ნოდარ დუმბაძე

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე

ნოდარ დუმბაძე (დ. 14 ივლისი, 1928 — გ. 4 სექტემბერი, 1984, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ციტატები

რედაქტირება
  •  

ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს... უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით...


  •  

არაფერი არასდროს ისე სამარცხვინოდ და თავისმომჭრელად არ ითვლებოდა საქართველოში, როგორც უპატიოსნება და ქურდობა. მარტო ის რად ღირს, რომ ქურდს მეგრულად მახინჯი ჰქვია და ეს მახინჯი საქართველოში ერთიც რომ იყოს, მაინც უნდა გადაშენდეს, რამეთუ ქართული ანდაზა ღაღადებს: „ას მშენებელს ერთი მნგრეველი აუთავდებაო“.


  •  

არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით.


  •  

რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს... თუმცა, ცა რომ სარკე იყოს ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გგვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა... ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ... რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს...


  •  

ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება.


  •  

ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს ვერ შეეგუება.


  •  

ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.


  •  

სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.


  •  

ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.


  •  

ერი და ერისკაცი ერთმანეთს ჰგვანან, ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ.


  •  

ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია, მაგრამ შენ არ შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მით უმეტეს არ უნდა შეგეშინდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად, ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, ის ქვა ბაბუაშენია... ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო.


  •  

ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ….ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით...


  •  

კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს.


  •  

ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.


  •  

უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.


  •  

ყველაზე მარტივი, ყველაზე უბრალო, ყველაზე პრიმიტიული ქალიც კი მამაკაცის გონების სფეროს მიღმა დგას.


  •  

ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო... მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია.


  •  

სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია.


  •  

სატირა ცხელი წყალია, იუმორი-თბილი შხაპი, მე თბილი წყალი მირჩევნია. ადამიანი კი არ უნდა დაწვა, ჭუჭყი უნდა ჩამობანო.


  •  

სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.


  •  

საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა. იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.


  •  

საოცარი ფრინველია მერცხალი. ერთიც, რომ იყოს, ცა სავსეა. ასევეა არწივიც, ოღონდ არწივი იპყრობს ცას იდუმალებით, მერცხალი კი - სიხალისით. ეს, რომ ასეა, ამას ისიც ამტკიცებს: თოვლის მოსვლის წინ ცა თითქოს სავსეა ჭილყვავებით და მაინც უსაშველოდ ცარიელია.


  •  

ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს... ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი... ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით - გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა - ამას აღარაფერი ეშველებაო - და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე.


  •  

ისე ეშინოდა სიბერის, რომ სიამოვნებით მოჰკურცხლავდა ბავშვობისაკენ, მაგრამ საუბედუროდ, ბავშვობა არ ჰქონდა, და რაც მთავარია, ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ იდგა, ელოდა და კანკალებდა.


  •  

მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო - ცაში წავიდე.


  •  

უკან ჩამორჩენილი მწერალი წინ მიმავალ ხალხს ვერაფერ სულიერ საზრდოს ვერ მიაწვდის. არაფერს ზებუნებრივსა და არარსებულს მწერლობა არ ქმნის. მწერლობა ხალხის წიაღში ეძებს განძს დღენიადაგ, პოულობს მას და შემდეგ ხალხსავე უბრუნებს მხატვრულ ფორმაში მისსავე სიბრძნეს და სიკეთეს. ხალხის სულიერი აღზრდა, სულის სისპეტაკე და სიწმინდე ბევრად არის დამოუკიდებელი მწერლობაზე. ჩვენ, მწერლებს, არანაკლები ზრუნვა მოგვიწევს საკუთარი სულის სიწმინდისა და სისპეტაკის სრულყოფისათვის. ამ ბოლო დროს ერთობ მომრავლდა, ეგერთ წოდებული, დოკუმენტური პროზა და სიმართლეს ამოფარებული ლიტერატურული წუნი. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ყველა სიმართლე და მართალი ამბავი ლიტერატურა როდია. სიმართლემ და ამბავმა, ვიდრე იგი ლიტერატურად იქცეოდეს, ისეთივე დიდი და მძიმე გზა უნდა გაიაროს, როგორიც იყო გზა გოლგოთისაკენ... მწერლობა სიმინდის ყანა არაა, შიგ რომ შეხვიდე, გლახა მოვჭრათ და მხოლოდ კარგი დავტოვოთ. იმ მიწაზე, რომელზეც ცუდი ბალახი არ ამოდის, კარგიც არ იხარებს. მწერლობა უფრო მსხმოიარე ხესა ჰგავს, რომელზედაც მებაღე მკვაზე ნაყოფს დამწიფებას არ აცლის, მწიფეს ჰკრეფს, დამპალი კი ცვივა და ნეშომპალად იქცევა.


  •  

მე მგონი, მზე ზეცის ვეება ტრამალზე ანთებული კოცონია, ხოლო მის გარშემო მბრუნავი პლანეტები - ცდომილები შვიდი ცდომილი, ალბათ, თავისი თანამგზავრებით ცის ის ბინადარნი - რომლებიც ხელს და სულს ითბობენ ამ მაცოცხლებელი ცეცხლის გარშემო. დროდადრო შორდებიან, მერე კვლავ უახლოვდებიან და ასე შემდეგ... ვაი იმ ცდომილს, რომელიც ამ კოცონს საერთოდ გაშორდება.


  •  

საოცარია ხელოვნება - მხოლოდ მას შეუძლია მოითმინოს და შეიფაროს სულით ავადმყოფთა მრავალმილიონიანი არმია, კაცობრიობის თითქმის მესამედი. განა სხვა რომელიმე პროფესიას აქვს ამის უნარი, არა, იგი ნორმიდან ერთი სანტიმეტრით, ერთი გრადუსით გადახრილ ადამიანსაც კი ვერ ითმენს. ხელოვნება და პოლიტიკა კი მთელი 180 გრადუსით გადახრილ ადამიანებს ხშირად გენიოსის შარავანდედით ამკობს და თაყვანს სცემს. აი, რა არის ხელოვნება- გარდა ჭეშმარიტი ტალანტებისა, სულით ავადმყოფთა თავშესაფარიც არის. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრების სამყაროს მიეკუთვნება და არა მატერიალურს.


  •  

დედამიწა ის სულელი სახედარი როდია, იმდენი აიკიდოს, რამდენსაც ვერ ზიდავს. არც ის ხეა, იმდენი მოისხას, რომ ტოტები დაემსხვრეს. დედამიწა კანიბალია, იგი თვისივე სხეულით იკვებება. რუსები ამას „самоложирание“-ს უწოდებენ. პარადოქსი ის არის, რომ ეს კანიბალი კი არ ხდება, სუქდება.


  •  

დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.


  •  

ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.


  •  

ხანდახან უცნაური გრძნობა შემიპყრობს - მინდა ისეთი ერის პატარა შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო სხვას - ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. ო, რა ბედნიერი იქნებოდა ასეთი ყოფნა!


  •  

დაბადება - თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის. ჩვენ ხშირად ვხვდებით ამ პროცესის მოწმენი, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია.


  •  

- ლასა მოკვდა, წადი ნახე ბიჭო! მივედი, ვნახე, ლასა ცოცხალი დამხვდა. ერთად წავედით კირილეს სამძიმარზე. ასე განმეორდა ბევრჯერ... ას წელს იცოცხლა ლასამ.


  •  

კახეთში ვიყავი, ჭავჭავაძეების მამულში. ფრანგი ტურისტები შემოვიდნენ. ქალები ახლდნენ ფრანგებს გრაციოზულნი, ნარნარნი და ჰაეროვანნი. საღამოს ბანკეტზე დათვრნენ საცოდავები და ქართველის გაგებით "უზნეოდ" იქცეოდნენ, კოცნიდნენ გლეხებს. აივანზე გამოვედი. ერთი შეზარხოშებული კახელი ელაზღანდარებოდა მეორეს. - თედო, ერთი მაგ მადმუაზელსა მანდ მიაზილე!!!- თან ქირქილებდა. ღმერთო, როგორ მიყვარან ეგ კახელები, რა გულუბრყვილო, პირდაპირი და განსაცვიფრებელი იუმორი აქვთ.


  •  

ჩვენ ხშირად გვეშინია სიტყვა გენიოსის ხმარებისას. საშიში არაფერია, იგი ასეა განმარტებული ლექსიკონში: "უდიდესი შემოქმედებითი ნიჭის მატარებელი ადამიანი". საშიში მხოლოდ ის არის, რომ ეს განმარტება ვიდრე უღირს ადამიანს არ მივუსადაგოთ, თორემ ნიკო ლორთქიფანიძის მიმართ ეს განმარტება იმდენად ბუნებრივია და სისხლხორცეული, რომ ხანდახან გვიკვირს კიდეც, ნუთუ ეს არ იცოდნენ მისმა თანამედროვეებმა, ნუთუ თავიდანვე ვერ გრძნობდნენ ამას! შესაშური ბიოგრაფია აქვს ნიკო ლორთქიფანიძეს. გაიხსენეთ, რომელი მწერლის ბიოგრაფიას ამშვენებს საქართველოში, და თუნდაც მის გარეთ, ორი დუელი, არა პირადი ღირსების, არამედ სამშობლოს, ერის წმინდა სახელისა და ღირსების დასაცავად.


  •  

ჩემში ეჭვს იწვევს - ღირს თუ არა იმის გამო ტირილი, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ეს მახსოვრობის ყველაზე დიდი მანკიერი მხარეა. ნეტა ვინ მოიგონა? - რომ არ მომკვდარიყო, ახლა გენერალი იქნებოდაო.- ან - რომ არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. კაციშვილმა არ იცის, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის?


  •  

- რა ვიცი, ბატონო, რაფერ ჩავვარდი პლენად. საჯავახოში სამხედრო კომისარმა ევგენია კუტუბიძემ, რომ ჩამსვა ვაგონში, მერე გერმანელმა გამიღო კარი.


  •  

ჰო, ადამიანი მაღაროში, მიწის ქვეშ ისე ცხოვრობს, როგორც თავისი დედის საშოში. როცა შეეჩვევა, იქ ძალიან თბილა და მყუდროებაა.


  •  

- რატომ დაინგრა ბაბილონის გოდოლი? - იმიტომ რომ, მისი მშენებლები ყველა გამვლელ-გამომვლელის რჩევა-დარიგებას უგდებდნენ ყურს.


  •  

- აუ რამდენი დრო მაქვს გაფლანგული, ბუღალტერი, რომ ვიყო და რევიზია, რომ დამეცეს, ალბათ, დახვრეტას მომისჯიდნენ. - გამორთეთ სიბნელე!!!


  •  

„პრავადნიკმა“ ქალმა ბუასილის წამალი მასწავლა: - რა ვქნა, სხვა არაფერი არ ვიციო.


  •  

ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება მხოლოდ იმას ძალუძს, ვისაც ომის დაწყება ძალუძს.


  •  

- როგორ ცხოვრობ ბიჭო, სამ ცოლს რომ ალიმენტს უხდი? - ჩემს ცოლს შემოაქვს ალიმენტი 4 ქმრისაგან და იოლად გავდივართ.

  •  

შინაური კახური ღორი თავისი გრძელი დინგით, ყალყზე შემდგარი ჯაგრით, სიჭრელით და ვაზის საცეცივით დაგრეხილი კუდით ისე ძალიან ჰგავს გარეულ ღორს, რომ შინაურობას მხოლოდ იმით მიხვდები, რომ, როდესაც მიუახლოვდები, ჩვეულებრივი ნადირივით არ გაგექცევა, ისე თავზე კი შეიძლება დაგესხას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლად დაყრილი გოჭები ჰყავს, და იმ გოჭებს მიფერება დაუპირე ან უდიერად მოექეცი. ამ მიზეზით რამდენ ბრაკონიერს უმართლებია თავი მონკავშირშიც და სასამართლოშიც. - რა ვქნა კაცო, გარეული მეგონაო. ცივგომბორს, რომ გადაივლი და თელავისკენ დაეშვები, ვიდრე თელავში შეხვალ, მდინარე შეგხვდება პატარა, „მღვრიე“ ჰქვია. მე რამდენჯერაც ვნახე ეს მდინარე, იმდენად დაწმენდილი და ანკარა იყო, სიამოვნებით დავლიე კიდევაც და დღემდე არ ვიცი, რატომ ჰქია „მღვრიე“. კახელი კაცის ბუნება ამაშიც სჩანს. ნახა და „მღვრიე“ შეარქვა. შეარქვა და აღარ გადაარქვა. სწორედ ამ მდინარეს „მღვრიეს“ ჭალაში გავიცანი კახური ღორი, რომლის შესახებაც ახლა ამბის მოყოლას ვაპირებ... /აქ წყდება ჩანაწერი/


  •  

„ზარია ვოსტოკას“ დერეფანში ვნახე გამოკრული ცხრილი ჭადრაკის პირველობისა. ტურნირში 15 კაცი მონაწილეობდა. მათ შორის იყო რედაქტორი ჩხიკვიშვილიც. საინტერესო ის იყო, რომ რედაქტორის გარდა, ყველას ჰქონდა წაგება ან ფრე.


  •  

იმდენი იძახა იმ მამაძაღლმა ბოლშევიკმა „ნაპერწკლიდან ცეცხლი აინთებაო“, სანამ არ აუხდა.


  •  

გიჟუასთან საუბარი: - სდრავსტვუი, ბრატ. შენი წიგნები წავიკითხე. სპასიბო. ქურდობას თავი დავანებე. - გამოსწორდი? - არა, იუზგარ. 68 წლისა ვარ და ვეღარ გავრბივარ.


  •  

- დაფიქრდი მაინც ბიჭო, რას ამბობ. ხომ არ შეიძლება იმაზე მეტი მოგცე, რაც აგურში მივეცი! - მაშ ექიმი რომ მოგყავს, იმაზე მეტს არ აძლევ, წამალი რომ ღირს?!


  •  

სამგლოვიარო გვირგვინზე ასეთი წარწერა გაეკეთებინათ: „ძვირფას და დაუვიწყარ აგრაფინას ნინოშვილის ქუჩის ქალებისაგან“.


  •  

რომ დამაგვიანდება და მილიციაში, საავადმყოფოში და საგიჟეთში რეკავ, ერთხელ საჯაროში ან აკადემიაში დარეკე, იქნებ იქა ვარ.


  •  

სავარაუდოა, რომ შოთას შუბი და ფარ-შიმშერი ხატოვნად აქვს ნათქვამი და იგი სამეფო ხმალს, ძალაუფლებას, მეფის სტატუსს ნიშნავს გადატანითი მნიშვნელობით. რაღა თქმა უნდა, როდესაც თამარი თავის ქმარს სალაშქროდ უშვებდა, თავის უზენაეს, შეუზღუდველ უფლებებსაც ანიჭებდა მრძოლის დროს, რადგან თვითონ არ შეეძლო, როგორც მეფეს, ბრძოლაში მონაწილეობა. ამრიგად სტროფი: ვის შვენის,- ლომსა,- ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,- მეფისა მზის თამარისა... იმას კი არ ნიშნავს, რომ დავით სოსლანი მეფე თამარის ლომია და ფარ-შიმშერის ხმარება შვენის, არამედ იმას, რომ ლომს ანუ დავით სოსლანს თავის ფარ-შიმშერის ანუ სამეფო საჭურვლის, საჭურვლისა, რომელიც მეფის ძალაუფლებას გამოხატავს, იმ საჭურვლის ხმარება შვენის. შოთასაც ხომ ასე უწერია ყოველგვარი ჩართული წინადადებების გარეშე, მარტივად და გასაგებად.

  — +
  •  

ბრიალი და ბზრიალი, კარგი რითმაა, რატომ არ რითმავს ეს ბითური?.

  ციტატის წყარო: ნუ გეშინია, დედა! თბილისი „მერანი“, 1989

  •  

უცებ მოჰყვება ჭარხალი ხარხარს

  ციტატის წყარო: ნუ გეშინია, დედა! თბილისი „მერანი“ 1989

  •  

როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელ თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ გავლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით.

  ციტატის წყარო: ნუ გეშინია, დედა! თბილისი „მერანი“ 1989

  •  

- დიახ... თქვენ ხელოვნური გული არ გამოგადგებათ, ხელოვნური გულით თქვენ ვერ იცოცხლებთ...

  ციტატის წყარო: ნუ გეშინია, დედა! თბილისი „მერანი“ 1989