მარტის მამალი
მარტის მამალი (1991)
რედაქტირება"მარტის მამალი" - ოთარ ჭილაძის 1991 წლის რომანი.
ადამიანი სიბნელიდან მოდის და სიბნელეში ქრება. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
სიცოცხლე, ხანგრძლივიცა და ხანმოკლეც, სიკვდილთან შეჩვევაა და მეტი არაფერი. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ყველაზე დიდი შიში ისაა, რომელსაც ვეღარ გრძნობ. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ასეთია ბუნება კაცისა, ასეა ცხოვრება მოწყობილი: თითქოს სწვდები საწადელს, ცოლს შეირთავ, შვილს გააჩენ, ჰა და ჰა, თითქოს უნდა გაგიმართლდეს ნაოცნებარი და სწორედ მაშინ შემართავს ხოლმე ბედისწერა უროს. ის კი, ადამიანი, მაინც იბრძვის, მაინც წვალობს, მაინც ფუტფუტებს ოცნების ნამსხვრევებში და ხელახლა აჩიტებს, ხელახლა აფრთიანებს ახალ ოცნებას, ერთხელ კიდევ რომ გაიწბილოს თავი. ამას ჰქვია ცხოვრება, ასე დაგვეკვება ღმერთისგან და ამის შეცვლა არ შეიძლება, რადგან ცხოვრება ან არის, ან არ არის, მისი შეცვლა მის მოსპობას ნიშნავს, ანუ, სიკვდილს, არაფერს. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს... ყველაფერი სულერთია შენთვის. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ადამიანმა თუ არ იჩქარა, თუ დღესვე არ მიიღო დღეს მისაღები, ხვალ გვიან იქნება და ისეთივე ხელცარიელი, გულცარიელი და თავცარიელი გაბრუნდება უკანვე, მოუსვლელში, ჯანდაბაში, როგორიც იქიდან მოვიდა. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
არყოფნა მაშინ იწყება, როცა დედის ხმას დაივიწყებ, დაკარგავ, ანდა, როცა დედის ხმა თავისი ნებით და სურვილით წავა შენგან. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
უნდილი კაცის ცოლობაზე დიდი სასჯელი ჯერ არ მოუგონია ღმერთს ქალისთვის. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ, სული იგივე სინდისია. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ადამიანი ბევრი რაღაცის ჯამია და ვერაფერზე იტყვის უარს, თუმცა, უარი შეიძლება თქვას, მაგრამ მოშორებით ვეღარ მოიშორებს, რაც გაჩენის დღიდან გადახდენია თავს, რაც შეუძენია თუ შეუძენინებიათ, რაც ჩაუდენია თუ ჩაუდენინებიათ - გუშინდელმა ისევე უნდა აგოს პასუხი დღევანდელზე, როგორც დღევანდელმა - გუშინდელზე, ორივემ ერთად კი - ხვალინდელზე. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
შიშის დაძლევა და ტკივილის მოთმენაა სწორედ ვაჟკაცობა, თორემ, არაფრის შიში თუ არა გაქვს და არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია, არც ადამიანი ყოფილხარ და, აქედან გამომდინარე, არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, გულადი იქნები თუ მხდალი. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთვარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ქალი მაშინაა ბედნიერი, როცა ქმარ-შვილის ქვეშევრდომია. იმიტომ რომ, ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია. რომ გიყვარს, იმიტომ ემსახურები და არა იმიტომ, ქალის ხვედრი როა ასეთი, როგორც ზოგიერთები ამბობენ. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
კაცი ჯერ თავს უკვდება, მაგრამ საბოლოოდ, სამუდამოდ მაშინ კვდება, როცა ყველა დაივიწყებს, როცა ყველასთვის სულერთია, მკვდარია თუ ცოცხალი. მკვდარს თუ გამხსენებელი ჰყავს, თავისი მომავალიც აქვს. გამხსენებელთან ერთად გადადის ხვალინდელ დღეში. ყველაზე მწარე სიკვდილი, სწორედ, უმომავლო სიკვდილია. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ადამიანის ფიქრი და ოცნება მოითხოვს სივრცეს და არა თავად ადამიანი. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ადამიანი განუწყვეტლივ ირჩევს რაღაცას, მაგრამ იმდენად მერყევია მისი ბუნება, ისე მალე ეცვლება აზრი, შეხედულება თუ სურვილი - ბოლოს აღარაფერი შერჩება ხოლმე ხელში. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
დამთავრდა, გაუქმდა და გაუფასურდა ყველაფერი, რითაც აქამდე სულდგმულობდით, რაზეც აქამდე თვალი და ხელი მიგიწვდებოდათ და რასაც აქამდე საერთოდ არ ედო თქვენთვის ფასი. ამიტომაც არ გაგაჩნია არაფერი საკუთარი, უპოვარი ხარ, ის ერთი ბეწო ადგილიღა ადასტურებს შენს არსებობას, გაურკვევლობის წყვდიადში რომ გიკავია და უსასრულო, უკიდეგანო სამყაროს ტოლფარდია შენთვის, რადგან თავისუფლად ეტევა ზედ მთელი შენი ცხოვრება, ყველაფერი, რაც შენიანებს, შენიანად, დღემდე გადახდენიათ და ჯერ კიდევ უნდა გადახდეთ თავს - ისაა ერთადერთი დასაშვები და სასურველი ადგილი, სადაც ყოველ წუთას მზადა ხარ ნებისმიერ უბედურებასთან საბრძოლველად და სადაც, მიუხედავად ყველაფრისა, ანდა, სწორედ ყველაფრის გამო, შემაძრწუნებლადა ხარ ბედნიერი, და თუკი იმას მაინც შეგინარჩუნებენ, მადლობელი იქნები, დიდი მადლობელი იქნები ბედისა, ქვეყნისა, ხალხისა, ყველასი და ყველაფრისა - ჯერჯერობით, ეს შეგიძლია მხოლოდ, მარადიული მადლობის თვალაუწვდენელ, დამაყრუებლად მოგუგუნე კოცონს შეემატო, შეეკეთო ფიჩხივით, ნაფოტივით. ამიტომ, უსიტყვოდ უნდა მიიღო, რასაც ცხოვრება გიწყალობებს, თვალდახუჭულმა უნდა მიიღო, რადგან მაინც ვერ აუქცევ გვერდს იმას, რაც არ გსიამოვნებს და მაინც ვერ მიეახლები იმას, რაც გსურს. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
მახსოვრობა იგივე სასჯელია, ბუნებისგან დადგენილი, უვიცობისთვის, უმეცრებისთვის, მიუხვედრელობისთვის. ხოლო, თუ გაწყრა ღმერთი და დაივიწყა, ეს უკვე საყოველთაო უბედურების ნიშანია და, პირველ რიგში, ადამიანის გადაგვარების მაუწყებელი. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ხალხისაგან განსხვავებით, სიცოცხლის შენარჩუნებაზე მეტად, იმაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა, ადამიანად შობილი, ადამიანადვე რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან. ხალხი თუ სიცოცხლეს ინახავს, როგორც ნაცარი - ნაღვერდალს, ადამიანი სიცოცხლის აზრს, ანუ, იმ ნაღვერდალში ჩაბუდებულ ცეცხლს განასახიერებს, ალივით. ამიტომ, არაფერი არ უნდა დათმოს, რაც მის ადამიანობას ადასტურებს და რისი შენარჩუნებაც, ენით აუწერელი ტანჯვის საფასურად შეუძლია მხოლოდ. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
რაც გიყვარს, სიყვარულის გამო უნდა გიყვარდეს მხოლოდ და რაც გძულს, ისიც სიყვარულის გამო უნდა გძულდეს. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.