ურსულა კრებერ ლე გუინი

ურსულა ლე გუინი (21 ოქტომბერი, 1929 — 22 იანვარი, 2018) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზი ჟანრის ავტორი, ჰიუგოს, ნებულასა და ლოკუსის პრემიების ლაურეატი, 2003 წელს მიენიჭა სამეცნიერო ფანტასტიკის გროსმაისტერის წოდება.

ციტატები

რედაქტირება
 
ამოცნობა შეკითხვებისა, რომელთაც პასუხი არ გააჩნია და ამ შეკითხვებზე პასუხის არ გაცემა ერთობ საჭირო უნარია მღელვარებისა და წყვდიადის ჟამს.

ჰაინის ციკლი

რედაქტირება

წყვდიადის მარცხენა ხელი

რედაქტირება
ნიკა სამუშიას თარგმანი, წიგნები ბათუმში, 2015 წელი
  • ჩემი მოხსენება თხრობითი ხასიათისა იქნება, რადგან ჯერ კიდევ ბავშვობისას მშობლიურ პლანეტაზე მასწავლეს, რომ ჭეშმარიტება წარმოსახვის საკითხია. ყველაზე უდავო ფაქტის დამაჯერებლობა ან დაუჯერებლობაც კი თხრობის სტილზეა დამოკიდებული. ფაქტები რაღაცით მარგალიტებს ჰგავს, რომლებიც, შეიძლება, ერთი ქალის ყელზე გაცოცხლდნენ და ძალიან გაბრწყინდნენ, მეორისაზე კი – გამკრთალდნენ და ჩაქრნენ. ფაქტები მარგალიტებზე მყარი, თანმიმდევრული ან ნამდვილი როდია, მაგრამ ორივე ფაქიზი და დელიკატური რამაა. ეს მხოლოდ ჩემი ამბავი არაა, არც მხოლოდ მე ვყვები, სიმართლე ითქვას, არც კი ვიცი, ვისი ამბავია, განსჯა თქვენთვის მომინდია. თუმცა ერთი მთლიანი ამბავია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ფაქტები ურთიერთსაწინააღმდეგო მოგეჩვენებათ, ამბავს კი სხვადასხვა ვერსია აქვს. მათ შორის უკეთესი თქვენ თვითონ აირჩიეთ; მხოლოდ ამას ვიტყვი: არაფერი არ არის გამოგონილი და ყველა ვერსია, არსებითად, ერთსა და იმავეს მოგვითხრობს.
    • თავი 1, „აღლუმი ერჰენრანგში“
  • პატრიოტიზმში სიყვარულს კი არა, შიშს ვგულისხმობ. უცხოს შიშს. პატრიოტიზმს პოლიტიკური გამოვლინებები აქვს და არა პოეტური: სიძლვილი, მტრობა, აგრესია. ეს შიში ჩვენში ბუდობს და თანდათან ძლიერდება.
    • თავი 1, „აღლუმი ერჰენრანგში“
  • —ჰანდარის მიმდევრებს პასუხი არ გვჭირდება. ძნელია, მაგრამ პასუხებისთვის თავის არიდებას ვცდილობთ.
    —ფაქს, მგონი, ვერ ვხვდები.
    —იცით, სიმაგრეში იმისთის მოვდივართ, რომ ვისწავლოთ, რომელი შეკითხვა არ უნდა დავსვათ.
    —კი, მაგრამ, თქვენ ხომ მოპასუხეები ხართ!
    —ჯერ კიდევ ვერ ხვდები, გენრი, რატომ დავხვეწეთ ჩვენი უნარი და რისთვის ვწინასწარმეტყველებთ?
    —ვერა...
    —არასწორად დასმული შეკითხვის პასუხის ცოდნის უსარგებლობის საჩვენებლად.
    • თავი 5, „წინათგრძნობის მოშინაურება“
  • უცნობს, განუჭვრეტელს, დაუდასტურებელს — აი, რას ემყარება სიცოცხლე. უმეცრება აზროვნების საფუძველია. დაუმტკიცებლობა მოქმედების საფუძველია. ღმერთის არარსებობის დამტკიცება რომ შეიძლებოდეს, რელიგია აღარ იარსებებდა. თუმცა ღმერთის არსებობის დამტკიცება რომც შეიძლებოდეს, რელიგია მაინც არ იარსებებდა.
    • თავი 5, „წინათგრძნობის მოშინაურება“
 
სინათლე წყვდიადის მარცხენა ხელია,
ხოლო წყვდიადი – მარჯვენა სინათლის.
სიკვდილ-სიცოცხლე – ორივე ერთია,
ვით კემერინგნი, ერთად დაწოლილნი,
ვითარცა ხელები გადაჭდობილნი,
ვით დასასრული და გზა იქამდის.
  • ადამიანებს მხოლოდ მუმდივი, აუტანელი გაურკვევლობა გვაცოცხლებს, არცოდნა იმისა, შემდეგ რა მოხდება.
    • თავი 5, „წინათგრძნობის მოშინაურება“
  • აქ ნებისმიერი შეიძლება გახდეს ქალი ან კაცი. ამის შეიძლება მოულოდნელი ფსიქოლოგიური შედეგები ჰქონდეს. რაკი ჩვიდმეტიდან ოცდათხუთმეტი წლის ასაკამდე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება „მშობიარობით შეიბორკოს“, გეთენზე არავინაა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იმდენად „შებორკილი“, როგორც სხვა პლანეტაზე მცხოვრები ქალები არიან. უფლება-მოვალეობებს თანბრად ინაწილებენ; ყველას უწევს ერთი და იმავე არჩევანის გაკეთება და რისკის გაწევა. შესაბამისად, აქ, განსხვავებით სხვა პლანეტებისგან, არავინაა დაუოჯახებელი მამაკაცივით თავისუფალი.
    • თავი 7, „სქესობრივი საკითხი“
  • კაცს სურს, მის კაცურობას პატივი სცენ, ხოლო ქალს სურს, მისი ქალურობა დააფასონ – თუნდაც ფარული და არაპირდაპირი მინიშნებებით. ზამთარზე კაცურობა და ქალურობა არ არსებობს. აქ ადამიანს მისი ადამიანობის მიხედვით სჯიან და აფასებენ.
    • თავი 7, „სქესობრივი საკითხი“
  • ათეისტობა ღმერთის შენარჩუნებას ნიშნავს. მტკიცებულებების თვალსაზრისით, ღმერთის არსებობისა და არარსებობის შესაძლებლობა დაახლოებით ტოლია. ამიტომ ჰანდარატები სიტყვა „მტკიცებულებას“ იშვიათად იყენებენ. ისინი ღმერთს ფაქტად არ მიიჩნევენ, მისი ნამდვილობა რომ ამტკიცონ ან ირწმუნონ: ამით მათ წრე გაარღვიეს და გათავისუფლდნენ.
    ამოცნობა შეკითხვებისა, რომელთაც პასუხი არ გააჩნია და ამ შეკითხვებზე პასუხის არ გაცემა ერთობ საჭირო უნარია მღელვარებისა და წყვდიადის ჟამს.
    • თავი 11, „საუბრები საკუთარ თავთან მიშნორში“
  • პირველ დესპანს ახალ სამყაროში ყოველთვის მარტოს გზავნიან. ერთი უცხოპლანეტელი ცნობისმოყვარეობას ნიშნავს, ორი – შემოსევას.
    • თავი 15, „მყინვარისკენ“
  • „ორგორეინი მძულს? არა, რას ამბობთ! როგორ შეიძლება ადამიანს რომელიმე ქვეყანა სძულდეს ან უყვარდეს? მე ვიცნობ ხალხს, ქალაქებს, ფერმებს, მთა-გორებსა და მინდორ-ველებს, ვიცი, როგორ ეფარება შემოდგომის მზე გორას, ყანებს მიღმა; მაგრამ რა აზრი აქვს ამ ყველაფრის შემოსაზღვრას და მისთვის სახელის დარქმევას, ხოლო იმ ადგილის შეძულებას, რომელსაც სხვა სახელი ჰქვია? ნუთუ სამშობლოს სიყვარული სხვათა სამშობლოს სიძულვილს ნიშნავს? მაშინ ეს ცუდი რამ ყოფილა. იქნებ მხოლოდ თავკერძობაა? ეს კარგია, მაგრამ თავკერძობა დადებით თვისებად არ უნდა გაასაღო და არც პროფესიად გაიხადო.. რადგან სიცოცხლე მიყვარს, მიყვარს ესტრეს დომენის მთა-გორებიც, მაგრამ ჩემს სიყვარულს საზღვარი არ აქვს.
    • თავი 15, „მყინვარისკენ“
  • სინათლე წყვდიადის მარცხენა ხელია,
    ხოლო წყვდიადი – მარჯვენა სინათლის.
    სიკვდილ-სიცოცხლე – ორივე ერთია,
    ვით კემერინგნი, ერთად დაწოლილნი,
    ვითარცა ხელები გადაჭდობილნი,
    ვით დასასრული და გზა იქამდის.
    • თავი 16, „დრამნერსა და დრემეგოლს“

განპყრობილები

რედაქტირება
ქეთი ჩართოლანის თარგმანი, წიგნები ბათუმში, 2018 წელი
  • ყველა კედლის მსგავსად, ისიც ორაზროვანი, ორპირი იყო. ის, თუ რა მოექცეოდა მის შიგნით და რა — მის გარეთ, იმაზე იყო დამოკიდებული, თავად რომელ მხარეს დადგებოდი. ერთი მხრიდან რომ შეგეხედა, კედელი სამოცაკრიან უნაყოფო მდელოს ერტყმოდა. ამ მდელოს ანარრესის პორტად მოიხსენიებდნენ. [...] სინამდვილეში, ის საკარანტინოდ გამოიყენებოდა. კედელი არა მხოლოდ დასაფრენ მოედანს ერტყმოდა, არამედ — კოსმოსიდან ჩამოსულ ხომალდებსაც; და იმ სამყაროებსაც, საიდანაც ეს ადამიანები ჩამოდიოდნენ; და სხვა სამყაროებსაც; კედელი მსოფლიოს ალყაში აქცევდა და ანარრესს გარეთ, თავისუფლებაზე ტოვებდა.
    • თავი 1, ანარრესი — ურრასი (გვ.7)
  • იყო მთლიანი, ნიშნავს იყო ნაწილი.
    ჭეშმარიტი მოგზაურობა დაბრუნებაშია.
    • თავი 3, ურრასი (გვ.100)
  • არა კაცი იმსახურებს სასჯელს, არა კაცი იმსახურებს ჯილდოს. განძარცვეთ თქვენი გონი დამსახურების იდეისგან, გამომუშავების იდეისგან, და ოდენ მაშინ იწყებთ ფიქრს.
    • თავი 12, ანარრესი (გვ.407)
  • ანარრესზე უსაფრთხოებისთვის არ ჩამოვსულვართ, თავისუფლებისთვის ჩამოვედით. თუ ჩვენ ერთმანეთს ყველაფერში დავეთანხმებით, ყველა ერთად ვიმუშავებთ, მანქანისგან არაფერი განგვასხვავებს. თუ ინდივიდს არ შეუძლია თავის ამხანაგებთან სოლიდარულად მუშაობა, მისი მოვალეობაა, რომ მარტომ იმუშაოს. ეს მოვალეობაცაა და უფლებაც. ადამიანები ამ უფლებისგან განვძარცვეთ. სულ უფრო და უფრო ხშირად ვიმეორებთ, შენ სხვებთან ერთად უნდა იმუშაო, შენ უმრავლესობის წესს უნდა დაემორჩილოო. მაგრამ ნებისმიერი წესი ხომ ტირანიაა. ინდივიდის მოვალეობაა, რომ წესს არ დაემორჩილოს, რომ თავად გადაწყვიტოს, რომ პასუხისმგებლობით იცხოვროს. მხოლოდ ასე მოქმედების შედეგად გადაგრძობს ცხოვრებას საზოგადოება; მხოლოდ ამგვარად შეეძლება მას შეცვლა, ადაპტაცია და გადარჩენა. ჩვენ კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოს ქვეშევრდომები კი არ ვართ, რევოლუციაზე დაფუძნებული საზოგადოების წევრები ვართ. რევოლუცია ჩვენი ვალდებულებაა, ჩვენი ევოლუციის ერთადერთი შესაძლებლობა. „რევოლუცია ან ინდივიდუალურ სულში, ან არსად არაა. ის ან ყველასთვისაა, ან — არავისთვის. თუ მასში საბოლოო მიზანი დაისახება, ის ჭეშმარიტად არც არასოდეს დაიწყება.“ ჩვენ აქ ვერ გავჩერდებით, წინ უნდა წავიდეთ, უნდა გავრისკოთ.
    • თავი 12, ანარრესი (გვ.408)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება