შხამით აღსავსე ფიალა
ამ ქვეყნად იგი ვით ლანდი, კარის-კარ დაწრიალებდა ხელთ ეპყრა მუხის ფანდური, ხმა ტკბილად აწკრიალებდა
მის საოცნებო ჰანგებში, ვითარცა სხივი მზიური ისმოდა თვითონ სიმართლე და სიყვარული ციური
ბევრს აუძგერა იმა ხმამ, გული - ქვად გადაქცეული ბევრს გაუნათლა გონება, ბნელ-უკუნეთად ქცეული
მაგრამ, დიდების მაგიერ, სად ჩანგმა გაიწკრიალა განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა, შხამით აღვსილი ფიალა
და უთხრეს:,, შესვი წყეულო, ეგ არის შენი ხვედრიო შენი არ გვინდა სიმართლე, არც ეგ ციური ხმებიო...
1895წ. სოსელო