ძვ. წ. 1750 წელი — ურანოსი ეუფლება გეას. იბადებიან — კიკლოპები, ჰეკატონხეირები და ტიტანები (სამარხების შახტა მიკენში, აშენებული ძვ. წ. 1740-სა და ძვ. წ. 1450 წელს შორის).

ძვ. წ. 1710 წელი — "საფრიდან მარცხენა ხელი გაიწვდინა ძემ (კრონოსმა (სატურნი)), მარჯვენაში ვეება ნამგალი ეჭირა, გრძელი, კბილბასრი, უმალ მოჰკვეთა მამას (ურანოსს) ასონი და ზურგსუკან შორს მოისროლა".

კიდევ სამი, წარმოუდგენლად დიდი, მხნე და გულზვიადი ძე შეეძინათ მიწას და ზეცას – კოტოსი, ბრიარეოსი და გიგესი ჰეკატონხეირები ბერძნულად Εκατόγχειρες, სიტყვასიტყვით: ἑκατόν, «ასი» და χείρ, «ხელი». ლათინურად Centimani «ასხელიანი»), რომელთა სახელებსაც კაცნი შიშით არ წარმოთქვამენ. თითოეულს ასი საზარელი მკლავი ჰქონდა და მხრებს შორის ორმოცდაათი თავი ამოსვლოდა მკვრივ კიდურებზე. უძლეველი იყო ამ გოლიათ არსებათა ძალა. მიწისა და ცის ნაშობთა შორის ყველაზე ზარდამცემნი იყვნენ და გაჩენისთანავე მოიძულა ისინი მშობელმა მამამ. როგორც კი დაიბადნენ, სათითაოდ ყველა მიწის წიაღში დამალა ცამ და სინათლეზე არ უშვებდა; ხარობდა იგი თავისი ბოროტი საქციელით. შევიწროებული უზარმაზარი მიწა კი კვნესოდა და ბოლოს მზაკვრული, ავი საქმე მოიგონა. მსწრაფლ შექმნა მოელვარე ანდამატის სახეობა, მისგან დიდი ნამგალი დაამზადა და საყვარელ შვილებს აჩვენა, თან გასამხნევებლად ასე მიმართა გულდამწუხრებულმა:

— ჩემო და კადნიერი მამის შვილებო, თუკი ისურვებთ ჩემი ისმინოთ, ვაზღვევინებთ მამათქვენს ბოროტ შეურაცხყოფას, რადგან პირველმა მან იკადრა უღირსი საქმე. ასე უთხრა, ხოლო ისინი ყველა შიშმა შეიპყრო, სიტყვის თქმაც კი ვერცერთმა გაბედა. მხოლოდ დიდმა, ცბიერმა კრონოსმა მოიკრიბა მხნეობა და მყისვე მიუგო მზრუნველ დედას: — დედა, გპირდები, რომ მე აღვასრულებ ამ საქმეს, რამეთუ არაფრად ვაგდებ საძულველ მამაჩვენს, ვინაიდან პირველმა მან იკადრა უღირსი ქცევა. ასე უთხრა, მთელი გულით გაუხარდა უზარმაზარ მიწას, საფარში დააყენა თავისი ძე, დამალა, ხელთ კბილბასრი ნამგალი მისცა და მრავალგვარი ხრიკი ურჩია.

მოვიდა დიდი ცა, მოუძღვა ღამეს და ყოველი მხრიდან შემოეჭდო მიწას ტრფიალის მოსურნე. საფრიდან მარცხენა ხელი გაიწვდინა ძემ, მარჯვენაში ვეება ნამგალი ეჭირა, გრძელი, კბილბასრი, უმალ მოჰკვეთა მამას ასონი და ზურგსუკან შორს მოისროლა. უნაყოფოდ არ გადაგდებულან ასონი მისი მკლავიდან. რამდენი სისხლიანი წვეთიც დაიღვარა, მიწამ მიიღო ყველა და დროთა ბრუნვაში შვა უწყალო ერინიები, ელვარე საჭურვლიანი დიდი გიგანტები, რომელთაც გრძელი შუბი ეპყრათ ხელთ, და ნიმფები, მელიებად, იფნის ნიმფებად წოდებულნი უსაზღვრო მიწაზე. კრონოსის მიერ ანდამატით მოკვეთილი და ხმელეთიდან მღელვარე ზღვაში გადასროლილი ასონი დიდხანს დაცურავდნენ ტალღებზე. უკვდავ სხეულის ნაწილს თეთრი ქაფი მოედო გარშემო და მასში ქალწული ამოიზარდა. ქალწულმა პირველად საღმრთო კითერისაკენ გაცურა, იქიდან ზღვით გარემოცულ კიპროსს ეწვია და მიწაზე გადმოვიდა პატივსაცემი, ლამაზი ღმერთი, გარშემო ბალახი აღმოცენდა მის კენარ ფერხთით. მას აფროდიტეს [ანუ ქაფისგან შობილს და ლამაზგვირგვინოსან კითერეას] უწოდებენ ღმერთნი და კაცნი, რადგან ქაფში დაიბადა. კითერეად იმიტომ მოიხსენიებენ, რომ კითერაზე მოხვდა, ხოლო კიპროსსშობილს იმის გამო უწოდებენ, რომ ზღვით გარშემორტყმულ კიპროსზე იშვა. ფილომედესსაც ეძახიან, რაკი ასოთაგან მოევლინა ქვეყანას. ღმერთქალს ეროსი უმშვენებდა გვერდს და ლამაზი ჰიმეროსიც თან ახლდა დაბადებისას და მაშინაც, როდესაც ზეციერთა დასს ეახლა. იმთავითვე მოიხვეჭა მან პატივი და წილად კაცთა და უკვდავ ღმერთთა შორის, აი, რა ერგო: ქალწულთა ჩურჩული, ღიმილი, იმედგაცრუება, სასიამოვნო აღტაცება, ალერსი და სინატიფე.

დიადი მამა ცა კიცხავდა საკუთარ შვილებს და ტიტანები შეარქვა მათ. ამბობდა, მთელი ღონე იხმარეს, რომ ესოდენ ბიწიერი საქმე ჩაედინათ, და ამისთვის მომავალში უთუოდ მიეზღვებათ სამაგიეროო.

ღამემ შვა საძულველი ხვედრი, შავი ბედისწერა და სიკვდილი; დაბადა ასევე ძილი და სიზმართა დასი. შემდეგ, ისე რომ არცერთ ღმერთთან არ გაუზიარებია სარეცელი, შვა მრუმე ღამემ ძაგება, მტანჯველი ვაება და ჰესპერიდები, რომლებიც დიდებული ოკეანოსის გადაღმა ლამაზ ოქროს ვაშლებსა და მსხმოიარე ხეებს იცავენ. მანვე გააჩინა აგრეთვე ულმობლად დამსჯელი კერები და მოირები – კლოთო, ლაქესისი და ატროპოსი, რომლებიც მოკვდავებს დაბადებისას სიკეთესაც ანათლავენ და სიავესაც და ცოდვების გამო ღმერთებსაც დევნიან და ადამიანებსაც. ეს ქალღმერთები მანამ არ იცხრობენ სასტიკ გულისწყრომას, სანამ ბოროტ სასჯელს არ მიაგებენ შემცოდეს. ამის შემდეგ მოკვდავ კაცთა სასჯელად ტიალმა ღამემ შვა ნემესისი; ბოლოს კი დაბადა ტყუილი, მეგობრობა, წყეული სიბერე და გულქვა ერისი.

საძულველმა ერისმა შვა მძიმე ჯაფა, დავიწყება, შიმშილი, ცრემლიანი ტკივილი, დაპირისპირება, ომი, მკვლელობა, კაცთასრვა, უთანხმოება, ტყუილი, პაექრობა, კამათი, უკანონობა და შეშლილობა – უკლებლივ ერთიმეორის მახლობელნი – და ფიცი, ყველაზე მეტად რომ ვნებს კაცთ, მიწაზე მცხოვრებთ, თუკი რომელიმე მათგანი ნებსით ცრუდ დაიფიცებს.

პონტოსმა შვა ალალმართალი და სიმართლისმოყვარე ნერევსი, საკუთარ შვილთა შორის უხუცესი. ნერევსს მოხუცს ეძახიან, რადგან მართლისმთქმელია, გულკეთილი, არასდროს ივიწყებს სამართლიანობას და პირუთვნელად და ლმობიერად სჯის. შემდეგ პონტოსი შეერთო მიწას და შვა დიადი თავმასი, ჩაუქი ფორკისი, ლამაზღაწვება კეტო და ევრიბია, რომელსაც ალმასის მტკიცე გული უძგერს მკერდში.

ნერევსსა და თმამშვენიერ დორისს, ასულს საკუთარ წიაღში ჩამდინარე ოკეანოსისას, ქალღმერთთათვის საყვარელი შვილები შეეძინათ უნაყოფო ზღვაში: პროთო, ევკრანტე, საო, ამფიტრიტე, ევდორე, თეტისი, გალენე, გლავკე, კიმოთოე, სპეო, თოე, ტურფა ალია, პასითეა, ერატო, ვარდისფერმკლავება ევნიკე, მწყაზარი მელიტე, ევლიმენე, აგავე, დოტო, პროტო, ფერუსა, დინამენე, ნესეა, აქტეა, პროტომედეა, დორისი, პანოპე, სანდომიანი გალატეა, ტურფა ჰიპოთოე, ვარდისფერმკლავება ჰიპონოე, კიმოდოკე, რომელიც კიმატოლეგესა და წერწეტა ამფიტრიტესთან ერთად იოლად აცხრობს ტალღებს და მძაფრი ქარების ქროლვას მოქურუხებულ ზღვაში, კიმო, ეიონე, ლამაზგვირგვინოსანი ჰალიმედე, პირმცინარი გლავკონომე, პონტოპორეა, ლეაგორა, ევაგორა, ლაომედეა, პულინოე, ავტინოე, ლისიანასა, ტანკენარი, უზადო გარეგნობის ევარნე, მწყაზარი ტანადობის ფსამათე, მომხიბლავი მენიპე, ნესო, ევპომპე, თემისტო, პრონოე და ნემერტესი, რომელსაც უკვდავი მამის გონიერება დაჰყოლია. ეს ორმოცდაათი, სხვადასხვა შესანიშნავ საქმეში დახელოვნებული ქალწული იშვა უმწიკვლო ნერევსისაგან.

თავმასმა ცოლად შეირთო ღრმადინებიანი ოკეანოსის ასული ელექტრა, რომელმაც უშვა მას მალი ირისი და თმამშვენიერი ჰარპიები – აელო და ოკიპეტე, რომლებიც ქარის ქროლვასა და ფრთამალ ჩიტებსავით სწრაფად დაფრინავენ, ფრთოსნებზე მაღლა დანავარდობენ ცაში.

ფორკისს კეტომ უშვა ლამაზღაწვება, დაბადებითვე თმაჭაღარა დედაბრები – გრაიებს რომ ეძახიან უკვდავი ღმერთნი თუ მიწაზე მოსიარულე კაცნი – კოხტად მოსილი პემფრედო, ზაფრანისფერკაბიანი ენიო, გორგონები, დიდებული ოკეანოსის გადაღმა, ღამის სამანთან რომ ბინადრობენ ხმაწკრიალა ჰესპერიდების ახლოს, სთენო, ევრიალე და მედუსა, ვინც უბედობა გადაიტანა. მედუსა მოკვდავი იყო, უკვდავნი და უბერებელნი სთენო და ევრიალე იშვნენ. მედუსასთან მუქკულულებიანი პოსეიდონი დაწვა რბილ მდელოზე, გაზაფხულის ყვავილებში. და როდესაც ფორკისის ასულს პერსევსმა თავი მოჰკვეთა, მისი სხეულიდან ამოხტნენ დიადი ქრისაორი და ცხენი პეგასოსი. ამ ბედაურს ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ ოკეანოსის წყაროებთან იშვა, ხოლო ჭაბუკს ქრისაორი უწოდეს, რაკი ოქროს ჯავარდენი ეპყრა ხელთ დაბადებისას. პეგასოსი გაფრინდა, დატოვა მიწა, ჯოგებისა და ფარების მშობელი, უკვდავთ ეახლა და ზევსის სახლში ბინადრობს. ჭექა-ქუხილი და მეხი მიაქვს მას ბრძენ ზევსთან. ხოლო ქრისაორი ტრფობით შეერთო კალიროეს, დიდებული ოკეანოსის ასულს, და შვა სამთავიანი გერიონი. გერიონი საკუთარ ტაატით მავალ ნახირთან ახლოს ჰერაკლეს ძალამ გამოასალმა სიცოცხლეს ზღვით გარემოცულ ერითეაზე იმ დღეს, როდესაც მას ოკეანოსის დინება გადაელახა და თავის ფართოშუბლა ხარ-ძროხას მიერეკებოდა წმინდა ტირინსისკენ. ჰერაკლემ ორთოსიც და მენახირე ევრიტიონიც მოკლა ბნელ ახორში, დიდებული ოკეანოსის გადაღმა.

კეტომ ღრმა ეხში შვა კიდევ ერთი, მოურეველი ურჩხული, რომელიც არაფრით ჰგავს არც მოკვდავ ადამიანებს და არც უკვდავ ღმერთებს: მრისხანე ღმერთქალი ექიდნა – ღვთიური მიწის წიაღში მობინადრე ნახევრად თვალჟუჟუნა, ლამაზღაწვება ნიმფა, ნახევრად კი უზარმაზარი, საშინელი, დიდი, ბზინვარეპერანგიანი და უმი ხორცის მჭამელი გველი. მიწის წიაღქვეშ, ამოტეხილ კლდეში აქვს მას მღვიმე უკვდავ ღმერთთა და მოკვდავ კაცთაგან შორს. აქ გამოუყვეს მას ღმერთებმა საბინადროდ დიდებული სამყოფლო. მიწის ქვეშ, არიმაში დარაჯად დგას ულმობელი ექიდნა – ეს უკვდავი, მარად უბერებელი ნიმფა.

ამბობენ, რომ საზარელი, კადნიერი, ბიწიერი ტიფონი შეერთო სიყვარულით ამ თვალჟუჟუნა ასულს. დაორსულდა ექიდნა და მრისხანე შვილები დაბადა. თავდაპირველად შვა მან ორთოსი, გერიონის ძაღლი, შემდეგ დაბადა მოურეველი, ზარდამცემი, უმი ხორცის მჭამელი კერბეროსი – მჭექარეხმიანი, ორმოცდაათთავიანი, შეუბრალებელი, ღონიერი ძაღლი ჰადესისა. ამის შემდეგ ექიდნამ შვა ლერნეს ავგული ჰიდრა, რომელიც თეთრმკლავება ჰერამ გამოკვება, როდესაც ძალგულოვან ჰერაკლეზე უზომოდ იყო განრისხებული. ჰიდრა, მონადავლე ათენას ნებით, ზევსის ვაჟმა, ამფიტრიონის სახლეულის წევრმა ჰერაკლემ მოკლა ბრძოლისმოყვარე იოლაოსთან ერთად თავისი უწყალო ხმლით. ჰიდრამ შვა უქრობი ცეცხლის მფრქვეველი, საზარელი, დიდი, ფეხმარდი და ძლიერი ქიმერა, რომელსაც სამი კეტომ ღრმა ეხში შვა კიდევ ერთი, მოურეველი ურჩხული, რომელიც არაფრით ჰგავს არც მოკვდავ ადამიანებს და არც უკვდავ ღმერთებს: მრისხანე ღმერთქალი ექიდნა – ღვთიური მიწის წიაღში მობინადრე ნახევრად თვალჟუჟუნა, ლამაზღაწვება ნიმფა, ნახევრად კი უზარმაზარი, საშინელი, დიდი, ბზინვარეპერანგიანი და უმი ხორცის მჭამელი გველი. მიწის წიაღქვეშ, ამოტეხილ კლდეში აქვს მას მღვიმე უკვდავ ღმერთთა და მოკვდავ კაცთაგან შორს. აქ გამოუყვეს მას ღმერთებმა საბინადროდ დიდებული სამყოფლო. მიწის ქვეშ, არიმაში დარაჯად დგას ულმობელი ექიდნა – ეს უკვდავი, მარად უბერებელი ნიმფა.

თავი ჰქონდა: ერთი – თვალებმოგიზგიზე ლომის, მეორე – თხის, მესამე – ძლიერი გველეშაპის. შესაბამისად, სხეულის წინა ნაწილი ქიმერას ლომისა ჰქონდა, უკანა – გველეშაპის, ხოლო შუა – თხის და ბრიალა ცეცხლს აფრქვევდა საშინელი ძალით. მოგვიანებით იგი პეგასოსმა და ქველმა ბელეროფონტესმა განგმირეს. თუმც მანამდე ქიმერა მოიხიბლა ორთოსით და მისგან შვა კადმეელთა შემმუსვრელი, დამღუპველი სფინქსი და ნემეის ლომი, რომელიც ზევსის სახელოვანმა მეუღლემ, ჰერამ გაზარდა და ადამიანთა სასჯელად ნემეის სერებზე მიუჩინა ადგილი. აქ ბინადრობდა იგი, მუსრს ავლებდა კაცთა მოდგმას, დაეპატრონა ნემეის ტრეტოსს და აპესასს, მაგრამ ჰერაკლეს ძალის სიდიადემ განგმირა ბოლოს. კეტო სიყვარულით შეერთო ფორკისს და შვა საკუთარ შვილთა შორის უმრწემესი საზარელი გველი, რომელიც ვრცელ საზღვრებთან, ლეგა მიწის იდუმალ ადგილას იცავს ოქროს ვაშლებს. აი, ეს მოდგმა იშვა კეტოსა და ფორკისისაგან[1][2][3][4][5].

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ურანოსი