კაცია-ადამიანი?!: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
* „როცა ლუარსაბი იმ ზემოთ აღწერილ განცხრომაში ბრძანდებოდა, სიკვდილი იყო, რომ ვისმეს მოეშალა ამისი ქეიფი და ნებიერობა, ესე იგი ტახტზედ დარბაისლურად და პატიოსნად გადაგორ-გადმოგორება. სტუმარი ეჯავრებაო, ამაზე ამბობდა უგუნური ხალხი, მაგრამ განა სიძუნწით მოსდიოდა ეს ამბავი? აბა თქვენგან არ მიკვირს! სიძუნწე და ქართველი ორივე ერთად მოთავსდება? ყინული და ცეცხლი ერთი-ერთმანეთს არ დალევენ? თუ ეჯავრებოდა სტუმარი, იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა. ადგომა კიდევ არაფერი, ეს ესე არ ეზარებოდა ლუარსაბსა: ტანთ ჩაცმა იყო ამის სიკვდილი. მთელს ზაფხულს ისე გაატარებდა, რომ პერანგის და მის ამხანაგის მეტს არას მიიკარებდა ტანზედ, თუ თავის ნებაზედ მიაგდებდით, თუ არა, მეტი რა ჩარა იყო. ზამთარში კიდევ პერანგზედ ქურქს წამოისხამდა, თუ ვინმე დიდი კაცი არ ეწვეოდა, ვსთქვათ თუნდა დიანბეგი. მაშინ, რა დროს ამბავსაც მე ვწერ, დიანბეგი დიდი ბობოლა იყო; ეხლაა, რომ, რაც ეს ოხერი სწავლა შემოვიდა, დიანბეგს დიდკაცად არ აგდებენ, თორემ უწინ — უჰ! უჰ! რა დიდი ვინმე ბრძანდებოდა. ასეთი დიდი, რომ კინაღამ აზნაურის სტუმრობაზედ ნათქვამი ანდაზა დიანბეგზედ არ გადაკეთდა: კინაღამ „დიანბეგის სტუმრობა, ნუ გგონია ხუმრობად“ არ შეიცვალა. რომ დიანბეგის სტუმრობა ხუმრობა არ არის — ეს ყოველ გლეხკაცმა ძალიან კარგად იცის დღესაც და ადრევ კი თავადიშვილმაც იცოდა.“
* „ლუარსაბის ტანისა კი რა მოგახსენოთ და გული კი, რო გენახათ, ღორის ჯაგარსავით მოდებული ჰქონდა, ასე რომ მრავალ საეჭვო სულიერებს შეეძლოთ შიშიანობის დროს აქ თავი შეეფარათ, მაგრამ... მაგრამ რა? განა ლუარსაბი ბედნიერი არ იყო? იმდენი დღეგრძელობა ამის დამწერს ჰქონდეს, რამდენი იმის ტოლი თავადიშვილი იმის ყოფა-ცხოვრებას შეჰნატროდა. მარტო იმის ტანის ბალანი სამყოფი იყო, რომ უბედურ კაცში შური აენთო, რომ სხვა არა იყოს-რა. თორემ რა უჭირდა ლუარსაბსა? ფერი აკლდა, თუ ხორცი? რა, სხვა უხეირო კაცსავით, ფიქრი და ზრუნვა ძილს დაუფრთხობდა, მადას წაართმევდა? ფერი კარგი ჰქონდა, ხორცი უკეთესი, სმა-ჭამა და ძილი ხომ რაღა. მეტი რა უნდა ქართველ კაცს, რომელიც ბედს და უბედობას ბალნით არჩევს, და რომლისათვისაც ბედს თუ ხვედრს დაუნიშნავს, რომ თავისი დღენი ქუდით უნდა ბუზს ერეკებოდეს.“
* „მკითხველო, ხომ არ მოგეწყინა? რასაკვირველია, მოგეწყინა: აქ არ არის არც სიყვარულის ეშმაკობა, არც კაცის-კვლა, არც უიმედო ქალის ოხვრა, არც წყალში გადავარდნა, ერთის სიტყვით — რაც აშვენებს გასართველად დაწერილს მოთხრობასა — ის აქ არაფერი არ არის. მაშ მოგეწყინება, ამას რაღა თქმა უნდა. მაგრამ ეს უნდა იცოდე შენ, მკითხველო, რომ მე ამისა ქვემორე ხელის მომწერელი მკითხველის გასართველად არ ვწერ ამ უხეირო მოთხრობასა. მე მინდა ამ მოთხრობამ ჩააფიქროს მკითხველი და, თუ მოიწყენს, ამის გამო მოიწყინოს; იმიტომ რომ ფიქრი და მოწყენა გაუყრელნი და-ძმანი არიან. მე მინდა, რომ მკითხველმა იმიტომ კი არ მოიწყინოს, რომ გასართველი არ არი, არამედ იმიტომ, რომ ჩამაფიქრებელია. თუ ამოდენა იხერხა და შესძლო ამ უხეირო წერილმა, მე ამის მეტი არა მინდა-რა და არც მდომებია, ჩემო მოწყენილო მკითხველო! თუ ვერ იხერხა, რა ვუყო? ამით ვინუგეშებ, რომ „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია”. ამ დალოცვილს ანდაზას რამდენი უხეირო კაცი ხეირიანად გამოჰყავს და გამოუყვანია. მეც იმათში...“
* „ -მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით — რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია — ესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია. მაგრამ ეხლა ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?
— დიაღ, — მეტყვი შენ, — მისვამს და მიჭამია, არც ერთი დღე მშიერი არა ვყოფილვარ.“