კაცია-ადამიანი?!: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
* „გაიარა რაოდენმამე ჟამმა და წუთის-სოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამ ბევრი რამ გამოსცვალა დედამიწის ზურგზედ. ამათ შვილი არ მიეცათ. დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რაღაც წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა. დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი. წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა. ორი სიამოვნებაღა დარჩა ამ ტრიალ ქვეყანაზედ: ერთი — მადა; მეორე ისა, რომ ლამაზისეული ფეხთ უჯდა ხოლმე, როცა ძილს დააპირებდა ბატონი, ფეხის გულებზედ და კანჭებზედ ხელს უსვამდა და ისე აძინებდა. ესღა იყო ამისათვის ნუგეშად, თორემ ის პატიოსანი ფაშვი ჩამოებღერტა, ის ხაშხაში ლოყები ჩაუყვითლდა, ის დიდრონი ძროხის ოდენა თვალები უგემურად მიელივა, ის სამკეცი ფაფუკი ღაბაბი გუდა ლეღვსავით გაუხდა, ამასთანაც ის თავისებური განსხვავებითი მუდამი ღიმილი სახიდამ დაეკარგა, — ერთის სიტყვით, წახდა კაკალი კაცი. მწუხარებამ ესე იცის. ბოლოს, ფერისცვალობის დღეს, რაღაც ეშმაკად, ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მოართვა. ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა.“
* „წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედამიწის ზურგზედა. რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა? ან კიდევ ქვაზედ წაიწერონ, რომ „ჩყ... წლამდინ თავადი ლუარსაბი თათქარიძე და მისი კნეინა დარეჯანი ცოცხალნი ყოფილან და მერე დახოცილან?“ სხვა ხომ არაფერი გვეტყვის, რომ ესენი ამ ქვეყანაში ყოფილან და უცხოვრიათ. „წამკითხველო, შენდობა გვიბძანეთო“, ამბობს იმათი ქვის ზედწარწერილი. ნახევარი საუკუნე ამისთვის იცხოვრეს ამ ქვეყანაზედ, რომ ბოლოს მაინც კიდევ „შენდობა“ ითხოვონ და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე? უფროსთაგანს ქართვლის საფლავის ქვას რომ აწერია „შენდობა გვიბძანეთო“, ეხლა მესმის, რისთვისაც აწერია. მაგ შესანდობარს და შესაბრალისს ჩვეულებას თავისი აზრი და საფუძველი ჰქონია, მაგრამ არ გითარგმნი კი, მკითხველო! თუ კაი გული გაქვს და გამჭრე გონება შენც თითონ ჩემზედ უკეთესად მიხვდები, თუ არა და, თქმა საჭირო არ არის. ტყუილად გულს გატკენ, გაგარისხებ და ის რისხვა ისე აგიბამს თვალსა, რომ სხვას შენზედ მეტადაც რომ გული სტკიოდეს, ამას ვეღარ დაინახავ და იმის გულის სატკენ სიტყვას მუხანათობაში ჩამოართმევ.“
* „— ამ წინაზედ რომ კუდიანი ვარსკვლავი ამოვიდა, ხომ გახსოვთ?

— დიაღ, — მიუგეს ერთ-ხმით ცოლ-ქმარმა.

— იმ დღეს თურმე გველეშაპი გამოსდგომოდა მზესა, — ისიც ხომ გაიგეთ?

— დიაღ, დიაღ, გავიგეთ! — წამოიძახეს ერთად შეშინებულმა ცოლმა და ქმარმა.

— იმ კუდიან ვარსკვლავზედ და გველეშაპზედ სომხების ტერტერებს თავიანთი კარაბადინი გაუშლიათ და უთქვამთ, რომ — აქ უფრო ხმა დაიდაბლა — თავადიშვილებს ყმები ჩამოერთმევათო.

— ვაი შენს ლუარსაბსა! — წამოიძახა ფერწასულმა ლუარსაბმა. — ეგ რა სთქვი, რა? აკი მოგახსენეთ, ბატონებო, რომ წარღვნა უნდა მოვიდეს-მეთქი. აი, ღვთის წყრომა! სულ ჩვენისავე ცოდვებისაგან მოგვევლინა. მამა-ჩემი ზაალ ნუ წამიწყდება, რომ წავალ, ზაქარიას ცოლსაც, ლევანსაც, ნიკოლოზსაც წიხლ-ქვეშ გავიგდებ, რომ ეს ამბავი სულ იმათი უნარია. კიდევ ატარონ ქირაზედ ურმები!

— რაზედ გაცხარდი, შენ გეთაყვანე! — მიატანა ლუარსაბსა ცოლმა, — სომხების კარაბადინს როგორ უჯერებ! შარშანწინ კი არა სთქვეს, რომ დედამიწა ხარის რქაზედა სდგას. იმ ხარს ერთი რქა მოსტეხია და ქვეყანა უნდა გადაბრუნდესო, მაგრამ ტყუილი კი გამოდგა. გარეჯელ მკითხავს ეთქო, რომ არც რქა მოსტეხია და არც არაფერიო.

— მართლა, ეგ კი აღარ მომაგონდა, — სთქვა ეხლა კი დამშვიდებულმა ლუარსაბმა, — ჭორი იქნება. აბა, გეთაყვა, მეფის ერეკლეს ნაბოძებს სომხის კარაბადინის სიტყვით ვინ წამართმევს? თუნდ ეგ არ იყოს, რიღას თავადიშვილი ვიქნებით, თუ ყმაც არ გვეყოლება: კარაბადინი კი არა, სოლომონ ბრძნის წიგნიც რომ იყოს, არ დავიჯერებ. ან რა დასაჯერია?“

==რესურსები ინტერნეტში==