქროლეთ რომელიღაც პატარა კუნძულს, რომელსაც ერქვა კლავდა, და ძლივძლივობით მოვახერხეთ ნავის დაკავება.
  • 17. მაღლა რომ ამოათრიეს, მერე ხომალდებს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სურტისზე არ გავირიყოთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ.
  • 18. რაკი ქარიშხალი კვლავ ბობოქრობდა, მეორე დღეს დაიწყეს ტვირთის გადაყრა.
  • 19. მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა.
  • 20. მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები, და არც ძლიერი ქარიშხალი ცხრებოდა. ბოლოს, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.
  • 21. დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: „კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტედან არ წამოვსულიყავით, აღარ ნახავდით ამ ზიანსა და ზარალს.
  • 22. ახლა კი გირჩევთ, გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა,
  • 23. რადგან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,
  • 24. და მითხრა: 'ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.'
  • 25. ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მე მწამს ღვთისა, რომ ასე მოხდება, როგორც მეუწყა.
  • 26. რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ.“
  • 27. მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ხმელეთს უახლოვდებოდნენ.
  • 28. გაზომეს სიღრმე და აღმოჩნდა ოცი მხარი. შემდეგ მცირე მანძილზე კიდევ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა.
  • 29. შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ მოვხვედრილიყავით, კიჩოებიდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და გათენებას დაელოდნენ.
  • 30. როცა მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და ნავის ზღვაში ჩაშვება დაიწყეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდა ჩაეშვათ ღუზები,
  • 31. უთხრა პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს: თუ ისინი არ დარჩებიან ხომალდზე, თქვენ ვერ გადარჩებითო.
  • 32. მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს საბელი და ნავი ზღვაში ჩავარდა.
  • 33. როცა თენდებოდა, პავლე შეაგონებდა ყველას საჭმელი ეჭამათ და ეუბნებოდა: „დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელი ხართ და არაფერი არ გიგემიათ.
  • 34. ამიტომ გთხოვთ, ჭამოთ საჭმელი. ეს საჭიროა თქვენსავე გადასარჩენად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.“
  • 35. ეს რომ თქვა, აუღო პური, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და დაიწყო ჭამა.
  • 36. მაშინ ყველანი გამხნევდნენ და იმითაც ჭამეს საჭმელი.
  • 37. ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.
  • 38. როცა დაპურდნენ, ზღვაში ხორბლის გადაყრით დაიწყეს ხომალდის შემსუბუქება.
  • 39. რომ გათენდა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი სანაპიროიანი ყურე შენიშნეს. სწორედ იქ აირჩიეს ხომალდის მიყენება, თუკი მოახერხებდნენ.
  • 40. მოხსნეს ღუზები და მიატოვეს ზღვაში, იმავე დროს ახსნეს საჭის თოკები. აუშვეს მცირე აფრა ქარის საწინააღმდეგოდ და ნაპირისკენ აიღეს გეზი.
  • 41. მიადგნენ მეჩეჩს და მასზე შეაჩერეს ხომალდი. ცხვირი უძრავად ჩაერჭო, კიჩო კი აბობოქრებული ტალღებისაგან ილეწებოდა.
  • 42. ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, დაეხოცათ პატიმრები, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო.
  • 43. მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება. ბრძანა, ვინც ცურვა იცოდა, პირველი გადაშვებულიყო და გასულიყო ხმელეთზე.
  • 44. დანარჩენები კი – ზოგი ფიცრით და ზოგი ხომალდის ნამსხვრევებით. და ამგვარად ყველამ თავს უშველა ხმელეთზე.

თავი 28 რედაქტირება

  • 1. გადარჩენილებმა, მერეღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა.
  • 2. კუნძულელებმა დიდი კაცთომყვარეობა გამოიჩინეს, წვიმისა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.
  • 3. როცა პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, მხურვალების გამო იქედნე გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას.
  • 4. კუნძულელებმა რომ დაინახეს მის ხელზე შემოხვეული გველი, ერთმანეთს უთხრეს: „ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგან ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლეს არ ანებებს.“
  • 5. მაგრამ მან ხელი დაიქნია და ქვეწარმავალი ცეცხლში ჩააგდო, ისე რომ, თავად არაფერი ვნებია.
  • 6. ისინი კი ელოდნენ, რომ დასივდებოდა ან უცბად დაეცემოდა მკვდარი. მაგრამ რაკი დიდხანს ელოდნენ და ხედავდნენ, არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს: ეს ღმერთიაო.
  • 7. იმ არე-მარეში კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, ყანები ჰქონდა. მან მიგვიღო ჩვენ და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.
  • 8. პოპლიოსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა იგი.
  • 9. ამ ამბის შემდეგ სხვებიც, ვისაც კი კუნძულზე რამე სჭირდა, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ.
  • 10. მათ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.
  • 11. სამი თვის შემდეგ გავემგზავრეთ კუნძულზე გამოზამთრებული ალექსანდრიული ხომალდით, რომელიც დიოსკურების ნიშანს ატარებდა.
  • 12. სირაკუზაში ჩავედით და სამ დღეს დავყავით იქ.
  • 13. იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაჰქროლა და მეორე დღეს პუტეოლში მივედით,
  • 14. სადაც ვნახეთ ძმები და მათი თხოვნით შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში წავედით.
  • 15. იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და გამოვიდნენ ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედნამდე და სამდუქნამდე. ისინი რომ დაინახა პავლემ, ღმერთს მადლი შესწირა და გამხნევდა.
  • 16. როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ყოფილიყო მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
  • 17. სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეიკრიბნენ, უთხრა მათ: „კაცნო ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა ჩვეულების საწინააღმდეგო, და პატიმრად გადამცეს იერუსალიმიდან რომაელთა ხელთ.
  • 18. მათ დამკითხეს და უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მქონდა.
  • 19. მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისათვის რაიმე ბრალი დამედო.
  • 20. ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, ვინაიდან ისრაელის სასოებისათვის მაქვს ეს ჯაჭვი შემოხვეული.“
  • 21. მათ უთხრეს მას: „ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან, არც ვინმეს, მოსულ ძმათაგან, უცნობებია ან უთქვამს შენზე რაიმე ძვირი.
  • 22. ოღონდ ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ შენგან, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძღვრებას ყველგან ეწინააღმდეგებიან.“
  • 23. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში, და დილიდან საღამომდე განუმარტავდა მათ და უმოწმებდა ღვთის სასუფეველზე და იესოზე არწმუნებდა მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან.
  • 24. ზოგმა დაიჯერა მისი ნალაპარაკევი, სხვებმა კი არ იწამეს.
  • 25. რომ ვერ შეთანხმდნენ და უნდა დაშლილიყვნენ, პავლემ თქვა ერთი სიტყვა: „კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
  • 26. 'მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.'
  • 27. ვინაიდან გასუქდა ამ ხალხის გული, და ყურებით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, რომ არ განვკურნო ისინი.
  • 28. ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს და მოისმენენ კიდეც.“
  • 29. ეს რომ თქვა, იუდეველნი წავიდნენ და დიდი დავა ჰქონდათ ერთმანეთში.
  • 30. პავლე მთელ ორ წელიწადს ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს.
  • 31. ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე სრულებით ცხადად, დაუბრკოლებლად.


რესურსები ინტერნეტში (წყარო) რედაქტირება


  1. ახალი აღთქმა(სახარება) - თარგმანი ზურაბ კიკნაძე 2001 წელი. წყარო - http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm
  2. ციტატების ნომრები მოყვანილია სახარების მუხლის ნომრის მიხედვით, ხოლო ეს ნომერი - რომელ თავს შეესაბამება აწერია ზევით
  3. "მოციქულთა საქმეების"ს ავტორია ლუკა მახარებელი(სამოცდაათთაგანი)
  4. "მათია არის იგივე მატათა მოციქული(სამოცდაათთაგანი) რომელიც აირჩიეს მეთორმეტე მოწაფედ