კაცია-ადამიანი?!: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
* „სწავლა, ღვთის მადლით, არაფრისა არა ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ეგრე მსუქანიც აღარ იქნებოდა. ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება _ ხორცის დღეობა მაშინ არის, როცა სული ჰყვავის — ხორცი დნება. ამიტომაც ჭლექები ჭკვიანები არიანო, ამბობენ ხოლმე. ჩვენი ლუარსაბი, მგონი, თითონაც ბევრს არ იცემდა თავში, — რატომ სწავლა არა მაქვსო, — სწორედ ამის გამო.“
* „გაიარა რაოდენმამე ჟამმა და წუთის-სოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამ ბევრი რამ გამოსცვალა დედამიწის ზურგზედ. ამათ შვილი არ მიეცათ. დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რაღაც წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა. დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი. წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა. ორი სიამოვნებაღა დარჩა ამ ტრიალ ქვეყანაზედ: ერთი — მადა; მეორე ისა, რომ ლამაზისეული ფეხთ უჯდა ხოლმე, როცა ძილს დააპირებდა ბატონი, ფეხის გულებზედ და კანჭებზედ ხელს უსვამდა და ისე აძინებდა. ესღა იყო ამისათვის ნუგეშად, თორემ ის პატიოსანი ფაშვი ჩამოებღერტა, ის ხაშხაში ლოყები ჩაუყვითლდა, ის დიდრონი ძროხის ოდენა თვალები უგემურად მიელივა, ის სამკეცი ფაფუკი ღაბაბი გუდა ლეღვსავით გაუხდა, ამასთანაც ის თავისებური განსხვავებითი მუდამი ღიმილი სახიდამ დაეკარგა, — ერთის სიტყვით, წახდა კაკალი კაცი. მწუხარებამ ესე იცის. ბოლოს, ფერისცვალობის დღეს, რაღაც ეშმაკად, ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მოართვა. ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა.“
* „წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედამიწის ზურგზედა. რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა? ან კიდევ ქვაზედ წაიწერონ, რომ „ჩყ... წლამდინ თავადი ლუარსაბი თათქარიძე და მისი კნეინა დარეჯანი ცოცხალნი ყოფილან და მერე დახოცილან?“ სხვა ხომ არაფერი გვეტყვის, რომ ესენი ამ ქვეყანაში ყოფილან და უცხოვრიათ. „წამკითხველო, შენდობა გვიბძანეთო“, ამბობს იმათი ქვის ზედწარწერილი. ნახევარი საუკუნე ამისთვის იცხოვრეს ამ ქვეყანაზედ, რომ ბოლოს მაინც კიდევ „შენდობა“ ითხოვონ და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე? უფროსთაგანს ქართვლის საფლავის ქვას რომ აწერია „შენდობა გვიბძანეთო“, ეხლა მესმის, რისთვისაც აწერია. მაგ შესანდობარს და შესაბრალისს ჩვეულებას თავისი აზრი და საფუძველი ჰქონია, მაგრამ არ გითარგმნი კი, მკითხველო! თუ კაი გული გაქვს და გამჭრე გონება შენც თითონ ჩემზედ უკეთესად მიხვდები, თუ არა და, თქმა საჭირო არ არის. ტყუილად გულს გატკენ, გაგარისხებ და ის რისხვა ისე აგიბამს თვალსა, რომ სხვას შენზედ მეტადაც რომ გული სტკიოდეს, ამას ვეღარ დაინახავ და იმის გულის სატკენ სიტყვას მუხანათობაში ჩამოართმევ.“
 
==რესურსები ინტერნეტში==