მოხუცდა ჩვენი ნინიკა,
გაუცვდა მკლავი გმირისა
რარიგ გატეხა ტიალმა
ჭაღარამ - ღონე რკინისა
ჰაე დედასა! მრავალჯერ
,,აფთარა“ - ნამგლის ტრიალით
მკერდ-ღია ყანის ბოლოში,
წამს გავარდნილი გრიალით
ხელაურების გორები
გვერდი-გვერდ აუყენია
და ხვითქით მორთულ სახეზე
ალმური გადასდენია...
ახლა კი მუხლებს ვეღარ ძრავს,
სიბერით მოკვეთილებსა
წევს, ხან ოცნებობს, ხან წარსულს
უამბობს შვილი-შვილებსა
ხანდახან ახლო ყანებში,
ყურს მოკრავს ხოლმე მღერასა
და გული, ჯერეთ მაგარი,
უწყებს სიამით ძგერასა,
წამოიწევა ცახცახით,
ყავარჯენს დაებჯინება
და, რა გაჰხედავს ბიჭებსა,
შვებით-ღა გაეღიმება
1896წ. სოსელო