სუნ-ძი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 43:
• ამიტომაა, ომში ფასი აქვს სწრაფ გამარჯვებას და არა ჯანჯალ ლაშქრიანობას.
• ამიტომაა, სარდალი, შემცნობი ომის კანონებისა, ხალხის ბედ-იღბლის საიმედო გამგებელია და ქვეყნის სიმშვიდის მტკიცე მპყრობელია.
 
'''III. შეტევის ოსტატობა 三、谋攻篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
• ჩვეულებრივ, ასეთია ომის კანონი: მტრის ქვეყნის უვნებლად დამორჩილება მის დანგრევაზე უმჯობესია; მტრის ჯარის უვნებლად დამორჩილება, მის გაწყვეტაზე უმჯობესია; მტრის ათასეულის უვნებლად დამორჩილება მის მოსპობაზე უმჯობესია; მტრის ასეულის უვნებლად დამორჩილება, მის განადგურებაზე უმჯობესია; მტრის ხუთეულის უვნებლად დამორჩილება მის ამოხოცვაზე უმჯობესია.
• ამიტომ, ასჯერ ბრძოლაში ასჯერვე გამარჯვება კიდევ არ ნიშნავს უმაღლეს ოსტატობას ოსტატობათა შორის, უმაღლესი ოსტატობა ოსტატობათა შორის ნიშნავს: მტრის ჯარის დამორჩილებას ბრძოლის გარეშე.
• ამიტომ, ომის ყველაზე კარგი ხერხია - მტრის საომარი გეგმების ჩაშლა, მომდევნოა - სხვებთან მისი კავშირის მოშლა, შემდეგია - ბრძოლით მისი ჯარის მოსპობა, ბოლო და ყველაზე უარესია - მტრის ქალაქების ალყით აღება.
• ქალაქთა ალყას მაშინ იწყებენ, როდესაც სხვა გზა აღარ არსებობს. დიდი ფარების, საალყო ურმებისა7 და სხვა საჭირო აღჭურვილობის მომზადებაში სამი თვე გადის, გარდა ამისა, სამი თვე უნდა კედლის პირდაპირ მიწაყრილების აზვინებასაც8. მაგრამ სარდალი, მოთმინებაგამოლეული, თუ თავი რისხვას ვეღარ მოთოკავს, გასცემს რა ბრძანებას შეტევისა, ქალაქის კედლებს ჭინჭველებით შეახოცავს ჯარის მესამედს, საბოლოოდ კი უკუიქცევა ხელმოცარული. აი, როგორი ზარალი შეიძლება მოჰყვეს ქალაქთა ალყას.
• ამიტომაა, ის ვინც ოსტატია ომში, მტრის ჯარს იმორჩილებს ცხარე ბრძოლის გარეშე, მტრის ქალაქებს იღებს მძიმე ალყის გარეშე, მტრის ქვეყნებს ამხობს ხანგრძლივი ლაშქრობის გარეშე; იგი ესწრაფვის უვნებლად დაეუფლოს ყველაფერს ცისქვეშეთში, ამად, მისი ჯარი არ იქანცება და სრულად იმკის გამარჯვებათა ნაყოფს. ამას ჰქვია ბრძოლა სამხედრო ოსტატობით.
• ამიტომ, ასეთია ომის კანონი: თუ ათჯერ სჭარბობ - შემოერტყი, თუ ხუთჯერ სჭარბობ - შეუტიე, თუ ორჯერ სჭარბობ - შეებრძოლე, თუ თანაბრად ხართ - ეცადე გაჰყო, თუ მცირობ - თავდაცვა გმართებს, თუ ძლიერ გჭარბობს - სწრაფად დაუძვერ.
• ამიტომ, როს შეუპოვრად მებრძოლი პატარა რაზმი არაფერს არ თმობს, ის ხშირად ტყვედ უვარდება მრავალრიცხოვან მტრის ძალას.
• ამადაა, რომ სარდალი თავისი ქვეყნის საყრდენი ბურჯია, თუ ბურჯი მრთელია და მყარად დგას - ქვეყანა ძლიერია, თუ ბურჯი დაბზარულია და ირყევა - ქვეყანა სუსტია.
• ამიტომ, მბრძანებელმა შეიძლება ავნოს თავის ჯარს სამ შემთხვევაში:
• როცა არ ესმის, რომ არ შეიძლება წინ წასვლა და ბრძანებს შეტევას, ან როცა ვერ ხვდება, რომ არ შეიძლება უკანსვლა და ბრძანებს დახევას. ამას ჰქვია - “ჯარის აბლანდვა”.
• როცა არ უწყის ჯარის შიდა საქმენი და მაინც ცდილობს განაგოს ისინი, ამით თავგზას უბნევს მეთაურებსა და მებრძოლებს.
• როცა უმეცარი სამხედრო ოსტატობისა ერევა ჯარის სარდლობის საქმეში, ამით თესავს ეჭვსა და შფოთს მებრძოლთა გულებში.
• ხოლო როგორც კი ჯარი დაიბნევა და აირევა, დიდებულთა და მეზობელ მბრძანებელთაგან ბევრ სატკივარს უნდა ელოდო. ამას ჰქვია _ “ჯარის აღრევა და თვითდამარცხება”.
• ამიტომ, გამმარჯვებელი შეიძლება განჭვრიტო ხუთი პირობით:
• ის, ვისაც ესმის თუ როდის შეიძლება ბრძოლა და როდის არა - შესძლებს გამარჯვებას;
• ის, ვისაც ხელეწიფება სარდლობა როგორც მცირე, ისე დიდი ძალებისა - შესძლებს გამარჯვებას;
• ის, ვისი მთელი ჯარიც გამსჭვალულია ერთი წადილით - შესძლებს გამარჯვებას;
• ის, ვინც მუდამ მზადყოფნაში ელის მტრის მოუმზადებლობას - შესძლებს გამარჯვებას;
• ის, ვისი სარდალიც ნიჭიერია, მბრძანებელი კი სარდლობაში ხელს არავის უშლის - შესძლებს გამარჯვებას;
• აი ის ხუთი პირობა, რომელიც გამარჯვების განჭვრეტის გზაა.
• ამიტომ ამბობენ: ვინც იცნობს თავს და იცნობს მტერს, თუნდ ასჯერ იბრძოლოს, არ დამარცხდება; ვინც იცნობს თავს და არ იცნობს მტერს, ხან გაიმარჯვებს, ხან დამარცხდება; ვინც არ იცნობს თავს და არ იცნობს მტერს, რამდენჯერ იბრძოლებს - იმდენჯერ დამარცხდება.
 
'''IV. განლაგება 四、形篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
• ძველად, გაწაფულნი ომში, ჯერ იკავებდნენ უმარცხებელ მდგომარეობას, შემდეგ კი ელოდნენ ხელსაყრელ ჟამს მტრის დასათრგუნად. უძლეველობა დამოკიდებულია შენზე, მტრის ძლევადობა - მტერზე.
• ამიტომაა, გაწაფულს ომში ძალუძს შეიქმნას უმარცხებელი მდგომარეობა, მაგრამ არ ძალუძს აიძულოს მტერი, რომ უცილობლად დამორჩილდეს.
• ამიტომ ითქმის: გამარჯვების მიღწევის ცოდნა შესაძლებელია, მისი უეჭველობის დაუფლება კი შეუძლებელი.
• უმარცხებლობა - თავდაცვაშია, გამარჯვება - შეტევაში. თავს იცავენ - როცა მცირობენ, უტევენ - როცა სჭარბობენ.
• ვინც გაიწაფა თავდაცვაში, დაფარულია მტრისგან მიწის გულში ჩამალულივით, ვინც გაიწაფა შეტევაში, ესხმის მტერს, ვით მეხი მეცხრე ციდან. ამად ძალუძთ მათ თავდაცვა და გამარჯვებაც სრულყოფილად და უზადოდ.
• ვინც ვერ ჭვრეტს გამარჯვებას უბრალო ხალხზე უმჯობესად, ვერ ჩაითვლება დიდოსტატად ოსტატთა შორის; არც ცხარე ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება, როცა იტყვიან მთელ ცისქვეშეთში - “ყოჩაღ, კარგია!” - ჩაითვლება დიდოსტატობად. ბუმბულის დაძვრა არ ნიშნავს ღონიერებას, მზისა და მთვარის ხილვა არ ნიშნავს შორსმხედველობას, ქუხილის გაგება არ ნიშნავს მახვილ სმენას. ძველად ხომ ომის დიდოსტატს უწოდებდნენ მას, ვინც ადვილად სძლევდა ოსტატურად უკვე დამარცხების პირზე მიყვანილ მტერს.
• ამიტომაა, გამარჯვება დიდოსტატისა არა ჰგავს სასწაულ ძლევას, მას არ მოაქვს ბრძენის სახელი, არც არვის უხვეჭს გმირის დიდებას. ამიტომაა, ის იბრძვის და იმარჯვებს, რადგან არ ცდება. შეუცდომლობა ბადებს უეჭველ ძლევას, ანუ, ის ამარცხებს უკვე ძლეულ მტერს.
• ამიტომაა, ჯარი გაწაფულისა ომში, მუდამ იკავებს უმარცხებელ მდგომარეობას და არსით უშვებს მტრის ძლევის არცერთ ხელსაყრელ ჟამს.
• ამიტომაა, მძლეველი ჯარი ერთვება ომში მაშინ, როდესაც ხედავს წარმატების უეჭველობას; დასამარცხებლად განწირული კი ჯერ იწყებს ბრძოლას და შემდეგ ცდილობს გამარჯვებას ბედის წყალობით.
• ის, ვინც ოსტატია ომში, აძლიერებს რა თავის გავლენას, ზრუნავს წესრიგისა და კანონების მტკიცედ დაცვაზე, რადგან საჭირო ჟამს მხოლოდ ამგვარად ძალუძს გადაწყვიტოს ბრძოლის ბედი.
• ომში ყოველთვის მოქმედებს: პირველი - სიდიდე განლაგების ადგილისა; მეორე - რაოდენობა საბრძოლო ქონებისა; მესამე - რიცხვი ლაშქრის მებრძოლებისა; მეოთხე - ძალა ჯარის შეტევისა; მეხუთე - შესაძლებლობა გამარჯვებისა.
• მიწის სხვადასხვა სახე9 წარმოშობს ადგილის სხვადასხვა სიდიდეს; ადგილის სხვადასხვა სიდიდე - საბრძოლო ქონების სხვადასხვა რაოდენობას; საბრძოლო ქონების სხვადასხვა რაოდენობა - ლაშქრის მეომართა სხვადასხვა რიცხვს; ლაშქრის მეომართა სხვადასხვა რიცხვი - ჯარის შეტევის სხვადასხვა ძალას; ჯარის შეტევის სხვადასხვა ძალა - გამარჯვების სხვადასხვა შესაძლებლობას.
• ამიტომ, მძლეველი ჯარი ამარცხებს მტერს, ისე ვით ი10 გადაწონის ჯუს11, ხოლო ძლეული ჯარის მარცხი მტრისაგან ჰგავს ჯუს გადაწონას ის მიერ.
• ბრძოლა, მძლეველი ლაშქრისა, ჰგავს ათასი ჟენი12 სიმაღლის კლდიდან დაგუბებული წყლის გადმოხეთქვას. აი, სახე ძლევამოსილი განლაგებისა.
 
'''V. ძალოვნება 五、势篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
• წესი, დიდი და მცირე ძალების მართვისა, ძირითადად ერთნაირია, საქმე მხოლოდ წყობასა და შემადგენლობაშია. დიდი და მცირე ძალებით ბრძოლაც ძირითადად ერთნაირია, საქმე მხოლოდ ნიშნებსა და ბრძანებებშია.
• სარდლობა მთელი ჯარისა, ისე, რომ დაუმარცხებლად მოიგერიო მტრის ყველა დარტყმა, შეიძლება პირდაპირი და ირიბი სვლების მონაცვლეობით.
• ჯარის დაკვრა მტრის ლაშქარზე უნდა ჰგავდეს სალესის დაცემას კვერცხთა გორაზე. აი, სახე ძლიერით სუსტში ზუსტად დარტყმისა.
• ჩვეულებრივ, მტერს ხვდებიან პირდაპირი სვლით, თუმც იმარჯვებენ ირიბით.
• ოსტატობა ირიბი სვლებით მტერთან ბრძოლისა უსაზღვროა და მრავალსახა ვით ცა და მიწა, უშრეტია და უწურავი ვით ზღვანი და მდინარენი, ქრება და ისევ ჩნდება ვით მზე და მთვარე, კვდება და კვლავ ცოცხლდება ვით წელიწადის დრონი.
• ხმა მხოლოდ ხუთნაირია13, მაგრამ მათი შეწყობა ბადებს იმდენ ჰანგს, რომ ყველას მოსმენა შეუძლებელია; ფერი მხოლოდ ხუთნაირია14, მაგრამ მათი შერევა შობს იმდენ ფერადოვნებას, რომ ყველას ხილვა შეუძლებელია; გემო მხოლოდ ხუთნაირია15, მაგრამ მათი შეზავება ქმნის იმდენ გემრიელებას, რომ ყველას გასინჯვა შეუძლებელია; ჯარის სვლა მხოლოდ პირდაპირი ან ირიბია, მაგრამ მათი შერწყმა იძლევა იმდენ ხერხს, რომ ყველას ამოწურვა შეუძლებელია.
• პირდაპირი და ირიბი სვლები მუდამ ურთიერთს შობენ, ერთ-ურთს ებმიან და ცვლიან დაუსრულებლად ვით წრედ შეკრული ჯაჭვის რგოლები, განა ძალუძს კი ვინმეს ამოწუროს ისინი?
• მოხეთქილ ნიაღვარს ლოდებიც მიაქვს, აი, ძალოვნება სწრაფი შეტევისა; ორბის კამარას ბეღურაც ეწირება, აი, სიზუსტე გათვლილი დარტყმისა.
• ამიტომ, ვინც გაწაფულია ომში, მისი ძალოვნება შეუკავებელია და შემმუსვრელი, მისი დარტყმა დროულია და ზუსტი; მისი ძალოვნება მოზიდული მშვილდია, მისი დარტყმა მიზნისკენ გაფრენილი ისარია.
• არეულობა მოიცავს თითქოს ყოველივეს, მაგრამ ბრძოლის ქაოსში ჯარი აროდეს უნდა აიბნეს; უწესრიგობა გამეფდება თითქოს სუყველგან, მაგრამ ყოველმხრივ უნდა დაიცვა უმარცხებელი წყობა და რიგი.
• მტრისგან უწესრიგობით ფარავენ წესრიგს, სიმხდალით ნიღბავენ სიმამაცეს, სისუსტით მალავენ სიძლიერეს. წესრიგი და უწესრიგობა დამოკიდებულია წყობაზე, სიმხდალე და სიმამაცე - ძალოვნებაზე, სიძლიერე და სისუსტე - ძალთა ფარდობაზე.
• ვინც დაოსტატდა საკუთარი განლაგების ცვლით ამოძრაოს მტერი თავის ნებაზე, მოქმედებს ისე, რომ მისი მეტოქე აუცილებლად მიჰყვება მიწოდებული ყველა სატყუარს, საბოლოოდ კი ეწირება სადმე გზად ჩასაფრებული მეომართა რაზმს.
• ამიტომ, ის, ვინც გაწაფულია ომში, თავად ესწრაფვის გაძლიერდეს მდგომარეობის მარჯვედ გამოყენებით და არ მოითხოვს ყოველივეს ქვეშევრდომთაგან, ხოლო აღწევს რა თავის ძლიერებას, მისი სარდლობით ხალხის ბრძოლა ემსგავსება შეუკავებელ სრბოლას დაქანებული ქვებისა და მორებისა. ქვებისა და მორების ბუნებაა: სწორზე - უძრავად დება, ფერდობზე - სრბოლა და ტრიალი; ოთხკუთხანი - ძევან, მრგვალნი - გორავენ.
• ამიტომაა, ბრძოლაში ოსტატურად გამოყენებული ხალხის ძალოვნება, ჰგავს ათასი ჟენი სიმაღლის მთიდან დაქანებულ ლოდების სრბოლას. აი, ესაა ძალოვნება.
 
VI. ძლიერი და სუსტი ადგილები
 
სუენ ძიმ თქვა:
• ის, ვინც ადრევე იკავებს ბრძოლის ველს და ელის მტრის მოსვლას, დამშვიდებულია და მზადაა; ის, ვინც აგვიანებს და ბრძოლის ველზე მისვლისთანავე ებმება ომში, დაღლილია და მოუმზადებელი. ამიტომ, გაწაფული ომში, მუდამ ასწრებს და ნებაზე იყოლიებს მტერს და არ აძლევს საშუალებას მტერმა დაიყოლიოს ის.
• თუ ძალუძთ მიიტყუონ მტერი სასურველ ადგილზე, სარგებლით იზიდავენ მას; თუ ძალუძთ შეაჩერონ მტრის სვლა სასურველი ადგილისკენ, ვნებით აფერხებენ მას.
• ამიტომ, თუმც მტერი დასვენებულია, მაინც შეგიძლია დაღალო; თუმც სურსათი ბლომად უწყვია, მაინც შეგიძლია აშიმშილო; თუმც მყუდროდ დაბანაკებულა, მაინც შეგიძლია დასძრა; თუ მოიხელთებ ზუსტად იმ ადგილს, რომლის საშველადაც ის სწრაფად წამოვა.
• თუ ლაშქარს დაუღალავად გაუვლია ათასი ლიე, ის უმტრო გზებით უტარებიათ; თუ შეტევით უეჭველად დაუფლებიან, შეტევისაგან დაუცველისთვის შეუტევიათ; თუ დაცვით უეჭველად შეუნარჩუნებიათ, შეტევისაგან დაცული დაუცავთ.
• ამიტომ, შეტევას გაწაფულისა შეტევაში, მტერმა არ იცის საით დაუხვდეს; თავდაცვას გაწაფულისა თავდაცვაში, მტერმა არ იცის საიდან მოუაროს.
• ო, ოსტატობავ უდახვეწილესო, უხილავია სახე შენი;
• ო, ხელოვნებავ, უსაოცრესო, მიუწვდომელია ხმა შენი;
• ამადაა, რომ გძალუძს განგება მტრის ბედისა.
• შეტევას ვერ იგერიებენ, თუ ზუსტად დაჰკრავენ სუსტ ადგილში; უკანდახეულს ვერ ეწევიან, თუ ის სწრაფად უჩინარდება.
• ამიტომ, როცა ბრძოლა მსურს, მტერს, თუნდ მოფარებულს მაღალ კედლებსა და ღრმა თხრილებს, მაინც ვაიძულებ გამოვიდეს საომრად, რადგან მე დავკრავ ზუსტად იმ ადგილს, რომლის საშველადაც ის სწრაფად მოვა. თუ არ მსურს ბრძოლა, მტერი, თუნდაც მიწაზე გავლებული ხაზი ჰყოფდეს მისგან ჩემს ბანაკს, ვერ მოვა ჩემზე, რადგან მე მძალმიძს მყის ვაცვლევინო შეტევის გეზი.
• მე ვჭვრეტ მის წყობას, ჩემი კი მუდამ დაფარულია მისთვის, ამად, მე ძალმიძს დავჯგუფდე ერთგან, ის კი უნდა გაიშალოს ათგან; მე ძალმიძს დავესხა მის ერთ სუსტ ალაგს, ის გაშლილია და მელის ათ ალაგს. ეს კი ნიშნავს, რომ მე ათით ვუტევ მის ერთს. ხოლო იქ, სადაც ვჭარბობ და ძალმიძს დიდი ძალებით დავკრა მის მცირე რაზმებს, შეზღუდულს ბრძოლაში, რაღა თქმა უნდა, ცუდი დღე ელის.
• ადგილი, რომელზეც ვაპირებ დაცემას, მტერმა არასდროს უნდა იცოდეს, ხოლო როდესაც მან ეს არ აცის, იგი თავს იცავს შეტევისაგან ყოველი მხრიდან და რაც მეტი აქვს დასაცავი მხარე, მით ნაკლები ჰყავს ყოველ მხარეზე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთა რიცხვი.
• ამიტომ, როს ამაგრებენ წინა მხარეს, გაუმაგრებელი რჩება უკანა; როს აძლიერებენ უკანა მხარეს, გაუძლიერებელი რჩება წინა; თუ მზადყოფნაში აქვთ მარცხენა მხარე, მოუმზადებელია მარჯვენა; თუ დაცული აქვთ მარცხენა მხარე, დაუცველია მარჯვენა; როცა იცავენ სუყველა მხარეს, დაუცველი რჩება სუყველა.
• სუსტდება, ვინც ცდილობს ყველა მხრიდან დაიცვას თავი, ძლიერდება - ვინც აიძულებს ყველა მხრიდან დაიცვან თავი.
• ამიტომ, როდესაც იცი, თუ სად და როდის მოხდება ბრძოლა, თუნდაც ათასი ლიეს სიშორიდან შეგიძლია დაიწყო ომი; როცა არ იცი, სად ან როდის მოხდება ბრძოლა, მარცხენა ფრთითაც კი ვერ შესძლებ დაეხმარო მარჯვენას, ხოლო მარჯვენათი მოასწრო და დაიფარო მარცხენა; წინა ფლანგითაც კი ვერ უშველი უკანას, ხოლო უკანათი ვერ გადაარჩენ წინას, რომ არაფერი ვთქვათ ათი ან თუნდაც რამდენიმე ლიეთი დაშორებულ შენი ჯარის სხვა ნაწილებზე!
• ამადა ვსჯი, დაე ვეს ჰყავდეს ჯარი ყველაზე მეტი, რა ხეირს ნახავს ამაში გამარჯვებისათვის?
• ამად ამბობენ: გამარჯვებას ყოველთვის შეგიძლია მიაღწიო, თუნდაც მტრის ჯარი ბევრად გჭარბობდეს, შენ შეგიძლია არ მისცე მას ბრძოლის საშუალება.
• ამიტომ, კარგად განჭვრიტე მტრის ზრახვანი, რომ შეაფასო მისი გეგმების ავი და კარგი; გამოიწვიე ის, რომ გაუგო საბრძოლო წყობა და ქმედების წესი; აცთუნე იგი, რათა მიაგნო მის ყველა სუსტ და ძლიერ ადგილებს; შეერკინე მას, რათა მოსინჯო სად ჰყავს ჭარბი და სად ნაკლები ძალები.
• ამიტომ, სახე ჯარის წყობისა უმაღლესია, როცა ის მტრისთვის დაფარულია, ხოლო როცა ის დაფარულია, ღრმად შემოჭრილი ჯაშუშნიც კი ვერ შესძლებენ რაიმეს თვალთვალს, ბრძენი მეტოქეც კი ვერას გააწყობს შენს წინააღმდეგ.
• მტრის წინააღმდეგ მოქნილი ბრძოლით მიღწეული გამარჯვების მოწმეა თუმც მთელი ქვეყანა, ხალხმა არ იცის ამ გამარჯვების საიდუმლო, ყველა ხედავს თუ როგორ დამარცხდა მტერი, მაგრამ არავინ უწყის, თუ რა გზით დავარმარცხე მე ის.
• ამიტომ, სახე გამარჯვებისა, აროდეს მეორდება, უწურავია და მარად იცვლება ვითარებისდა მიხედვით.
• ჯარის ბრძოლის გზა ჰგავს წყლის დინებას: წყალი, დინებისთვის, გვერდს უვლის მაღლობს და ეშვება დაბლობში, ჯარი გამარჯვებისთვის, გვერდს უქცევს ძლიერ ადგილს და ურტყავს სუსტში. წყლის დინების გზას საზღვრავს მიწა, ჯარის გამარჯვების გზას - მტრის ვითარება.
• ამიტომაა, ჯარისთვის ომში არ არსებობს უცვლელი წყობა და არა არსებობს მუდმივი წესი. ამიტომ, სარდალი, რომელსაც ხელეწიფება ვითარების შესაბამისად ლაშქრის წყობისა და ბრძოლის გზის ოსტატური ცვლით ომის სწრაფი გამარჯვებით დაგვირგვინება, ჭეშმარიტად ღვთაების დარია.
• ხუთ საწყისთაგან16 არცერთი ბატონობს მარად, ოთხ დროთაგან17 არცერთი რჩება სამუდამოდ, დღეთაგან ზოგი გრძელია ზოგი მოკლე, მთვარე ხან ილევა, ხან ივსება.
 
'''VII. ბრძოლა ომში 七、 军争篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
• ჩვეულებრივ, ომში სარდალი, იღებს რა მბრძანებლის განკარგულებას, აგროვებს ლაშქარს, აწყობს ჯარს და მიემართება მტერთან საბრძოლად, მაგრამ არაფერია იმაზე ძნელი, რაც ბრძოლის თავშივე ხელსაყრელად წარმართვა. სიძნელე კი იმაშია, რომ უნდა შესძლო გადააქციო ბრძოლის დაკლაკნილი და ძნელი გზა - სწორად და ადვილად; არახელსაყრელი და წამგებიანი - ხელსაყრელად და მომგებიანად; გაიტყუო მტერი ირიბი გზით, მიიზიდო იგი სარგებლით, დაიძრა მასზე გვიან, მაგრამ მიხვიდე მასზე ადრე. აი, ესაა ცოდნა ბრძოლის ირიბი და სწორი გზებისა.
• მაგრამ ბრძოლას ომში თან სდევს როგორც ხელსაყრელი, ისე საბედისწერო შედეგი.
• როცა აღალ-საჭურვლით დატვირთული ლაშქრით მიისწრაფვიან დაეუფლონ რამეს, ვერ ასწრებენ დათქმულ მიზნამდე მისვლას, ხოლო როს ბანაკისგან შორს მიიწევენ ყოველი ბარგის გარეშე, ხშირად ჰკარგავენ აღალსა და ლაშქრის მთელ მარაგს.
• ამიტომ, როცა ლაშქარი ას ლიეზე მიელტვის რამეს, შეჰკრავს რა საჭურველს, სწრაფად მიიწევს წინ, გაორკეცებულ სიჩქარით შეუსვენებლივ მიაბიჯებს დღითა და ღამით, ის ტყვედ ჩაუგდებს მტერს თავის სამგვარი ჯარის მეთაურს. ძლიერნი მეომართაგან წინ მიიწევენ, სუსტნი ყოველთვის უკან რჩებიან, ამად მიზნამდე მთელი ლაშქრის მეათედი თუ აღწევს.
• როცა ლაშქარი ორმოცდაათ ლიეზე მიელტვის რამეს, ის ჰკარგავს მეწინავე ჯარის მეთაურს, ხოლო მიზნამდე მთელი ჯარის ნახევარი თუ აღწევს.
• როცა ლაშქარი ოცდაათ ლიეზე მიელტვის რამეს, მიზნამდე მისი ორი მესამედი აღწევს.
• ამიტომ, ლაშქარი საჭურვლის გარეშე დაიღუპება, სურსათის გარეშე - ვერ იარსებებს, მარაგის გარეშე - ვერ იცოცხლებს.
• თუ არ უწყი დიდებულთა და მეზობელთა ზრახვანი, ვერ შეჰკრავ მათთან კავშირს, თუ არ იცნობ ადგილს, მის მთებსა და ტყეებს, ხეობებსა და ხრამებს, ჭაობებსა და საფლობებს, ვერ შეძლებ იქ ლაშქრობას; თუ არ იყენებ მეგზურებსა და გამყოლებს, ვერ შესძლებ იმ ადგილით სარგებლობას.
• ომი ემყარება სახეცვლასა და ფლიდობას, ამიტომ, დაიძარ მხოლოდ სარგებლისათვის, იბრძოლე მუდამ ძალთა გაშლისა და შეერთების ცვლით. თუ ჩქარობ, იჩქარე ქარისებრ სისწრაფით; თუ დინჯობ, იდინჯე ტყისებრ სიმშვიდით. შენი თავდასხმა მძვინვარე უნდა იყოს, ვით ცეცხლის ალი; შენი თავდაცვა ურყევი უნდა იყოს, ვით სალი კლდე; გახდი უჭვრეტი, ვით ღამის წყვდიადი; ჰკვეთე მტერი - ვით მეხი და ელვა.
• გაჰყავი ჯარი, როს ერთდროულად ძარცვავ ქალაქებსა და სოფლებს; ახალ დაძვრის წინ ყველაფერი მისხლობით აწონ-დაწონე.
• ვინც უკვე ფლობს ოსტატობას პირდაპირი და ირიბი გზებით მტერთან ბრძოლისა, ის გაიმარჯვებს, ასეთია ომში ბრძოლის კანონი.
• “სარდლობის წიგნში” ნათქვამია: “ როცა ბრძოლაში თავისიანებს ხმას ვერ აწვდენენ, იყენებენ ზარებსა და დაფდაფებს; როცა ერთმანეთს ვეღარ ხედავენ, იყენებენ დროშებსა და ბაირაღებს”.
• ზარები და დაფდაფები, დროშები და ბაირაღები აერთიანებენ მეორმართა თვალყურს და ათანხმებენ მთელი ჯარის ქმედებას, ხოლო როცა ჯარი მწყობრად მოქმედებს, მამაცნი მარტონი არ მიიწევენ წინ, მხდალნი მარტონი ვერ დაიხევენ უკან. ასეთია წესი დიდი ლაშქრით ბრძოლისა.
• ამიტომ, ღამის ბრძოლაში იყენებენ მეტ ზარებსა და დაფდაფებს, დღის ბრძოლაში - მეტ დროშებსა და ბაირაღებს.
• ამიტომ, შენ შეგიძლია დასცე მტრის ჯარის სულისკვეთება, შენ შეგიძლია წარსტაცო მტრის სარდალს გულის სიმტკიცე.
• ლაშქრობის თავში, მებრძოლთა სულისკვეთება მაღალია, შემდეგ ის დუნდება, ბოლოს სულ ეცემა. ამიტომ ის, ვინც გაწაფულია ომში, ერიდება ბრძოლას, როცა მტრის სულისკვეთება მაღალია და უტევს მაშინ, როცა მტრის სულისკვეთება დუნდება ან სული ეცემა. ასეთია წესი განწყობით სარგებლობისა.
• წესრიგში მყოფნი მოელიან მტრის ჯარში არეულობას, მშვიდად დაბანაკებულნი უცდიან მტრის ლაშქრის მღელვარებას, ასეთია წესი თავის ფლობისა.
• ბრძოლის ველთან ახლოს მოელიან შორის გზით მოსულ მტერს, დასვენებული ჯარით ელიან დაქანცულ მეტოქეს, მაძღარი ლაშქრით უცდიან მშიერ მოქიშპეს. ასეთია წესი ძალოვნების გათვლისა.
• ნუ გადაუჭრი გზას შენს მეტოქეს, როდესაც ხედავ მის დროშებს გამართულსა და სრულ წესრიგში; ნურც შეუტევ მას, როცა ხედავ მისი ჯარის უმწიკვლო საბრძოლო წყობას. ასეთია წესი ვითარების სწრაფად შეცნობისა.
• ამიტომ, ომის წესია: მტერი თუ მაღლობზე დგას - აღმა ნუ შეუტევ; ზურგით თუ მთას ეფარება - პირდაპირ ნუ მიხვალ; თუ თვალთმაქცურად იხევს - ნუ დაედევნები; მის რჩეულ რაზმებს - ჯიქურ ნუ შეუტევ; მის მატყუარა რაზმს - ნუ წემოეგები; შინისკენ პირნაბრუნებს - გზას ნუ მოუჭრი; ალყაშემორტყმულს - ერთი გზა მიეც; სასოწარკვეთილს მეტს ნუღარ დათრგუნავ. ასეთია ომში ბრძოლის წესი.
 
 
'''VIII. ცვლილებანი 八、 九变篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
• ჩვეულებრივ, ასეთია ომის კანონი: სარდალი, იღებს რა მბრძანებლის განკარგულებას, მყის კრებს ლაშქარს და ამზადებს ჯარს, მაგრამ ლაშქრობისას ძნელადსავალ ადგილზე არ უნდა დაბანაკდე, გზათა შესაყარზე შეჰკარ კავშირნი, ხრიოკ ადგილზე არ უნდა დაყოვნდე, საალყო ადგილზე ეძებე ხსნის გზა, საბედისწერო ადგილზე იბრძოლე თავგანწირვით.
• ზოგიერთ გზას არ უნდა გაუყვე, ზოგიერთ ჯარს არ უნდა დაესხა, ზოგიერთ ციხეს არ უნდა შეუტიო, ზოგიერთი ადგილისთვის არ უნდა იბრძოლო, ზოგიერთი ბრძანება არ უნდა შეასრულო.
• ამიტომ, ვინც გაიწაფა ცვლილებათა მიხედვით სწრაფად მოქმედებაში, მცოდნეა ჯარის სარდლობისა, ვინც არა, თუნდაც ხუთი თითივით იცნობდეს ადგილს, მაინც ვერ ნახავს ამაში რამე სარგებელს.
• ამიტომაა, ჭკვიანმა სარდალმა განსჯისას ყოველთვის უნდა გათვალოს საქმის ხელსაყრელი და არახელსაყრელი მხარენიც. ხოლო როცა არახელსაყრელ ვითარებაში არ ივიწყებ ხელსაყრელ მხარესაც, საქმე შეიძლება წარმატებით გაასრულო; როცა ხელსაყრელ ვითარებაში ითვალისწინებ არახელსაყრელ შედეგსაც, ვნება შეიძლება თავიდან აიცილო.
• ამიტომ, თუ გსურს ალაგმო თავადნი და მეზობელი მბრძანებელნი, ავნე მათ უმტკივნეულეს ადგილებს; თუ გსურს გაუჩინო მუდმივი საზრუნავი, შეუქმენ მათ გადაუდებელი საქმენი; თუ გსურს სდიონ რაიმე საწადელს, მიიზიდე ისინი ყალბი სარგებლით.
• ამიტომ, ომის წესია: არა იმის იმედად ყოფნა, რომ მტერი იღბლად არ მოვა, არამედ იმისა, რომ მის დასახვედრად ყველაფერი მზად გაქვს; არა იმის იმედად ყოფნა, რომ მეტოქე ბედად არ შემოგიტევს, არამედ იმისა, რომ შენი წყობა შეუძლებელს ხდის მის შემოტევას.
• ამიტომ, ხუთმა დიდმა ნაკლმა შეიძლება ავნოს ჯარის სარდალს: უგნურად მამაცს - ადვილად მოჰკლავენ, სიცოცხლის მოტრფიალეს - ადვილად დაატყვევებენ, უზომოდ ფიცხს - ადვილად გააბრიყვებენ, მეტისმეტად სპეტაკს - ადვილად შებღალავენ, ხალხზე გადაგებულს - ადვილად გააწამებენ.
• ესაა ხუთი უხიფათესი ნაკლი სარდლისთვის, ესაა ხუთი დამღუპველი საფრთხე ჯარისთვის. ჯარის უდავო მომსპობია და სარდლის უცილო დამღუპველია ეს ხუთი ნაკლი. არ ეგების მათი შეუცნობლობა.
 
'''IX. ლაშქრობა 九、 行军篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
• ჩვეულებრივ, როდესაც ჯარი იმყოფება რაიმე ადგილზე და უკვე ძალუძს დააკვირდეს მტერს, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს: მთებზე გადასვლისას მუდამ უნდა გაჰყვე ხეობებს18, დაბანაკდი ყოველთვის მაღლობზე მზიანი მხრიდან, ხოლო თუ მტერია მაღლობზე, მას აღმა ნუ შეუტევ. აი, სულ ესაა ყველაფერი მთებში ჯარის განლაგებაზე.
• მდინარეზე გადასვლისას ყოველთვის დაბანაკდი ნაპირისგან შორს19, ხოლო თუ მტერი შეტევისას მდინარეზე გადმოდის, არ შეეგებო შუაგულ წყალში, ჯერ დააცადე მის ნახევარ ჯარს გადმოსვლა, შემდეგ კი დაჰკარ, ასე უფრო ხელსაყრელია.
• თუ შენ გადაწყვეტ ბრძოლის დაწყებას, არ შეება მტერს მდინარის ახლოს; აქაც ყოველთვის დაბანაკდი მაღლობზე მზიანი მხრიდან და ნურასდროს ნუ მოექცევი მტერს პირით დინების ქვემოდან20. აი, ესაა ყველაფერი მდინარესთან ჯარის განლაგებაზე.
• ჭაობიანი მლაშობების გადალახვისას მთავარია სწრაფად გაშორდე მათ და არ შეყოვნდე. ხოლო თუ მაინც იქ შეეჩეხე მტერს, მყის განალაგე შენი ჯარი წყლისა და ბალახის ახლოს, ზურგით ტყისაკენ. აი, ესაა ყველაფერი ჭაობიან მლაშობებში ჯარის განლაგებაზე.
• ვაკეზე დაიკავე მოხერხებული გაშლილი ადგილი, ოღონდ პირით დაბლობისაკენ, მთავარი ფლანგითა და ზურგით კი მაღლობისაკენ. აი, ესაა ყველაფერი ვაკეზე ჯარის განლაგების წესახებ.
• აი, ჯარის ამ ოთხი მოხერხებული განლაგების წყალობით დაამარცხა ხუან დიმ21 თავისი ოთხი მეზობელი მბრძანებელი.
• ჩვევულებრივ, ბრძოლაში, ყველა ჯარი ამჯობინებს მაღალ ადგილს და გაურბის დაბალს, ესწრაფვის მზიან მხარეს და ერიდება ჩრდილიანს; ცდილობენ დაბანაკდნენ იქ, სადაც ადვილი საარსებო პირობებია და მუდამ ზრუნავენ ლაშქრის საკმაოდ მომარაგებაზე, რადგან ეს მებრძოლთ აცილებს ათასგვარ სენს, ყველაფერი ეს კი გამარჯვების კარგი საწინდარია.
• თუ იმყოფები ყორღანებით, ჯებირებით ან თხრილებით დასერილ ადგილზე, უნდა გაჩერდე მის მზიან მხარეს, თან მოაფარო მას ლაშქრის ზურგი და მთავარი ფლანგი. ასე მუდამ ხელსაყრელია ჯარისთვის, ეს ადგილით მოხერხებულად სარგებლობაა.
• როცა მდინარის სათავისკენ თავსხმა წვიმებია და წყალს ქაფი მოაქვს, ჯერ ნუ დაიწყებ ფონზე გადასვლას, დაიცადე სანამ დინება დაწყნარდებოდეს.
• გზად შემხვედრ მთის ნიაღვრებს, ბუნებრივ ღრმულებს, სამწყვდევებს, მცენარეთა ღობეებს, საფლობ-საჩეხებსა და ნაპრალებს სწრაფად გაშორდი, არ მიუახლოვდე მათ. შენ გაშორდი, მტერი კი მიიტყუე მათკენ. შენ სახით დადექ, მტერი კი ზურგით მოაქციე მათკენ.
• თუ ლაშქრის მახლობლად რაიმე ხრამი, ვიწრობი, ტბორიანი ან ლელიანია, ტყიანი მთა ან ხშირი ბუჩქნარია, გულდასმით უნდა დაზვერო და გაჩხრიკო ისინი, რადგან ეს ისეთი ადგილებია, სადაც შეიძლება მტრის მზვერავები ან რაზმები იყვნენ ჩასაფრებულნი.
• თუ მტერს უახლოვდები, ის კი მაინც მშვიდადაა, ესე იგი ხელსაყრელი მდგომაროების იმედი აქვს; თუ ის შორიდანვე გიწვევს საბრძოლად, ესე იგი სურს წინ გაგიტყუოს; თუ ის დაბლობზე ბანაკდება, ეს მას რაღაცით ხელს აძლევს.
• როცა ხეები ჯგუფად ირხევიან, მტრის ჯარი ფარულად მოიწევს, როცა ბუჩქნარში ბევრ საფარს ამჩნევ, მტერს შენი მოტყუება განუზრახავს.
• იქ, სადაც ჩიტები გუნდად ფრინდებიან, მტრის რაზმი საფრდება; საიდანაც დამფრთხალი ნადირნი გარბიან, მტრის იერიში ახლოვდება.
• თუ მტვერი ჰაერში სვეტებად იჭრება, ეს მტრის ეტლები მოისწრაფიან; თუ მტვერი მიწისპირს ფართოდ ერთხმება, ეს მისი ქვეითნი მოაბიჯებენ; თუ მტვერი აქა-იქ ბოლქვებად ადის, ეს მტრის მებრძოლნი ფიჩხს აგროვებენ; თუ მტვრის ბოლქვები ყოველმხრივ მიმოიძვრის, ეს მისი ლაშქარი ბანაკდება.
• თუ მტერი თავმდაბლობს და მოკრძალებით მოგმართავს, მისი ჯარი კი მაინც აგრძელებს მზადებას - მას შეტევა განუზრახავს; თუ კადნიერობს და მკაცრად გელაპარაკება, მისი მეწინავენი კი საომრად იქაჩებიან - ის უკანდახევას აპირებს.
• როს მისი მსუბუქი ეტლნი ფლანგებზე ლაგდებიან - ის საბრძოლოდ ეწყობა; როს მარცხი არ უგემნია და მაინც ითხოვს ზავს - რაღაცას მზაკვრობს; როს სირბილს იწყებს და სწრაფად ლაგდება - გადამწყვეტი დრო უდგება; როს ნახევრად გიტევს, ხან ნახევრად იხევს - მახეში გიტყუებს.
• თუ მისი მებრძოლნი იარაღს ჩამოყრდნობილნი დგანან - ეს მათი დამშეულობის ნიშანია; თუ მისი მერწყულნი ჯერ თვითონ სვამენ წყალს - ეს მათი მწყურვალების ნიშანია; თუ ხედავს სარგებელს და არ იძვრის მისკენ - ეს მისი დაქანცულობის ნშანია.
• თუ მტრის ბანაკში ჩიტები გუნდდებიან - ის უკვე ცარიელია; თუ მტრის მებრძოლნი ღამით შეჰყვირიან - ისინი შიშს აუტანია; თუ მტრის ჯარში არეულობა - ისადგურებს, იქ სარდლის სიტყვას წონა დაუკარგავს; თუ მტრის დროშები უწესოდ ირევიან - ეს ჯარში შფოთის ნიშანია; თუ მტრის მეთაურნი ხშირად ბრაზობენ - ეს ჯარის დაქანცულობის ნიშანია.
• როს მტრის ბანაკში ცხენებს საპურე მარცვლით აძღებენ, ხოცავენ პირუტყვს და თვითონ ხორცით ღრეობენ, როცა წყალს ყველა დოქით იმარაგებენ, ჩანს უკან მიბრუნებას არც აპირებენ, სასო წარკვეთიათ ყაჩაღებივით და ბოლო ბრძოლისთვის ემზადებიან.
• თუ მტრის სარდალი ქვეშევრდომებს უყვავებს და უფონებს, ესე იგი დაუკარგავს გავლენა მათზე; თუ განუწყვეტლივ აჯილდოვებს მათ, ჩანს, დაბნეული სხვას ვერას აწყობს; თუ წამდაუწუმ სჯის მათ, ჩანს, ლაშქრის საქმე სავალალოდ აქვს; თუ ისე სასტიკობს, რომ შემდეგ უფრთხის მათ, ჩანს, არის მეტად უნიჭო კაცი.
• როს მტრის დესპანნი მოიჩქარიან საჩუქრებითა და ტკბილსიტყვაობენ, ნათელია რომ დაზავება სურთ; ხოლო თუ მტრის ჯარი, საომრად შემართული, პირდაპირ გიდგას, მაგრამ დიდი ხნით არც ბრძოლას იწყებს და არც უკან იხევს, გაფრთხილდი ათგზის და ფხიზლად ადევნე თვალი მათ ყველა ქმედებას.
• ომში მარტო ლაშქრის სიმრავლე დიდს არას გარგებს, ცარიელი ძალის იმედით ნურასდროს ჯიქურ ნუ მიხვალ მტერზე, მთავარია, ჯარი გყავდეს მტკიცედ შეკრული და ზუსტად შესძლო შეაფასო მტრის ძალა, ამასთან გქონდეს ქვეშევრდომთა სრული ნდობა და მხარდაჭერა. ვინც უგულვებელყოფს და მუდამ აგდებით უყურებს მტერს, მას ტყვედ ჩავარდნა უწერია ბედის წიგნში.
• თუ მიმართავ მებრძოლთა დასჯას მანამ, სანამ შეგეჩვევიან, ისინი ურჩობას დაიწყებენ, ურჩი ჯარის გამოყენება კი ძნელზე ძნელია; ხოლო როს მებრძოლნი შეგეჩვევიან, შენ კი უწესრიგობისათვის არავინ დასჯი, ჯარის გამოყენება სრულიად შეუძლებელი გახდება.
• ამიტომ, გააერთსულოვნე მებრძოლნი კეთილი სიტყვით, მაგრამ დაუმორჩილე მუდამ რკინისებრ წესრიგს, ამგვარად თუ მოიპოვებ მათ ერთგულებასა და კრძალვას.
• როცა ბრძანებები და მითითებანი მუდამ განუხრელად სრულდებიან, მებრძოლნი წესრიგსა და მორჩილებას ეჩვევიან; როცა ბრძანებანი და მითითებანი ჩვეულებრივ ზუსტად არ სრულდებიან, მებრძოლნი უწესრიგობასა და ურჩობას ეჩვევიან. როცა ბრძანებები ყოველთვის განუხრელად და ზუსტად სრულდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ სარდალი და მისი მებრძოლნი უკვე შეწყობიან ერთმანეთს.
 
'''X. ბრძოლის ადგილი 十、 地形篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
• ბრძოლის ადგილი შეიძლება იყოს: ადვილმისადგომი, ძნელადდასახევი, მოუხელთებელი, ვიწრობი, ძნელმისადგომი ან შორეული.
• ადგილი, რომელზეც შეგიძლია ადვილად მიხვიდე და მტერსაც შეუძლია ადვილად მისწვდეს, იწოდება ადვილმისადგომად. ასეთ ადგილზე უპირველეს ყოვლისა უნდა დაიკავო მაღლობები მზიანი მხრიდან და საიმედოდ დაიცვა სურსათის საზიდი გზები, ეს ბრძოლისას მეტად ხელსაყრელია.
• ადგილი, მისასვლელად ადვილი, მაგრამ უკუსაქცევად ძნელი, იწოდება ძნელადდასახევად. ასეთ ადგილზე თუ შეუტევ მეტრს, როცა ის მზად არაა, შეგიძლია დაამარცხო ის; თუ შეუტევ მას, როცა ის მზადაა და ვერ გაიმარჯვებ, უკან დახევა გაგიჭირდება, ეს კი მეტად არახელსაყრელია.
• ადგილი, სადაც სახიფათოა წინ წასვლა როგორც შენთვის ისე მტრისათვის, იწოდება მოუხელთებლად. ასეთ ადგილზე თუნდაც დიდ სარგებელს იძლეოდეს მტერი, მაინც არ ეგების მისკენ დაძვრა. სჯობს გაეცალო, თან გაიტყუო, ხოლო როდესაც ჯარის ნახევრით წინ წამოიწევს, სწრაფად მიბრუნდე და დაჰკრა. ასე უფრო ხელსაყრელია.
• ვიწრობ ადგილს შენ თუ პირველი დაიკავებ, მყის საიმედოდ ჩაკეტე ის ძლიერი რაზმით. იქვე დაელოდე მტრის მოსვლას; ხოლო თუ მტერი პირველი დაიკავებს მას საკმაო ძალით, ნუ მიხვალ მასზე. შეუტიე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ის სუსტად იქნება გამაგრებული.
• ძნელადმისადგომი ადგილი თუ პირველმა დაიკავე, გამაგრდი აქაც მაღლობზე მზიანი მხრიდან. იქვე დაელოდე მტრის მოსვლას, ხოლო თუ მტერმა პირველმა დაიკავა ის, მყის დაიხიე და სწრაფად გაშორდი, ნუ მიხვალ მასზე.
• შორეულ ადგილზე მყოფი, შენნაირივე სიძლიერით გამაგრებული მეტოქის საბრძოლოდ გამოტყუება მეტად ძნელია, ხოლო თუ მაინც დაიწყებ ბრძოლას, ხეირს ვერ ნახავ.
• აი, ექვსი უმთავრესი წესი ბრძოლის ადგილთა შესახებ, რომელთა შესწავლა და გულდასმით განსჯა ყველა სარდლის უცილო ვალია, არ ეგების მათი შეუცნობლობა.
• თუ ჯარი უკუიქცევა, უძლურდება, ტყვედ ვარდება, იშლება, ირევა ან გარბის, მიზეზი ყველა ამ ექვსი დამღუპველი უბედურების ყოველთვის სარდლის შეცდომებია და არა რისხვა მოვლენილი ცით და მიწითგან.
• თუ თანაბარი ძალოვნების დროს ჯარი უტევს მასზე ათჯერ მეტს, შედეგად მას სწრაფად უკუაქცევენ; თუ ჯარისკაცობა ძლიერია, ხოლო მეთაურობა უძლური, შედეგად მთელი ჯარი უძლურდება; თუ მეთაურობა ძლიერია, ჯარისკაცობა კი უძლური, შედეგად მთელი ჯარი ტყვევდება; როცა უმცროსნი მეთაურთაგან ბრაზობენ და ეურჩებიან უფროსთ, მათზე დაბოღმილნი მტერთან შეხვედრისთანავე თვითნებურად იწყებენ ბრძოლას, ხოლო სარდალმა არც კი უწყის თავის ქვეშევრდომთა ძალა და უნარი, შედეგად მთელი ჯარის იშლება და ნადგურდება; როცა სარდალი სუსტია და არამკაცრი, ჯარის მართვას არა აქვს წესი და რიგი, მეთაურნი და ჯარისაკცნი ერთურთში ქიშპობენ და ირევიან, საბრძოლო წყობა და მწკრივი ყველგან დარღვეულია, შედეგად მთელი ჯარი იბლანდება და ირევა; როცა სარდალი სწორად ვერ აფასებს მტრის ძალას, მცირე სპით ეგებება დიდ ლაშქარს, სუსტი რაზმებით უტევს ძლიერ ჯარს, საკუთარ ჯარში რჩეული მეწინავენიც კი არ ჰყავს, შედეგად მთელი მისი ჯარი მარცხდება და გარბის.
• აი, ექვსი მთავარი მიზეზი ჯარის უთუო დამარცხებისა, მათი შესწავლა და გულდასმით განსჯა ყოველი სარდლის უცილო ვალია, ამად, არ ეგების მათი შეუცნობლობა.
• ბრძოლის ადგილი ყოველთვის ჯარის დიდი დამხმარე ხდება.
• მტრის ზუსტად შეფასება მასზე ადვილად გასამარჯვებლად, ბრძოლის ხიფათიანობისა და უხიფათობის, სიშორისა და სიახლოვის სწორი გათვლა გონიერ სარდალს ყოველთვის ხელეწიფება.
• ამიტომ, ის, ვისაც ესმის ეს და იწყებს სარდლობას - გაიმარჯვებს; ის, ვისაც არ ესმის ეს და ხელს ჰკიდებს სარდლობას - დამარცხდება.
• ამიტომ, როს ხედავ ომის წესით უცილობელი გამარჯვება შენი ხვედრია, შეგიძლია განაგრძო ბრძოლა, თუნდაც ხელმწიფემ ბრძანოს: “შეწყვიტეთეთ ომი!”. ხოლო თუ ხედავ ომის წესით გამარჯვება არ გიწერია, შეგიძლია შეწყვიტო ბრძოლა, თუნდაც ხელმწიფემ ბრძანოს: “განაგრძეთ ომი!”.
• ამიტომ, სარდალი, რომელიც წინ მიიწევს და არ მიელტვის გამარჯვებულის სახელ-დიდებას, უკან იხევს და ამისთვის არ უფრთხის პასუხისგებას, მხოლოდ და მხოლოდ ცდილობს დაიცვას თავისი ხალხი და ემსახუროს ერთგულად საკუთარი მეუფის მიზნებს - დიდი განძია სახელმწიფოსთვის.
• იზრუნე შენს მოემრებზე, ისე ვით ბავშვებზე და ისინი უძირო უფსკრულშიც თან ჩაგყვებიან; უყურე შენს მებრძოლებს ისე, ვით საყვარელ შვილებს და ისინი სიკვდილსაც შენს გვერდით შეხვდებიან.
• მაგრამ თუ მეომართ ისე ლმობიერად ეპყრობი, რომ ვეღარ განაგებ, ისეთი სიყვარულით ექცევი, რომ ვერაფერს უბრძანებ, თვით წესრიგის დარღვევისთვისაც კი ვერავის ვერ სჯი, ამ დედისერთა ჩვილივით განებივრებულ ჯარით ბრძოლის ველზე ვერას გააწყობ.
• თუ იცი, რომ ძალუძს შენს ჯარს შეტევა, მაგრამ არ იცი, რომ არ ეგების ამ დროს მტერზე შეტევა, გამარჯვების მხოლოდ ნახევარი შესაძლებლობა გაქვს; თუ იცი, რომ შეიძლება მტერზე შეტევა, მაგრამ არ იცი, რომ არ ძალუძს შენს ჯარს შეტევა, ამ დროსაც გამარჯვების ნახევარი შესაძლებლობა გაქვს; თუ იცი, რომ შეიძლება მტერზე შეტევა, და იცი, რომ ძალუძს შენს ჯარს შეტევა, მაგრამ არ იცი, რომ ასეთ ბრძოლის ველზე არ ეგების მტერზე შეტევა, ამ დროსაც გამარჯვების მხოლოდ ნახევარი შესაძლებობაა შენს ხელთ.
• ამიტომაა, მცოდნე ომისა, მოქმედებს და აროდეს იბნევა, იძვრის და ხელი აროდეს ეცარება.
• ამად ამბობენ: თუ იცნობ მტერს და იცნობ თავსაც, გამარჯვება არ გაგიჭირდება; თუ იცნობ ცას და იცნობ მიწასაც22- სრული გამარჯვება შენი ხვედრია.
 
 
'''XI. ცხრანაირი ადგილი 十一、 九地篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
• ომის წესით ლაშქრობის ადგილი შეიძლება იყოს: დასაყოფი, მომიჯნავე, საქიშპო, ღია, საკვანძო, მძიმე, ძნელადსავალი, საალყო ან საბედისწერო.
• როცა დიდებულნი თავისივე ქვეყნის შიგნით იბრძვიან, ასეთი ადგილი დასაყოფად ითვლება.
• როცა ბრძოლისას იჭრებიან მტრის მიწაზე, მაგრამ არც ისე ღრამდ, ასეთი ადგილი მომიჯნავედ ითვლება.
• ადგილი, რომლის დაკავებაც ძლიერ ხელსაყრელია ჩემთვისაც და მტრისთვისაც - საქიშპოდ ითვლება.
• ადგილი, რომელიც ადვილად მისაწვდომია ჩემთვისაც მტრისთვისაც - ღიად ითვლება.
• ადგილი, მოსაზღვრე სამი ქვეყნისა, რომლის უწინ ძელში ჩამგდები მყის მოიპოვებს დიდებულთა და ყველა მეზობელ მბრძანებელთა მხარდაჭერას - საკვანძოდ ითვლება.
• როცა ღრმად იჭრებიან მეტოქის მიწაზე, უკან კი რჩებათ მტრის მრავალი ციხე და ქალაქი - ასეთი ადგილი მძიმედ ითვლება.
• მთებითა და ტყეებით, ხევებითა და ხრამებით, საფლობებითა და ჭაობებით დასერილი მიწა და სხვა ამგვარი უგზო ადგილი - ძნელადსავლად ითვლება.
• ადგილი, სადაც წინსავალი გზა ვიწროა, უკანდასახევი კი გრძელი და დაკლაკნილი, სადაც მტრის მცირე ჯარსაც შეუძლია დაჰკრას ჩემს დიდ ლაშქარს - საალყოდ ითვლება.
• ადგილი, სადაც სწრაფი და თავგანწირული ბრძოლა თუ გიხსნის, დაყოვნებით კი დაიღუპები - საბედისწეროდ ითვლება.
• ამიტომ, დასაყოფ ადგილზე - ომს ნუ დაიწყებ, მომიჯნავე ადგილზე - ჯარს ნუ გააბნევ, საკვანძო ადგილზე - შეჰკარ კავშირნი, მძიმე ადგილზე - ხვეჭე სურსათი, ძნელადსავალ ადგილს - სწრაფად გაშორდი, საალყო ადგილზე - იპოვე ხსნის გზა, საბედისწერო ადგილზე - იბრძოლე მედგრად.
• მას, ვისაც ძველად უწოდებდნენ გაწაფულს ომში, ძალუძდა ეომა ისე, რომ მტრის მოწინავეთ და ზურგის მებრძოლთ არ შეეძლოთ მწყობრად ქმედება, მეტოქის დამხმარე ძალები ვერ ასწრებდნენ მთავართა მხარდაჭერას, მოწინააღმდეგის მეთაურთ არ სურდათ ჯარისკაცთა შველა და ამად ზემოთა წყობა ჰკარგავდა კავშირს ქვემოსთან, გაშლილნი ვერ ახერხბდნენ შეერთებას, შეერთებულნი - გამთლიანებას, ის მოქმედებდა მხოლოდ ხელსაყრელ ჟამს და აროდეს იძვროდა უსარგებლოდ.
• გავბედავ და გკითხავთ: მაშ, როგორ დავუხვდე მტერს, მოსულს დიდძალი ლაშქარითა და უზადო საბრძოლო წყობით?
• ჩემი პასუხია: უმალ წარსტაცე ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია და იგი მყის დაჰყვება შენს ნებას.
• ომის დროს სისწრაფე ფასობს ყველაზე მეტად. ამიტომ, იხელთე და დაასწარ შენს მტერს, გაუყევ იმ გზას, ის რომ არ ფიქრობს, დაჰკარ იმ ადგილს, ის რომ არ ელის.
• საერთოდ, მტრის მიწაზე ბრძოლის წესია: რაც უფრო ღრმად ხარ შეჭირლი მტრის მიდამოში, მით უფრო გმართებს განუმტკიცო შენს მეომართ მებრძოლი სული, დამხვდურიც მით უფრო ვერ მოგერევა. ძარცვე ნოყიერი მიწები და ხვეჭე ბლომად სურსათ-ალაფი მთელი ჯარისთვის, თვალი ადევნე შენს მოემართა კეთილდღეობას, არ გადაქანცო ისინი, მუდამ დარაზმე საბრძოლველად და მოაკრებინე ძალ-ღონე; ისეთნაირად განალაგე ჯარი და გათვალე საბრძოლო გეგმა, რომ მტერი ვერ მიგიხვდეს მთავარ ჩანაფიქრს.
• გადაისროლე შენი მებრძოლნი გამოუვალ ადგილებში და ისინი სიკვდილს არჩევენ უკანდახევას. სიკვდილის არმოშიშნი კი განა არ იბრძვიან თავგანწირული ძალისხმევით? მებრძოლნი, მომწყვეულნი საბედისწერო ჩიხში - აღარაფერს უფრთხიან; მეომარნი, მოხვედრილნი გამოუვალ ადგილებში - კიდევ უფრო მტკიცდებიან; ღრმად შეჭრილნი მტრის მიწაზე - ერთ მუშტად იკვრიან; შველის არსაით მომლოდინენი - მედგრად იბრძვიან.
• ამიტომაა, მებრძოლნი, დარიგების გარეშეც რომ ფრთხილობენ, იძულების გარეშეც რომ ასრულებენ; ხდებიან: შეგონების გარეშე - ერთსულოვანნი, ბრძანების გარეშე - წესრიგის ერთგულნი.
• აკრძალე ცრურწმენანი, აღმოფხვერ ეჭვი ქვეშევრდომთა გულებში და მათგან სიკვდილამდე არვინ უკუიქცევა.
• თუ შენს მებრძოლთ ზედმეტი ქონება არ აბადიათ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ სიმდიდრე სძულთ; თუ ისინი სიცოცხლეს არასდროს ზოგავენ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ დღეგრძელობა არ სურთ.
• ომის დაწყების ბრძანების დღეს მეომართ, პირქუშად მსხდომარეთ, ცრემლი ულტობთ კალთებს; მებრძოლთ, მდუმარედ მწოლარეთ, ცრემლი უსველებთ ღაწვებს, მაგრამ გადაისროლე ისინი ადგილში, საიდანაც უკუქცევა შეუძლებელია და ისინი გახდებიან ისეთივე მამაცნი, როგორც ჯუან ჯუ23 და ცაო გუი24.
• ამიტომ, ჯარი გაწაფულისა ომში, ჰგავს შუაიჟანს, გველს, ხენშანის მთებში რომ ბუდობს: თუ თავში უტევ - ის კუდით გესხმის, თუ კუდში უტევ - ის თავით გესხმის, თუ წელში უტევ - ის თავკუდით გესხმის.
• გავბედავ და გკითხავთ: ნუთუ ჯარი შეიძლება იბრძოდეს ისე მოქნილად, ვით შუაიჟანი?
• ჩემი პასუხია: შეიძლება.
• ხომ ასე მტრობენ ურთიერთს უსა და ვეს ხალხი, მაგრამ თუ ერთ ნავში ჯდომისას ქარიშხალი ამოუვარდათ, მყის დაიწყებენ ერთურთის შველას ისე, ვით მარცხენა ხელი ეხმარება მარჯვენას.
• ამიტომაა, ცხენების დაბმა და ეტლთა ბორბლების მიწაში ჩაფლაც ვერას გიშველის მტრის მოწოლისგან შენი ჯარის შესაკავებლად. რომ ყოველი იდგეს ურყევად და იბრძოდეს მედგრად, ამის გზა მხოლოდ ჯარის სწორ განგება-წვრთნაშია; რომ მთელი ძალით გამოიღოს ხელი ძლიერმაც და სუსტმაც, ამის გზა მხოლოდ ბრძოლის ველის ოსტატურად გამოყენებაშია.
• ამიტომ, გაწაფული სარდლობაში მიუძღვის ჯარს ისე, თითქოს ერთი კაცი მიჰყავდეს ხელით, კაცი, რომელიც უნდა თუ არა მიჰყვება მას.
• სარდლობის საქმეში მთავარია: იყო ყოველთვის მშვიდი და განუჭვრეტელი; განაგებდე მუდამ მკაცრად და სამართლიანად; შესძლო აარიდო მთავარს მეთაურთა და მეომართა თვალყური, რათა ვადამდე არავინ არაფერი იცოდეს; შეცვალო საბრძოლო წყობა და გადათქვა დათქმული გეგმა, რათა ვერავინ გაგიგოს ჩანაფიქრი; ცვალო ბანაკის ადგილნი და იარო ირიბი გზებით, რათა ვერვინ მიგიხვდეს საბოლოო მიზანს.
• მთავარსარდალი გადამწყვეტ ჟამს უშვებს რა ლაშქარს საომრად, ვით კოშკზე მცოცავთ კიბე გამოაცალო, უკუსაქცევად გზას არ უტოვებს.
• მთავარსარდალი, თავისი ლაშქრით ღრმად შეჭრილი მეტოქე მბრძანებლის მიწაზე, უნდა ჰგავდეს ისარს, გატყორცნილს მოუბრუნებლად, მედგრად ისწრაფვოს მხოლოდ და მხოლოდ წინ. მას უნდა მიჰყავდეს ლაშქარი ისე, ვით ცხვრის ფარა, ხან იქით გარეკოს, ხან გამორეკოს, ისე, რომ არვინ უწყოდეს თუ საით მიდის; უნდა შეჰყაროს მთელი ლაშქრის ყველა მებრძოლი და გაატაროს ისინი უხიფათეს ადგილებში. აი, ესაა სარდლის მთავარი საქმე.
• მთავარია ცხრანაირ ადგილზე მართებული ქმედება, წინსვლისა და უკუსვლის სარგებელი და ვნება, მებრძოლთა განწყობის წესი და ბუნება. არ ეგების მათი შეუცნობლობა.
• ჩვეულებრივ, უცხო მიწაზე ბრძოლის წესია: ჯარი, ღრმად შეჭრილი მტრის მიწაზე წესრიგიანია და მტკიცედ იკვრება; ჯარი, მცირედ შეჭრილი მტრის მიწაზე, დაუდევრობს და ადვილად ირევა.
• როს შორდებიან თავის ქვეყანას, ლახავენ მტრის საზღვარს და იქ იბრძვიან, ამ დროს მოწყვეტილ ადგილზე დგანან; როს ოთხმხრივ გახსნილი აქვთ სავალი გზები - ამ დროს საკვანძო ადგილზე დგანან; ღრმად შეჭრილნი მტრის მიწაზე - მძიმე ადგილზე იმყოფებიან; მცირედ შეჭრილნი მტრის მიწაზე - მომიჯნავე ადგილზე დგანან; როს უკან რჩებათ მტრის სიმაგრენი, წინ კი ვიწრო სავალი გზებია, მაშინ საალყო ადგილზე დგანან; ხოლო როს არსით მუჩანთ ხსნის გზა, უკვე საბედისწერო ადგილზე დგანან.
• ამიტომ, დასაყოფ ადგილზე ჯარს განუმტკიცე ერთიანი სულისკვეთება; მომიჯნავე ადგილზე მჭიდროდ შეჰკარ შენი ძალები; საქიშპო ადგილს - უმალ უნდა მოექცე ზურგში; ღია ადგილზე - ყოველმხრივ ფხიზლად დაიცავ თავი; საკვანძო ადგილზე - განამტკიცე მეზობლებთან შენი კავშირნი; მძიმე ადგილზე - ხვეჭე საკმაოდ სურსათ-ალაფი; ძნელადსავალ ადგილს - სწრაფად გაშორდი; საალყო ადგილს - ჩაუკეტე ყველა კარი და შემოსასვლელი; საბედისწერო ადგილზე აჩვენე ყველას, რომ ლაშქარს ელის სასიკვდილო ბრძოლა.
• ამიტომ, მებრძოლთა ბუნებაა: ალყაშემორტყმულნი თავს მედგრად იცავენ; შველის არსაით მომლოდინენი თავგანწირული ომობენ, უხიფათესად მომწყვდეულნი ასრულებენ ყველა ბრძანებას.
• ამიტომაა, თუ არ იცი მეზობელ მბრძანებელთა ზრახვანი, ვერ შეჰკრავ მათთან კავშირს; თუ არ იცნობ ადგილის მთებსა და ტყეებს, ხეობებსა და ხრამებს, საფლობებსა და ჭაობებს, ვერ შესძლებ იქ ლაშქრობას; თუ არ იყენებ მეგზურებსა და გამყოლებს, ვერ შესძლებ იმ ადგილით სარგებლობას.
• ლაშქარი, უგულვებელმყოფელი თუნდაც ერთისა ცხრანაირ ადგილზე ბრძოლის წესთაგან, ვერ ჩაითვლება მბრძაებელთა მბრძანებლის შესაფერ ლაშქრად. ჯარი, მბრძანებელთა მბრძანებლისა ისე უტევს თუნდაც ძლიერ სამეფოს, რომ მტერი ვერც კი ასწრებს საკმაო ლაშქრის შეკრებას; ისე აფრთხობს ძალოვანებით თავის მეტოქეთ, რომ ისინი ვერც კი ბედავენ შეკავშირებას.
• ამიტომაა, არც ესწრაფვიან შეჰკრან კავშირი ცისქვეშეთის სხვა მბრძანებლებთან და არც ნერგავენ თავისი ძალის დასაყრდენს სხვათა ქვეყნებში, თავადვე ისე იზრდებიან და ძლიერდებიან, რომ მათ ძლიერებას ძალუძს დაამხოს მტრის ქალაქები და მყის შემუსროს მეტოქეთა მთელი ქვეყნები.
• აჯილდოვებენ და არ იცავენ მიღებულ ადათს, სცემენ ბრძანებებს და არ სჭირდებათ მისდიონ მიღებულ წესებს, განაგებენ მთელ ჯარს მარჯვედ, ისე ვით ერთ კაცს.
• მეომართ, მიეც საბრძოლო დავალება, მაგრამ ნუ გაუმჟღავნებ მთავარ ჩანაფიქრს; ელაპარაკე საფრთხის შესახებ, მაგრამ ნურას გაუმხელ სარგებლის შესახებ.
• გადაისროლე შენი მებრძოლნი უხიფათეს ადგილებში და ისინი გადარჩებიან; გაატარე შენი მეომარნი საბედისწერო გზებზე და ისინი იცოცხლებენ.
• მხოლოდ ჯარს, მოხვედრილს უდიდეს საფრთხეში, ძალუძს დამარცხების გამარჯვებად შემობრუნება.
• ამიტომ, სარდლობის საქმეში მთავარია: გულდასმით და ზუსტად განჭვრიტო მეტოქის ზრახვანი, შემდეგ, მთელი შენი ძალები ეთრბაშად მტრისკენ ისე მმიმართო, რომ ათას ლიეზეც შესძლო მოაშთო მათი სარდალი. ამას ჰქვია უნარი საქმის ოსტატურად გასრულებისა.
• ამიტომ, იმ დღეს, როცა გადაწყვეტ საომრად დაძვრას, ჩაკეტე ყველა სასაზღვრო კარი, გააუქმე ყველა გაცემული საშვი, აკრძალე უცხო დესპანთა მიმოსვლა და მყის დაიწყე სასახლეში გულდასმით ბჭობა, რომ საბოლოოდ აწონ-დაწონო საქმის წარმართვის ყოველი მხარე.
• თუ მტერს რომელიმე კარი ღია აქვს, არ დააყოვნო, სწრაფად შეიჭერ, ჯერ ხელში იგდე მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ, ისე რომ ნურც დაუთქვამ ბრძოლის დროსა და დღეს.
• ნუ დაიჟინებ ერთ რომელიმე ხერხს, მოქნილად ცვალე შენი ბრძოლი გზა მტრის მოქმედების შესაბამისად.
• ამიტომ, მტერთან ჯერ იყავ გაუბედავი, ისე ვით მორცხვი ქალწული; ხოლო როგორც კი გაგეხსნება შეტევისათვის, მოსწყდი გასხლეტილ კურდღლის სისწრაფით, ისე რომ თავდაცვაც კი ვერ მოასწროს.
 
 
'''XII. შეტევა ცეცხლით 十二、 火攻篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
• ჩვეულებრივ, არსებობს ცეცხლით შეტევის ხუთი გზა: პირველია - როცა წვავენ მტრის ლაშქრის მეომართ; მეორეა - როცა წვავენ მტრის ლაშქრის მარაგს; მესამეა - როცა წვავენ მტრის ლაშქრის აღალს; მეოთხეა - როცა წვავენ მტრის ლაშქრის საწყობებს; მეხუთეა - როცა წვავენ მტრის ლაშქრის სასურსათე გზებს.
• ცეცხლის წასაკიდებლად უნდა იყოს ამის ყველა საშუალება, სანთები მასალა ყოველჟამს უნდა გქონდეს ხელთ.
• ცეცხლით შეტევას აქვს თავისი დრო, ხანძრის გაჩენას აქვს თავისი ჟამი. დროა, როცა ამინდი ძალზედ მშრალია; ჟამია, როცა მთვარე იმყოფება ძის, პის, ის ან ჯენის25 თანავარსკვლავედებში, რადგან მთვარის ამ ვარსკვლავებში გავლისას მუდამ ქარიანი დღეები იცის.
• ჩვეულებრივ, ცეცხლით შეტევის ხუთივე გზას, ყოველთვის სჭირდება ჯარის მოქმედებებით შესაფერისი მხარდაჭერაც.
• თუ ცეცხლს მტრის ბანაკს შიგნიდან მოსდებ, სწრაფად და მარჯვედ უნდა დაუჭირო მხარი გარედან.
• თუ ცეცხლის ენები უკვე ავარდა, მაგშრამ მტრის ჯარში მაინც სიმშვიდეა, ჯერ ნუ შეუტევ, ფხიზლად იცადე და როცა ალი უდიდესად აგიზგიზდება, იმოქმედე ვითარებისმებრ, თუ შეიძლება შეტევა - მყის შეუტიე, თუ არა - ჯერ დარჩი ადგილზე.
• თუ შეგიძლია ცეცხლი მტერს გარედან მისცე, აღარ ელოდო მის ბანაკში რაიმე არეულობას, პირდაპირ მიუნთე როგორც კი მოვა ხელსაყრელი დრო.
• თუ ცეცხლს მიუშვებ ქარის ქროლვის მიმართულებით, ნუ შეუტევ მტერს ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით.
• როდესაც ქარი დღისით დიდხანს ქრის, ღამით ის შეიძლება ადვილად ჩადგეს.
• საერთოდ, ჯარმა ყოველთვის უნდა იცოდეს ცეცხლით შეტევის ხუთივე ეს გზა და მუდამ ფხიზლად ელოდოს ხელსაყრელ დრო-ჟამს.
• ამიტომაა, შეტევის ცეცხლით მხარდაჭერისას შედეგი აშკარაზე აშკარაა; შეტევის წყლით მხარდაჭერისას შედეგი ძლიერზე ძლიერია. მაგრამ წყალს შეუძლია წალეკოს და გათიშოს და არ შეუძლია წარსტაცოს და მოსპოს.
• როცა ბრძოლაში გამარჯვებული იპყრობს მტრის მიწებსა და ქალაქებს, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებს განიმტკიცოს მძიმე ომით მონაპოვარი, ეს უკვე ავბედობის მოახლოების ნიშანია და ეწოდება “ფუჭი ომი და ამაო ბრძოლა”.
• ამიტომ ამბობენ: გონიერი მბრძანებელი ყოველთვის წინდახედულად აწყობს ომის გეგმებს, კარგი სარდალი კი მუდამ გულდასმით ასრულებს მათ.
• ქვეყნის საქმისთვის უსარგებლოდ ნუ იმოქმედებ, წარმატებაში დაურწმუნებლად ლაშქარს ნუ დაძრავ, გარდაუვალი საფრთხის გარეშე ომს ნუ დაიწყებ.
• მბრძანებელი წუთიერი მრისხანების გამო ომს არ უნდა იწყებდეს; სარდალი წამიერი ბრაზის გამო ბრძოლაში არ უნდა ებმებოდეს.
• როცა ეს ხელსაყრელია - იმოქმედე, როცა არა - შეჩერდი.
• მრისხანება შეიძლება სიხარულმა შეცვალოს, ბრაზი შეიძლება მხიარულებად იქცეს, დაღუპულ ქვეყანას კი ვეღარავინ აღადგენს, დახოცილ ხალხს ვეღარავინ გააცოცხლებს.
• ამიტომ, ომის საქმეში გონიერი მბრძანებელი ფრთხილზედ-ფრთხილია, კარგი სარდალი ფხიზელზედ-ფხიზელია, ესაა გზა ქვეყნის სიმშვიდისა, ესაა წესი ჯარის სიმრთელისა.
 
 
'''XIII. ჯაშუშთა გამოყენება 十三、 用间篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
• ჩვეულებრივ, როდესაც ძრვენ ათიათას კაციან ლაშქარს და უშვებენ ათას ლიეზე მტერთან საომრად, ხალხის თავზე დაკისრებული ომის ხარჯები, ხაზინის ყველა გასავალთან ერთად დღეში შეადგენს ათას ცალ ოქროს; არეულობა ისადგურებს შიგნით და გარეთ, შორეულ გზებზე სირბილით ქანცი სძვრებათ მებარგულებად გამწესებულებს, ვეღარ ახერხებს ჩვეულებრივად საქმიანობას შვიდასი ათასი გლეხის ოჯახი.
• წლობით იცავენ მხარეები თავს ერთურთისგან, რათა მზად იყვნენ გადამწყვეტი ბრძოლის იმ ერთი დღისთვის, ამიტომ, ვისაც ჯაშუშთათვის ენანება ფული, წოდება ან გასამრჯელო და ამის გამო არა უწყის მტრისა საქმენი, ის მეტისმეტად უწყალოა თავის ქვეყნისთვის, ის უფერული სარდალია თავის ლაშქრისთვის, ის უუნარო დამხმარეა თავის მბრძანებლისა, ის ვერფერი მპყრობელია გამარჯვებისა.
• ამიტომ თუ გონიერი მბრძანებელი ან ნიჭიერი სარდალი ლაშქრის დაძვრისთანავე ამარცხებს მტერს, წარმატებებითაც მუდამ აჭარბებს სხვებს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან წინასწარ უწყის ყოველივე მტრის შესახებ.
• ცნობებს მტრის შესახებ წინასწარ ვერ შეიტყობ სულთაგან და ღმერთთაგან, ვერც მოიპოვებ მსგავს საქმეებში მიბაძვისაგან, ვერც გაიგებ ვარსკვლავებზე მკითხავთა და გამომთვლელთაგან, მათ მიიღებ მხოლოდ იმ პირთაგან, ვინც კარგად უწყის შენი მტრის საქმენი.
• ამიტომ, გამოყენების მიხედვით არსებობს ხუთნაიარი ჯაშუში: ადგილობრივი, შიდა, მოქცეული, გაწირული და მობრუნებული. ხუთნაირივე ჯაშუშის ფარულ ქმედებას ვერვინ უნდა გაუგოს გზა-კვალი, მათი გამოყენების იდუმალი წესნი კი უძვირფასესი იარაღია მბრძანებლის ხელში.
• ადგილობრივი ჯაშუში ჰქვია მტრის ქვეყნის მცხოვრებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ;
• შიდა ჯაშუში ჰქვია მტრის კარის მოხელეს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ;
• მოქცეული ჯაშუში ჰქვია მტრისავე ჯაშუშს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ;
• გაწირული ჯაშუში ჰქვია ჩვენს ჯაშუშს, რომელიც განზრახ ავრცელებს რა ცრუ ხმებს, უახლოვდება მტრის კარს და მოახსენებს ჩვენს მიერ შეთხზულ ყალბ ცნობებს;
• მობრუნებული ჯაშუში ჰქვია ჩვენს ჯაშუშს, რომელიც ბრუნდება მტრის ზურგიდან რაიმე ცნობით.
• ამიტომ, მთელს ლაშქარში არ არსებობს კავშირი უახლოესი, ვიდრე ჯაშუშებთან; არ არსებობს ჯილდო უდიდესი, ვიდრე ჯაშუშთათვის; არ არსებობს საქმე უსაიდუმლოესი ვიდრე ჯაშუშთა.
• ვინც არაა ბრძენი და შორსმჭვრეტელი, ვერ გამოიყენებს ჯაშუშებს, ვინც არაა მოწყალე და გულუხვი, ვერავის მიუგზავნის ჯაშუშებს; ვინც არაა ფაქიზი და გამჭრიახი, ვერ ისარგებლებს ჯაშუშთა ცნობებით.
• ო, სიფაქიზევ! ო, დახვეწილობავ! არ არსებობს ადგილი და ჟამი ჯაშუშობა რომ შეუძლებელი იყოს.
• თუ ჯაშუშს საქმე არც დაუწყია, საიდუმლო კი უკვე გამჟღავნდა, მაშინ ისიც და მისგან ამ საქმის ყველა გამგებიც უნდა მოიშთონ.
• ჩვეულებრივ, როცა აპირებ შეუტიო მტრის ჯარს, დაესხა მის ქალაქს, ან მოაშთო მისი კაცი, ჯერ საჭიროა გაიგო სახელები მეტოქის ჯარის მეთაურისა, უახლოესი თანაშემწეებისა, მეკავშირე განმგებლისა, კარის მცველისა და მუდმივი სტუმერბისა. დაავალე შენს ჯაშუშს დაწვრილებით და ზუსტად გაგიგოს ეს ყველაფერი.
• დროულად უნდა შენიშნო შენს დასაზვერად მოგზავნილი მტრის ყველა ჯაშუში, მაშინვე უნდა მოისყიდო და დაიყოლიო უხვი სარგებლით, ხოლო როგორც კი გადაიბირებ, შეგიძლია თავისუფლად გაუშვა უკან. ამგვარად შესძლებ გაიჩინო და გამოიყენო მოქცეული ჯაშუში. მისი წყალობით ყოველთვის ზუსტად გაიგებ მტრის ქვეყნის ამბებს და ამად ადვილად შესძლებ გაიჩინო და გამოიყენო ადგილობრივი და შიდა ჯაშუშნიც. მოქცეული ჯაშუშისავე წყალობით დროზე გაიგებ რა მტრის ქვეყნის ამბებს, ყოველთვის შესძლებ საჭირო ყალბი ცნობების მიცემას შენი მტრისათვის შენივე გაწირული ჯაშუშის ხელით. კარგად გაიგებ რა მტრის ქვეყნის ამბებს, შესძლებ ყოველთვის დროულად მიიღო მობრუნებული ჯაშუშის მიერ მოტანილი ყოველი ცნობაც.
• ხუთნაირივე ჯაშუშის საქმე თვით მბრძანებელმა დაწვრილებით უნდა უწყოდეს, ხოლო რადგანაც უმთავრეს ცნობებს იგებენ მხოლოდ მოქცეული ჯაშუშისაგან, არ შეიძლება, რომ არ მიეცეს მას ყოველთვის ყველაზე უგულუხვესი ჯილდო.
• ძველად, ინის26 სამეფოს აღმავლობისას, ი ჯი; ჯაშუშობდა ინისთვის სიას27 სამეფოში; ჯოუს28 სამეფოს აღმავლობისას ლვი ია ჯაშუშობდა ჯოუსთვის ინის სამეფოში. ამიტომ, მხოლოდ გონიერ მბრძანებელსა და ბრძენ სარდალს შეუძლია გამოიყენოს უჭკვიანესი ხალხი თავის ჯაშუშად და ამად უცილობლად მიაღწიოს დიდ წარმატებებს.
• ჯაშუშთა გამოყენება ყოველთვის უმთავრეს საქმეთაგანია ომში, მას ეყრდნობა მთელი ჯარის ყველა ქმედება.
 
'''3. შენიშვნები 注'''
 
* ცი. უ, ჩუ, ვე - ჯოუს ეპოქის (ძვ. წ. აღ. XI საუკუნიდან 221 წ-მდე) ერთმანეთთან მებრძოლი მცირე ჩინური სამეფოები, ცინ შიხუანნდის მიერ მათი გაერთიანებისა და პირველი ჩინური იმპერიის შექმნამდე.
1. იგულისხმება ხალხის სიკვდილ-სიცოცხლე.
2. იგულისხმება სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა.
3. იგულისხმება წელიწადი დროთა ცვლა.
4. ლიე ან ლი - ჩინური სიგრძის საზომი ერთეული უდრის 1/2 კმ-ს.
5. ჯუნი - ძველი ჩინური საწყაო ერთეული, უდრიდა დაახლოებით 640 ლიტრს.
6. დანი - ძველი ჩინური საწყაო ერთეული, უდრიდა დაახლოებით 100 ლიტრს.
7. ძველად ჩინეთში, ციხე სიმაგრეების იერიშის დროს, ციხის დამცველთა მიერ ნასროლი ქვებისა და ისრებისაგან თავდასაცავად, მოიეირშეები იყენებდნენ ერთგვარ ოთხთვალას (轒轀), რმოლის თავზეც ხარის ტყავი იყო გადაჭიმული, ხოლო მის ქვეშ ათ კაცს შეეძლო თავის შეფარება და ნელ-ნელა ციხის კედელთან მიახლოვება.
8. მოიერიშეები ციხე-სიმაგრის კედლის პირდაპირ აზვინებდნენ მაღალ მიწაყრილებს (距闉), უფრო მოხერხებულად შეტევის და ციხის კედელზე გადასვლის მიზნით.
9. იგულისხმება ადგილის რელიეფი.
10. ი - ძველი ჩინური წონის ეთეული, უდრიდა დაახლოებით 750 გრამს.
11. ჯუ - ძველი ჩინუირ წონის ერთეული, უდირდა დაახლოებით 1.3 გრამს
12. ჟენი - ძველი ჩინური სიგრძის საზომი ერთეული, უდირდა დაახლოებით 2.3 მეტრს.
13. იგულისხმება ტრადიციული ჩინური მუსიკის ხუთტონიანი გამა.
14. იგულისხმება: ცისფერი (ან მწვანე), ყვითელი, წითელი, თეთრი და შავი.
15. იგულისხმება: მჟავე, მლაშე, ცხარე, მწარე, ტკბილი.
16. ხუთი საწყისი - ძველ ჩინელთა წარმოდგენით სამყაროს შემადგენელი. ხუთი ძირითადი ელემენტი: ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი და წყალი, რომლებიც ერთმანეთს შობენ და სძლევენ.
17. იგულისხმება წელიწადის ოთხი დრო.
18. იგულისხმება ხეობები, სადაც მოიპოვება წყალი და იზრდება მცენარეულობა.
19. იგულისხმება, რომ ჯარის ნაპირისაგან შორს დაბანაკებისას, მოწინააღმდეგე ადვილად გაბედავს წყლის გადმოლახვას. გარდა ამისა საჭიროების შემთხვევაში საკუთარ ჯარსაც უნდა დაუტოვო საკმაო სამანევრო ადგილი.
20. იგულისხმება, რომ აღმა დაბანაკებულ მოწინააღმდეგეს შეუძლია მიუშვას წყლი და წალეკოს დაბლა დაბანაკებული, ან მოწამლოს ქვედა დინება.
21. ხუან დი - ჩინეთის უძველეს ტომთა ლეგენდარული ბელადი, მისი და მეორე ლეგენდარული ბელადის - იენ დის შთამომავლად თვლიან თავს ხანები - დღევანდელი ჩინეთის ძირთადი ეროვნება.
22. იგულისხმება ამინდისა და ბრძოლის ველის პირობების ხელსაყრელად გამოყენების ცოდნა.
23. ჯუან ჯუ - ჩუენციუს პერიოდის უს სამეფოს გმირი მებრძოლი.
24. ცაო გუი - ჩუენციუს პერიოდის ლუს სამეფოს გმირი მებრძოლი.
25. ძი, პი, ი, ჯენი - თანავარსკვლავედთა სახელები ძველ ჩინურ. ასტრონომიაში, თანამიმდევრულად შეესაბამებიან ახლანდელი მშვილდოსნის, პეგას-ანდრომედის, ფიალა-ჰიდრის და ყორნის თანავარსკვლავედებს.
26. იანი ანუ შანი, უძველესი ჩინური სამეფო (ძვ. წ აღ. XVI-XI საუკუნეებში) აღმოცენდა სიას სამეფოს დამხობის შემდეგ.
27. სია, უძველესი ჩინური სამეფო ძვ.წ.აღ. XXI-XVI საუკუნეებში.
28. ჯოუ, უძველესი ჩინური სამეფო ძვ. წ. აღ. XI საუკუნეში, აღმოცენდა ინის სამეფოს დამხობის შემდეგ.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/სუნ-ძი“-დან